საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. 19-21 ოქტომბერს ავტოგასამართი სადგურების ნაწილში 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება კიდევ 5-7 თეთრით გაძვირდა. ვისოლის შემდეგ 5-ლარიან ნიშნულს დიზელის ფასმა გალფის ქსელშიც გადააჭარბა.
ბრენდირებულ ქსელში ყველაზე იაფიანი რეგულარი ტიპის ბენზინის ფასი ₾4.08-ს უთანაბრდება, პრემიუმის- ₾4.39-ს, სუპერის- ₾4.64-ს, დიზელის კი 5 ლარს აჭარბებს.
ბოლო ერთ წელიწადში ბენზინი საშუალოდ 37%-ით , დიზელი კი 65%-ითა გაძვირებული. თანხობრივად ეს ₾1.17-იან და ₾1.96-იან გაძვირებას უდრის. თუ შედარებას 2012 წლის სექტემბერთან გავაკეთებთ, მაშინ ბენზინი საშუალოდ 95%-ით, ხოლო დიზელი 123%-ით იქნება გაძვირებული, რაც თავის მხრივ თანხობრივად ₾2.14-იან და ₾2.76-იან ფასის ზრდას ნიშნავს.
2012 წლის სექტემბერში ავტომობილის ავზში 44 ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ჩასხმა 100 ლარად იყო შესაძლებელი, 2025 წლის ოქტომბერში- 32 ლიტრის, 2026 წლის ოქტომბერში კი- 23 ლიტრის. რაც შეეხება დიზელს, 2012 წელს 43 ლიტრის შეძენისთვის 100 ლარი იყო საკმარისი, 2025 წელს- 33 ლიტრისთვის, 2026 წელს კი -20 ლიტრზე ნაკლებისთვის.
100 ლარის სამყოფი საწვავი
წყარო: ვისოლი
საწვავის მკვეთრი გლობალური გაძვირება მარტიდან დაიწყო, რისი მიზეზიც გახდა 28 თებერვლიდან დაწყებული აშშ-ისრაელის კოალიციის მიერ ირანთან დაწყებული ომი. აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტის კრიზისი დღემდე გრძელდება, რასაც იემენში ჰუსიტების გააქტიურებაც ემატება. სანავთობო ტანკერთა მოძრაობა ბაბ ელ მანდების სრუტეშიც შემცირებულია.
ნედლი ნავთობის ფასის გარდა, დამატებით გაზრდილია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ გამოტანილი მზა პროდუქტისა და ტრანსპორტირების ღირებულებაც.
საცალო ფასზე დამატებით გავლენას რუსეთ-უკრაინის ომიც ახდენს. დრონებით დაბომბილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გამო, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი შეზღუდა, რამაც საქართველოში შედარებით იაფინი რესურსის იმპორტი შეამცირა.
საქართველოს მაგალითზე 14-წლიან პერიოდში ფასზე დამატებითი გავლენა EURO 5-ის სტანდარტზე გადასვლამ და აქციზის გაორმაგებამ (დიზელის შემთხვევაში 167%-ით) ზრდამაც იქონია. აქციზი, მასზე დარიცხულ დღგ-ს ჩათვლით, 1 ლიტრ დიზელს 39-ით, 1 ლიტრ ბენზინს კი 44 თეთრით აძვირებს, მთავრობა მის დროებით გაუქმებას ან განახევრებას არ განიხილავს.
სპეციფიკის გათვალისწინებით, საწვავის ფასის ზრდა ჯაჭვური რეაქციით სხვა პროდუქტებსაც აძვირებს. მგზავრობის გარდა ძვირდება ტრანსპორტირებაც. გარდა ამისა, აგროტექნიკა (ტრაქტორები, კომბაინები) ძირითადად დიზელზე მუშაობას, რის გამოც დიზელის გაძვირება აგროსასურსათო პროდუქციის გაძვირების წინაპირობა ხდება.
