ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის საქმეთა დროებით რწმუნებულს საპროტესტო ნოტა გადასცა, რაც, უწყების განცხადებით, სომხური მხარის „ბოლოდროინდელ არამეგობრულ ქმედებებს“ უკავშირდება.

სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 5 მაისს უწყებაში დაიბარეს სომხეთის დროებითი რწმუნებული არტურ სარგსიანი, სადაც მას მკვეთრი პროტესტი გამოუცხადეს და შესაბამისი დიპლომატიური ნოტა გადასცეს.

მანამდე ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, რუსლან ვარანკოვმა განაცხადა, რომ მინსკი არ დაუშვებს სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მითითებებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. მისი კომენტარი უკავშირდებოდა სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის განცხადებას, რომელმაც წინასაარჩევნო კონტექსტში აღნიშნა, რომ სომხეთი „არ გადაიქცევა გუბერნიად და არ იმართება ბელარუსის მაგალითით“.

ვარანკოვის თქმით, ბელარუსი არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც თავად განსაზღვრავს მოკავშირეობრივ ურთიერთობებს რუსეთითან და ამ თანამშრომლობით ამაყობს. მან ასევე აღნიშნა, რომ მინსკის „შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩათრევის მცდელობა“ და მსგავსი განცხადებები უხეშად არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს.

ბელარუსის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი რიტორიკა მიუღებელია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება.