ახალი ამბები

ინფექციური: COVID შემთხვევების მატების პიკი შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი

5 ივლისი, 2022 • 827
ინფექციური: COVID შემთხვევების მატების პიკი შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი

ინფექციური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება.

კერძოდ, კლინიკის განცხადებით, თუ ადრე დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 100-მდე ახალი შემთხვევა, ახლა უკვე ფიქსირდება 600-700 ახალი შემთხვევა. განცხადებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში.

გამომდინარე იქიდან, რომ წინ ზაფხული და აქტიური ტურისტული სეზონია, ინფექციური საავადმყოფოს განცხადებით, COVID შემთხვევების მატების პიკი შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი.

კლინიკაში აცხადებენ, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად მოქალაქეები ფხიზლად უნდა იყვნენ და გააგრძელონ ვაქცინაცია:

„თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი კარგი COVID ეპიდსიტუაცია, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური COVID ვაქცინაცია ბუსტერ დოზების ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები აღარ გვავალდებულებს, ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში.

მაშინაც კი, თუ COVID შემთხვევების ზრდას თავიდან ვერ ავიცილებთ, განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სიკვდილიანობა დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე. ამისთვის კი აუცილებელია შემდეგი: ომიკრონის შტამით გამოწვეული COVID-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისგან, ამიტომ აუცილებელია, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩავიტაროთ COVID ტესტირება (უფასოა) და COVID-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები.

ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და, მით უმეტეს, არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა. მინდა კატეგორიულად ვურჩიო ყველა COVID კლინიკას და „ონლაინ“ კლინიკას, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ რემდესივირი და/ან პაქსლოვიდი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლეს“, – აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი