ახალი ამბებიხელოვნება

მოზაიკა საქართველოში – ისტორიული მემკვიდრეობა თუ საბჭოთა სიმბოლიკა 

19 აგვისტო, 2020 • 4686
მოზაიკა საქართველოში – ისტორიული მემკვიდრეობა თუ საბჭოთა სიმბოლიკა 

საბჭოთა კავშირის დროინდელი მოზაიკის ნაცვლად შენობის მფლობელმა დაცვის სამსახურის ჯიხურის შესასვლელი კარი დააყენა. რა არის ქვეყნისთვის ეს მოზიკა – კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობა, თუ საბჭო სიმბოლიკა? როგორ უნდა მოვექცეთ მას? 

შემთხვევა, რომელმაც ეს საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში, ახლახან მოხდა თბილისში. 

ჩამონგრეული მოზაიკა

გიორგი ჭყონდიდელის 56 ნომერში მდებარე შენობა, რომელზეც  საბჭოთა კავშირის დროინდელი მოზაიკის ნაწილი კარი შეცვალეს, სააქციო საზოგადოება “ანა ჯგუფს” ეკუთვნის. კომპანიის  იურისტი გიორგი უსუფაშვილი მოზაიკის ნაწილის განადგურებაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან მოზაიკა არ წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, შენობა კი, რომელზეც მოზაიკაა განთავსებული, საჭიროებდა რეკონსტრუქციას.  

“ამ შენობას ჰქონდა ბზარები და აუცილებელი იყო მისი შეკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოინგრეოდა, ამიტომ სხვა გზა არ გვქონდა. ამასთან, ამ ნაწილს არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, ამიტომ ჩვენ არავითარი კანონი არ დაგვირღვევია, დაკავშირებითაც არავინ დაგვკავშირებია, რომ ეს მოზაიკა რაიმე ღირებულების მატარებელი იყო. მით უმეტეს, რომ ეს საბჭოთა სიმბოლიკას გამომხატველია”, – განმარტა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ საქართველოში მოზაიკის თემატიკაზე მომუშავე მკვლევრებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდის მოზაიკას ისტორიის ნაწილად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მათი განადგურება მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ თავიდან.

როგორც ქართული მოზაიკის განვითარების და მხარდაჭერის ფონდის “რიბირაბო” თანამდაფუძნებელმა, ნატალია ამირეჯიბმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, აღნიშნული მოზაიკა გასული საუკუნის 80-იან წლებშია გაკეთებული და მას დიდი მხატვრული ღირებულება აქვს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოზაიკების უდიდეს ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს, მისი დაზიანების შემდეგ აღდგენა შესაძლოა ვეღარც მოხერხდეს:

“იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოგვინდება ამ ნაწილის აღდგენა, არ ვიცი რა იქნება იმიტომ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. ეს მოზაიკა ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშია და მისი ასე დაზიანება მიუღებელია. ამასთან, ამ კარის გაკეთება ისეც იყო შესაძლებელი, რომ ეს მოზაიკა არ დაეზიანებინათ. მისი აღდეგნის ერთადერთი გზა არის მეპატრონის სურვილი და შესაბამისი უწყებების თანხმობაა, რის შემდეგაც ჩვენ მზად ვართ დაზიანებული ნაწილის რესტრავრაცია მოვახდინოთ”, – განაცხადა ამირეჯიბმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო თბილისის მუნიციპალური სამსახურის დეპარტამენტმა. როგორც უწყებაში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, მოკვლევა დაწყებულია არა მოზაიკის დაზიანების საკითხზე, არამედ იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა კომპანიას აღნიშნული კარის გამოჭრის ნებართვა.

“მიმდინარეობს არქივიდან მასალების გამოთხოვა და, შესაბამისად, მოხდება საინვენტარიზაციო გეგმებისა და გაცემული ნებართვების შესაბამისობის შესწავლა. ვინაიდან შენობა – ნაგებობა დაახლოებით 3 ჰექტარ ფართობს იკავებს, აღნიშნულის გათვალისწინებით მოკვლევის ვადა გადის საქმის წარმოების განსაკუთრებულ შემთხვევებში, რომლის ვადები კანონმდებლობით გასზაღვრულია და ითვალისწინებს ორ თვეს. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია არქივიდან გამოთხოვილი საბუთების მიღებისთანავე მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოახდენს შესწავლას”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” მუნიციპალურ სამსახურში.

საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი მოზაიკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, ნაწილი განადგურების პირასაა, ნაწილი კი უკვე აღარ არსებობს. მოზაიკების დიდ ნაწილს არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ნამუშევრები ან დროსთან ერთად, ან კონკრეტული ინდივიდების ჩარევის შედეგად ნადგურდება. 

საქართველოში მოზაიკები ძირითადად ავტობუსის გაჩერებებზე, ქალაქების და სოფლების შესასვლელებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საბჭოთა დროს აშენებული ქარხნების ფასადებზე გვხვდება. ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაა, ნაწილი კი კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია, რომლებსაც  უფლება აქვთ, საკუთარი ტერიტორია სურვილისამებრ მოაწყონ, თუ მოზაიკას ძეგლის სტატუსი არა აქვს. 

“რიბირაბოს” თანადამფუძნებლიი ამბობს, რომ  თანამშრომლებთან ერთად თითოეული მოზაიკის გადასარჩენად ცალ-ცალკე მიმართავს შესაბამის უწყებებს, მათი თანხმობის შემთხვევაში კი ფონდი მოზაიკების რეაბილიტაციაზე თავად ზრუნავს.

ისტორიული მემკვიდრეობა

საქართველოში მოზაიკების უძველესი ნიმუშებია შემორჩენილი, თუმცა ხელოვნების ეს მიმართულება განსაკუთრებით აქტუალური გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გახდა. როგორც „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, მოზაიკა საბჭოთა კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამჟამად კი მას ისტორიული დატვირთვა აქვს.

მისი თქმით, საქართველოში შექმნილი მოზაიკების ნაწილი საბჭოთა პროპაგანდის გადმოსაცემადაა შექმნილი, თუმცა ეს პროპაგანდა ძირითადად სოციალური ცხოვრების ამსახველია და იმ პერიოდის ერთგვარი მემატიანეა:

“საქართველოში გაკეთებული მოზაიკების უდიდესი ნაწილი იმ დროის ცხოვრების წესის პროპაგანდისთვისაა შექმნილი და ნაკლებად გვხვდება საბჭოთა სიმბოლიკის გამომხატველი ნამუშევრები. თუმცა ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში ამ პროპაგანდას არავითარი დატვირთვა არ აქვს. არ მგონია, რომ დღეს საბჭოთა მოზაიკამ ვინმეზე შესაძლო გავლენა მოახდინოს, რადგან ის, რის პროპაგანდასაც შეიძლება გადმოსცემდნენ ეს ნამუშევრები, უკვე აღარ არსებობს. ისტორიულ კონტექსტში კი მნიშვნელოვანია მისი არსებობა”, – განმარტა ხვადაგიანმა.

ხვადაგიანის თქმით, საზოგადოების ნაწილისთვის შესაძლოა მიუღებელი იყოს საბჭოთა სიმბოლიკის გამომხატველი მოზაიკები, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათ კონტექსტს განვუმარტავთ, დიდი ალბათობით მათი პოზიციაც შეიძლება შეიცვალოს:

“მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ გუდაურის და ყაზბეგის გზაზე მდებარე მოზაიკა, რომელიც თავისი შინაარსით სრულად “გეორგიევსკის ტრაქტატის” 200 წლის თავს ეძღვნება და საქართველოსა და რუსეთის მეგობრობას ასახავს, ვიღაცებისთვის გამაღიზიანებელია, თუმცა მისი კულტურული ღირებულება მაინც მაღალია. იყო საუბარი მის განადგურებაზეც, მაგრამ საბოლოოდ, მისი ღირებულებიდან გამომდინარე, მოზაიკის შენარჩუნება და აღდგენაც მოხდა”, – განმარტა ხვადაგიანმა.

ხვადაგიანის მსგავსად, მოზაიკების, როგორც საბჭოთა ხელოვნების ნიმუშების, შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრობს მკვლევარი ნინი ფალავანდიშვილიც, რომელმაც დაახლოებით 10 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მოზაიკა მოიძია და ფოტოებზე აღბეჭდა.

“საბჭოთა კავშირში უამრავი რამ შეიქმნა, რაც ღირებულად ითვლება. თუ მოზაიკებს ჩამოვშლით იმ ლოგიკით, რომ ეს საბჭოთა დროინდელია და მისი პროპაგანდის გამტარია, მაშინ ყველაფერი უნდა დავანგრიოთ, წიგნები გადავყაროთ, მუსიკალური ნაწარმოებები გავანადგუროთ, რაც მაშინ შეიქმნა. ამ ისტორიის ასე ამოშლა არასწორია იმიტომ, რომ ჩვენ, გვინდა -არ გვინდა, ამის ნაწილი ვიყავით, ამას უნდა გავუსწოროთ თვალი და უბრალოდ გადავიაზროთ ეს პერიოდი. ნამუშევრების წაშლა კი არაფერს მოგვცემს”, – განმარტა ფალავანდიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული მოზაიკის განადგურება არა მისი პროპაგანდისტული, საბჭოთა დატვირთვიდან გამომდინარე ხდება, არამედ ნამუშევრები ნადგურდება დროსთან ერთად, ან მას კონკრეტული ინდივიდები, სხვადასხვა მიზნით, ხშირად კი სრულიად უმიზეზოდაც, აზიანებენ. ფალავანდიშვილის თქმით, ეს ბუნებრივია, რადგან მათ უმეტეს ნაწილს არ აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაც ინდივიდებს მისი შენარჩუნების პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს:

