პროკურატურამ ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთი ადამიანს ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ღამის საათებში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პ.გ-მა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და ყოველგვარი ხელის შემშლელი პირობების გარეშე, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დაეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მის უკან მდგომ ქვეითებს: მ.მ-ს, ე.ა-ს, რ.ა-ს, ა.მ-ს, ა. მ-ს, ე.ა-სა და ე.მ-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. სხვა დაშავებულები მოთავსებული არიან სამედიცინო დაწესებულებაში.
სამართალდამცველებმა პ.გ. 16 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) 18 აგვისტოს წარედგინა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.