ახალი ამბები

რას შეცვლის ბელგიაში მიღებული გადაწყვეტილება ტრანსი ადამიანებისთვის საქართველოში

7 აგვისტო, 2020 • 2221
რას შეცვლის ბელგიაში მიღებული გადაწყვეტილება ტრანსი ადამიანებისთვის საქართველოში

საქართველოში გენდერის სამართლებრივი აღიარების მოთხოვნით სტრასბურგში გაგზავნილ საქმეზე გადაწყვეტილება, შესაძლოა, დაჩქარდეს. ერთ-ერთმა აპლიკანტმა – ტრანსგენდერმა კაცმა – რომელმაც პირადობის მოწმობაში გენდერის მარკერის (სქესის შესახებ ჩანაწერის) შეცვლა საქართველოში ვერ შეძლო, ეს დაუბრკოლებლად მოახერხა ბელგიაში.

აღნიშნულის შესახებ სარჩელის ავტორმა ორგანიზაციამ სტრასბურგს უკვე აცნობა, რითაც, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, დაჩქარდება გადაწყვეტილება საქართველოში მცხოვრები ტრანსი ადამიანების სასარგებლოდ.

 

ვინ და რა სახის სარჩელი მოამზადა 2017 წელს?

 

2017 წლის 10 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა“ (WISG) და „ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრის“(EHRAC) მიერ მომზადებული საქმე გაიგზავნა.

სტრასბურგს სარჩელით მიმართა ტრანსგენდერმა კაცმა საქართველოდან, რომელსაც გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებაზე) უარი უთხრეს. ეს იყო მეორე შემთხვევა: პირველი ტრანსგენდერი ადამიანის საქმე სტრასბურგის სასამართლოში 2017 წლის პირველ აგვისტოს გაიგზავნა.

ჩანაწერის ცვლილებაზე უარი რეესტრმა დაასაბუთა იმით, რომ აპლიკანტს არ წარმოუდგენია ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რომლის თანახმადაც ნამდვილად ჰქონდა “სქესი შეცვლილი”. სააგენტოს გადაწყვეტილება აპლიკანტმა გაასაჩივრა სასამართლოში, მაგრამ ორი ინსტანციის სასამართლომ სააგენტოს მოთხოვნა კანონიერად მიიჩნია, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის თებერვალში დაუშვებლად ცნო მისი საჩივარი.

“საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს არც სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების და არც სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების საკითხებს და სრულ სამართლებრივ ვაკუუმში აქცევს ქვეყანაში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტრანსგენდერ ადამიანებს ავალდებულებს ჩაიტარონ არასასურველი და ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურები, რათა მათი სქესის შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში”, – აღნიშნავდა მაშინ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”.

იმავე წელს, სარჩელების სტრასბურგში გაგზავნამდე ცოტა ხნით ადრე, სტრასბურგმა ე.წ. ფრანგულ საქმეზე A.P., Garçon and Nicot v. France გამოიტანა დასკვნა, რომლის თანახმად, გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაა.

შესაბამისად, აპლიკანტები აღნიშნული მუხლით ედავებიან საქართველოს სახელმწიფოს, რასაც ერთვის არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა (მუხლი 3) და დისკრიმინაციის აკრძალვა (მუხლი 14).

 

რა მოხდა შემდეგ?

 

სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნიდნ რამდენიმე თვეში ერთ-ერთმა აპლიკანტმა საქართველო დატოვა და ბელგიას თავშესაფარი სთხოვა. მან ლტოლვილის სტატუსი 2019 წელს მიიღო. “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ტრანსგენდერ ადამიანებთან მიმართებით საკანონმდებლო ბაზის არარსებობა ქვეყანაში თემის წევრთა გასაჭირის ერთ-ერთი მიზეზია, თუმცა, არა – ერთადერთი:

“ძალიან ბევრ ფაქტორის გამო მომიწია ჩემი მიწა-წყლის დატოვება. სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციისა და კანონის არარსებობამ დიდი პრობლემები შემიქმნა. კანონის არსებობაც რომ არა, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან სურვილიც კი ვერ დავინახე, რომ რაიმე ეცადათ და შეეცვალათ. გამოდის, ჩვენნაირი მოქალაქეები რჩებიან ბედის ანაბარა საქართველოში”.

მისივე თქმით, ტრანსგენდერი ადამიანები თავიანთი იდენტობისა და სტიგმის გამო ელემენტარული სერვისების გარეშე რჩებიან, რაც მათ ცხოვრებას მეტად ართულებს.