“ერთეულ ადამიანებს ვერ მოვთხოვთ, რომ ხელოვნების მიმართ ჰქონდეთ ასეთი სათუთი დამოკიდებულება, მაგრამ თუ სახელმწიფო პოლიტიკა იქნება განსაზღვრული და თუ დადგინდება, რომ ამ დროის მოზაიკა არის ხელოვნების ნიმუში და ისტორიის ნაწილი და ის უნდა შევინარჩუნოთ, მაშინ ინდივიდებს არ ექნებათ იმის საშუალება, რომ გაანადგურონ ეს ნამუშევრები. ამასთან, ეს უნდა იყოს ძალიან მკვეთრი პოზიცია, რომელიც უნდა ჩაიწეროს პოლიტიკურ დოკუმენტებში, რომ მისი დაზიანება არ შეიძლება”, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ფალავანდიშვილის თქმით, ამ მხრივ სახელმწიფოს დაინტერესება დაბალია, რაც მათ განადგურებას უწყობს ხელს:

“არაერთხელ მივმართეთ სხვადასხვა უწყებებს კონკრეტული ნამუშევრების შესახებ, რომ ისინი ნადგურდებოდა და სჭირდებოდა რეაბილიტაცია და გაფრთხილება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ისინი არ ინტერესდებიან ამ საკითხით, არ გვპასუხობენ წერილებზე და განცხადებებზე”, – ამბობს ფალავანადიშვილი.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიჭებასა და მათ შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, რომლის დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ისინი აქტიურად მუშაობენ და ცდილობენ, შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება მეტი ნამუშევარი მოიცვან:

“არსებობს უამრავი მოზაიკა, რომელიც ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია, სახელმწიფოს პოლიტიკა კი არის მათ შენარჩუნებაზე ზრუნვა. ამისი ბრწყინვალე მაგალითია ბათუმში “რვაფეხას” მოზაიკა, რომლის განადგურებაც სურდათ, თუმცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის შესანარჩუნებლად, დღეს კი მას კულტურურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს”, – განმარტა გაფრინდაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, მოზაიკების შენარჩუნების საკითხში მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის როლიც, რომელთა ჩართულობითაც უწყება იღებს ინფორმაციას ამა თუ იმ ნამუშევრის შესახებ, შემდეგ კი მათ შენარჩუნებაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზრუნავს. თუმცა, როგორც გაფრინდაშვილი განმარტავს, ეს არ ნიშნავს, რომ სააგენტო “მხოლოდ სამოქალაქო სექტორის იმედზეა”.

კონკრეტული ნამუშევრისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს კულტურული მემკვიდრეობის ურბანული სექციის საბჭო განსაზღვრავს. გაფრინდაშვილის თქმით, ისინი წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე, თუმცა ასეთი ნამუშევრების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე ამ დრომდე ყველა მათგანის შესწავლა და მათთვის შესაბამისი სტატუსი მინიჭება ვერ მოხერხდა:

“სახელმწიფო ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ამ დრომდე უამრავი ისტორიული ნამუშევარია გადარჩენილი. ამიტომ იმის თქმა, რომ კონკრეტული ნამუშევარი საბჭოთა კავშირის დროს არის შექმნილი და მას ღირებულება არ გააჩნია, ან უნდა გავანადგუროთ, არ არის სწორი”, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

გაფრინდაშვილის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს არაერთ მოზაიკას, მათ შორის ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს მოზაიკები კონკრეტული შენობის ფრაგმენტებია და მთლიანად ამ შენობას ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც. თუმცა, კონკრეტულად რამდენ და რომელ მოზაიკას აქვს მინიჭებული ეს სტატუსი, გაფრინდაშვილმა სატელეფონო საუბრისას ვერ გაიხსენა, სააგენტოს პრეს-სამსახრუში კი გვითხრეს, რომ ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული.


გარეკანის ფოტო: მირიამ გრიგალაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი