ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა, კურიოზული შემთხვევაა – ცერცვაძე

20 აგვისტო, 2020 • 4266
ჯანდაცვის სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა, კურიოზული შემთხვევაა – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სასამართლოში უჩივლა ინფექციურ საავადმყოფოს.

ცერცვაძის თანახმად, საჩივარი 2020 წლის თებერვლით თარიღდება და ეფუძნება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მომზადებული დასკვნას საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონასთან დაკავშირებით.

„კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღანელის თანახმად, არაერთი წელია, კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს  და სთხოვს, დაეხმაროს „გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაში“:

„მხედველობაში მაქვს საჭირო სახსრების გამოყოფა. ჩვენი მოთხოვნები გადაუდებელი სამუშოებისთვის საჭირო სახსრების შესახებ იყო მინიმალური, ძალიან მცირე სახსრები იყო საჭირო, შედარებით მცირე, სადღაც 300 000 ლარის ფარგლებში. თვითონ სამინისტროს რეგულირების სამსახურმა ჩვენი მიმართვების საფუძველზე, ორჯერ შეამოწმა ჩვენთან არსებული სიტუაცია, ერთხელ, იანვარ-თებერვალში, მეორედ- 22 ივნისს, და დაადასტურა ის ვითარება, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება აუცილებელია“, – თქვა მან.

ამასთან, ცერცვაძე აცხადებს, რომ საავადმყოფომ 20 აგვისტოდან შეწყვიტა აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სტაციონარულად მკურნალობა, რის მიზეზადაც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ პირობების არარსებობას ასახელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი