ბორჯომი-ხაშურის ტრასაზე გუშინ ავარია მოხდა, რასაც 3 ადამიანის (ბებია, პაპა და შვილიშვილი), მათ შორის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამივე მათგანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში ცხოვრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“მთელი გულით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად ბორჯომის მუნიციპალიტეტს ამ უმძიმეს ტრაგედიას”, – წერს გიორგი ფერაძე.

გარდა ამისა, ავარიაში მოყვა მეორე ბავშვიც, რომელიც მძიმედ დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი.

qartli.ge-ის ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. როგორც ცნობილია, ქალაქი ბორჯომი და ზემოხსენებული ტრასა საერთაშორისო სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილია. ბორჯომის გავლით საქართველოდან სატვირთო ავტომობილები ორ მეზობელ ქვეყანაში თურქეთსა და სომხეთში გადიან. ამის გამო ბორჯომში ხშირია ტრაილერების მოძრაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის გამო გამოძიება მიმდინარეობს.