“არასათანადო სამედიცინო მომსახურება, მუდმივი პრობლემები რიგითი პოლიციელისგან, რომელიც რიგით შემოწმებას ატარებს თავის უბანზე… არა განათლება, არა პროფესიული წინსვლა, არა დასაქმება…

ის სერვისები, რითიც სარგებლობს რიგითი მოქალაქე, ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, საოცნებო ხდება. აქედან გამომდინარე იწყება ყველა დანარჩენი პრობლემა: როდესაც სახელმწიფოს არ აინტერესებ, საზოგადოებაც ძალიან ცუდად არის განწყობილი. და ასე მარტივად, ჯაჭვისებრი რეაქციით ინგრევა ჩვენი ცხოვრება”, – აცხადებს ის.

აპლიკანტი “თავიდან დაბადებას” უწოდებს განცდას, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს ევროპის ქვეყნებში დამკვიდრების შემდგომ ეუფლებათ. მისი თქმით, ამ დროს აანალიზებენ, რომ თანასწორი უფლებები აქვთ და ბევრად მარტივია, თუნდაც, გენდერის მარკერის შეცვლა პირადობის მოწმობაში. 

მართლაც, ის, რის გამოც თავის ქვეყანაში ჯერ ყველა ინსტანციის გავლა, შემდგომ კი ევროსასამართლოსთვის მიმართვა დასჭირდა, სულ ადვილად მიიღო ბელგიაში: თავშესაფრის მიღებიდან მარტამდე სულ 3-ჯერ იყო მისული ქალაქის მერიაში, რათა ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომ გადაწყვეტილება არ შეუცვლია. სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლიდან რამდენიმე თვეში პირადობის ახალი მოწმობაც აიღო. 

“ევროპის ქვეყნებში ძალიან მარტივი ცხოვრების ფორმულაა, ადამიანი არის მოქალაქე, ის მუშაობს, იხდის გადასახადებს და მნიშვნელობა არ აქვს მის გენდერს”, – ამბობს ის.

 

ბიძგი სტრასბურგის გადაწყვეტილების დაჩქარებისთვის

 

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში”, რომელიც აწარმოებს ზემოთ ხსენებული აპლიკანტის საქმეს, ფიქრობენ, რომ საზღვარგარეთ შეცვლილი გენდერის მარკერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დააჩქარებს. 

“ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ, რომ ჩვენი აპლიკანტების მდგომარეობა შეაფასონ როგორც არაადამიანური მოპყრობა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა. აპლიკანტის გენდერის მარკერის ცვლილების შესახებ უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია სასამართლოს და ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო დააჩქარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი სახელმწიფოს მოუწევს აღიაროს გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის არარსებობა პრობლემად და სასწრაფოდ შექმნას სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევის მოთხოვნას ჩანაწერის ცვლილებისთვის”, – აღნიშნავს ქეთი ბახტაძე, ორგანიზაციის იურისტი, “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული პრაქტიკა უხეშად ლახავს ტრანსი ადამიანების უფლებებს და  სრულიად შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან.

“შედეგად, ტრანსი ადამიანები ვერ აღწევენ ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერის ცვლილებას და ყოველდღიურად ხდებიან დისკრიმინაციული, ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი მათი გენდერული იდენტობის საფუძველზე”, – აღნიშნავს იურისტი.

სტრასბურგის სასამართლო, ჯამში, საქართველოდან 3 ტრანსგენდერი ადამიანის საქმეს განიხილავს, რომელთაც გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარი უთხრეს. ორი საქმე ზემოთ უკვე ვახსენეთ, მესამე მათგანი კი ევროპულ სასამართლოში გასული წლის ოქტომბერში გაიგზავნა. მოსარჩელე ტრანსგენდერი კაცი ნიკოლო ღვინიაშვილია. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად იცავს.


გენდერის სამართლებრივი აღიარება ერთ-ერთია იმ პორბლემათაგან, რომელთაც ტრანსი ადამიანები სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით აწყდებიან. ისინი ასევე ვერ სარგებლობენ ხარისხიანი სამედიცინო სერვისით, რადგან შესაბამისი პროტოკოლი არ არსებობს.

თემის წევრები და შესაბამისი ორგანიზაციები, ერთი მხრივ, ექიმების არაპროფესიონალიზმზე ჩივიან, მეორე მხრივ კი, შესაბამისი ინსტრუქციების არარსებობაზე, რომლებითაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ტრანს ადამიანებთან მიმართებით უნდა იხელმძღვანელონ.

როცა სამედიცინო პროტოკოლი არ არსებობს – ტრანსი ადამიანები ბიუროკრატიისა და არაპროფესიონალიზმის პირისპირ

მასალების გადაბეჭდვის წესი