ახალი ამბები

დაიღუპა ბელორუსელი კაცი, რომელსაც აქციისას თავში ესროლეს: TUT.BY

19 აგვისტო, 2020 • 875
დაიღუპა ბელორუსელი კაცი, რომელსაც აქციისას თავში ესროლეს: TUT.BY

ბელორუსის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებისას კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა დაადასტურა. 43 წლის გენადი შუტოვი მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს, 19 აგვისტოს გარდაიცვალა. ის ქალაქ ბრესტიდან იყო.

ბელორუსში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაპორტალის, TUT.BY-ს თანახმად, შუტოვს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ქალაქ ბრესტში ლუკაშენკოს წინააღმდეგ დემონსტრაციისას თავში ესროლეს.

გამოცემის ინფორმაციით, კაცის ნათესავები მოწმეზე დაყრდნობით ამბობენ, რომ შუტოვი პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევდა და არც კონფლიქტში მონაწილეობდა: ის უბრალოდ გადაადგილდებოდა. ვარაუდობენ, რომ სროლა მისი მისამართით სახურავიდან განხორციელდა.

“ნათესავები გენადი შუტოვს ორი დღის მანძილზე ვერ პოულობდნენ. გაირკვა, რომ პირველად ბრესტის რეგიონულ ჰოსპიტალში მოათავსეს, შემდეგ კი ვერტმფრენით გადაიყვანეს მინსკში. მისმა ქალიშვილმა TUT.BY-ს უთხრა, რომ მამამისს ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა, დაზიანებული იყო ტვინი და ექიმები ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ.

გამოცემის თანახმად, შუტოვი დღეს, 19 აგვისტოს, ადილობრივი დროით 10:20 საათზე დაიღუპა.

მანამდე, პოლიცია იუწყებოდა, რომ სამართალდამცავებმა ბრესტში 11 აგვისტოს მიმდინარე აქციაზე ცეცხლი გახსნეს, რათა დაეცვათ თავი “აგრესიულ მოქალაქეთა ჯგუფისგან არმატურებით ხელში”. პოლიციამ მაშინ ერთი ადამიანის დაჭრა დაადასტურა, თუმცა უცნობია, იყო თუ არა ის გენადი შუტოვი.


ბელორუსში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით პროტესტი 10 დღეა, გრძელდება. ამავდროულად, გაფიცვას აგრძელებენ არაერთი ქარხნის მუშები და სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი.

ყველაზე მასშტაბური აქციები მინსკსა და სხვა ქალაქებში 16 აგვისტოს გაიმართა. 17 აგვისტოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიჩნეულმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელმაც თქვა, რომ მზადაა, გახდეს ეროვნული ლიდერი.

ტიხანოვსკაია ამჟამად ვილნიუსში იმყოფება. თანაგუნდელების თქმით, მას ქვეყნა იძულებითა და ზეწოლით დაატოვებინეს.

პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.  გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან.  დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.

ბელორუსის არჩევნების შედეგებს ევროკავშირის ქვეყნები და დასავლეთის სხვა რამდენიმე სახელმწიფო არ აღიარებენ.

მიმდინარე პერიოდში ლუკაშენკო მინიმუმ ორჯერ ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსს სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინოს.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.

ცვლილებების მომხრენი უმრავლესობაში ვართ – ტიხანოვსკაია მშვიდობიანი აქციების მოწოდებით გამოდის

მასალების გადაბეჭდვის წესი