საზოგადოება

ცნობილია სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოდან ტრანსგენდერი კაცების სარჩელზე

1 დეკემბერი, 2022 • 1884
ცნობილია სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოდან ტრანსგენდერი კაცების სარჩელზე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა საქართველოში გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე.

სასამართლომ საქართველოს მოქალაქე 3 მოსარჩელის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-8 მუხლის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, დარღვევა დაადგინა.

ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ იყო საჭიროება, ემსჯელა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევაზე.

მოსარჩელეები და გადაწყვეტილება

სტრასბურგის სასამართლოში სამი სხვადასხვა სარჩელი იყო შეტანილი ამ საკითხზე.

ორი მოსარჩელის ინტერესებს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) წარმოადგენდა, ერთისას კი – „საქართველოს იურისტთა ასოციაცია“ (საია).

სამივე მოსარჩელის ინტერესებს ასევე იცავდა ბრიტანული ორგანიზაცია „ევროპული ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრი (EHRAC).

სასამართლომ აღნიშნული სამი საქმე გააერთიანა და ერთიანად განიხილა.

სამივე მოსარჩელე ტრანსგენდერი კაცია. ორი მათგანის ვინაობა საჯარო არ არის (მათი ინიციალებია ა. დ. და ა.კ.), მესამე კი არის ცნობილი ქვიარ უფლებათა აქტივისტი, ნიკო ღვინიაშვილი (ბარტ ნიკოლო).

ევროსასამართლომ სახელმწიფო დაავალდებულა, სამივე აპლიკანტს გადაუხადოს 2000 ევრო, ხოლო მესამე მოსარჩელეს – დამატებით 9812 ევრო.

საქმის დეტალები

მას შემდეგ, რაც აპლიკანტებმა მიიღეს სამედიცინო ცნობები, რომლის თანახმადაც მათი „დიაგნოზი იყო გენდერული იდენტობის დისფორია – ტრანსსექსუალიზმი“, მიმართეს სახელმწიფო ორგანოებს, რათა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერში ცვლილება შეეტანათ.

თუმცა ამაზე უარი მიიღეს – სახელმწიფო ამ ცვლილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანს დოკუმენტებში, თუკი მოქალაქე წარადგენს ცნობას სამედიცინო დაწესებულებიდან, რომ მას ქირურგიული ოპერაციას აქვს ჩატარებული. თუმცა, ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ მსგავს მოთხოვნას კანონისმიერი საფუძველი არ აქვს.

მოსარჩელეები ასევე დავობდნენ, რომ ეს პრაქტიკა, ერთი მხრივ, მომჩივანთა პირადი ცხოვრების პატივისცემისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის უფლებებს არღვევს, მეორე მხრივ კი, ტრანსგენდერ ადამიანებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვა ჯგუფებთან მიმართებით.

საია-ს იურისტის, თათო ონიანის განცხადებით, „ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს შემთხვევაში არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ცხადად განუმარტავს ადამიანს, თუ რა წინაპირობებს უნდა მიმართოს მან გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის“:

„სახელმწიფომ ვერც ეროვნულ და ვერც საერთაშორისო დონეზე ამგვარ საკანონმდებლო ბაზაზე ვერ მიუთითა, რის გამოც დადგინდა მე-8 მუხლის დარღვევა, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის დარღვევა“, – განმარტავს იურისტი.

ქეთი ბახტაძე, WISG-ის იურისტი, აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ქვიარ უფლებათა დამცველი სათემო ორგანიზაციებისათვის წინგადადგმული ნაბიჯია:

„ის, რასაც წლების განმავლობაში, ვუმტკიცებდით იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნულ სასამართლოებს, – რომ საქართველოში არსებული კანონი არ არის გენდერის სამართლებრივი აღიარების კანონი, ის არსებული ჩანაწერები და საკანონმდებლო სიცარიელე, რაც საქართველოში არსებობს, გენდერის სამართლებრივ აღიარებას, გენდერული იდენტობის სამართლებრივ კონტექსტში განხილვას საერთოდ უგულებელყოფს, – გაიმეორა სტრასბურგის სასამართლომ“, – განაცხადა მან.

სასამართლოს გადაწყვეტილების საია-სეული წაკითხვით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ „წინამდებარე საქმეში მთავარი პრობლემა ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, როგორია რეალურად საქართველოში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის სამართლებრივი რეჟიმი“.

„კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა კანონმდებლობაში არსებობს დებულება, რომლითაც ნებადართულია პირის სქესის/სქესის ნიშნის შეცვლა სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერებში (სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 78-ე მუხლის „ზ“ პუნქტი), კანონი დუმს იმ მოთხოვნებთან და წინაპირობებთან დაკავშირებით (მათ შორის, სამედიცინო სახის), რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ განხორციელდეს გენდერის სამართლებრივი აღიარება“. იქვე, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა არის სახელმწიფოს და ეროვნული სასამართლოების მხრიდან პასუხგაუცემელი კითხვა: რა სამედიცინო პროცედურების ჩატარება იყო საჭირო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის“, – წერს ორგანიზაცია.

როგორც საია წერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის არ იყო ცალსახა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, სქესის შეცვლა უნდა შეფასებულიყო „ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური ან/და ანატომიური კრიტერიუმებით,“ იმის ფონზე, რომ ამის შესახებ საკანონმდებლო განმარტებები არ არსებობს.

„სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ტერმინების გამოყენება დიდ სიფრთხილესა და სიზუსტეს მოითხოვს, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მაგალითად, თუ სქესის ცვლილება ბიოლოგიურ კრიტერიუმით უნდა შეფასდეს, მაშინ, ვერასოდეს იქნება შესაძლებელი სამართლებრივად გენდერის აღიარება/ცვლილება, რადგან გენეტიკური სქესი სამედიცინო სახით ცვლილებას არ ექვემდებარება“, – წერს ორგანიზაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საია-ს თქმით, სასამართლომ დაასკვნა, რომ „მკაფიო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობა უტოვებს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებებს, რაც თვითნებური გადაწყვეტილებების საფრთხეს ქმნის გენდერის სამართლებრივი აღიარების თაობაზე განცხადებების განხილვას“.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი