ახალი ამბები

როცა სამედიცინო პროტოკოლი არ არსებობს – ტრანსი ადამიანები ბიუროკრატიისა და არაპროფესიონალიზმის პირისპირ

11 ივნისი, 2020 • 2879
როცა სამედიცინო პროტოკოლი არ არსებობს – ტრანსი ადამიანები ბიუროკრატიისა და არაპროფესიონალიზმის პირისპირ

ტრანსი ადამიანები საქართველოში ვერ სარგებლობენ ხარისხიანი სამედიცინო სერვისით, რადგან შესაბამისი პროტოკოლი არ არსებობს – ამბობს სახალხო დამცველი 5 ტრანსგენდერი ადამიანის საჩივრის განხილვისას და სახელმწიფოს ზოგადი წინადადებით მიმართავს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს მოაწესრიგებს.

მანამდე, თემის წევრები და შესაბამისი ორგანიზაციები, ერთი მხრივ, ექიმების არაპროფესიონალიზმზე ჩივიან, მეორე მხრივ კი, შესაბამისი ინსტრუქციების არარსებობაზე, რომლებითაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ტრანს ადამიანებთან მიმართებით უნდა იხელმძღვანელონ.

5-მა ტრანსმა ადამიანმა სახალხო დამცველს 2017-18 წლებში მიმართა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური კომისიისგან, მათი აზრით, დაუსაბუთებელი უარი მიიღეს დიაგნოსტიკური პროცედურების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც ჰორმონალურ თერაპიას უძღვის წინ. მათი აზრით, ეს გადაწყვეტილება გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციას წარმოადგენდა. ომბუდსმენმა არ დაადგინა დისკრიმინაცია, თუმცა ჯანდაცვის უწყებას შემდეგი ზოგადი წინადადებით მიმართა:

“შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო დონეზე შეიმუშავებს ტრანსსპეციფიკურ სამედიცინო გაიდლაინებს და პროტოკოლებს, რომელთა არარსებობის პირობებში ტრანსი ადამიანები ვერ სარგებლობენ კონსტიტუციით გარანტირებული ხარისხიანი სამედიცინო სერვისის და ამგვარი სერვისის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე მიღების უფლებით”.

როგორც წესი, ტრანს ადამინები ბიოლოგიური სქესიდან რეალურ სქესამდე ცვლილების პროცესს მათ მიმართ მიმართვის ფორმების და გარეგნობის ცვლილებით იწყებენ. შემდგომი პროცესი შეიძლება მოიცავდეს ჰორმონალურ თერაპიას, რომლის ფარგლებშიც ტრანსგენდერი ქალი(ბიოლოგიური სქესით – მამრობითი) ქალის ჰორმონებს იღებს, რათა შეიცვალონ ფიზიკური ანატომია ისე, რომ დაემთხვეს მათ გენდერულ იდენტობას. ამის საპირისპიროდ, ტრანსგენდერი კაცი(ბიოლოგიური სქესით – მდედრობითი) კაცის ჰორმონების მიღებას იწყებს. ამ პროცესის საჭიროებას ტრანსი ადამიანების ნაწილი ხედავს, ნაწილი კი მის გარეშე, თავის სხეულშიც კომფორტულად გრძნობს თავს. თერაპიის დასაწყებად მსურველი ენდოკრინოლოგს აკითხავს – ის ამზადებს შესაბამის დასკვნასა და შემდგომ კურსს. ტრანზიცია ასევე ხშირად მოიცავს ლაპარაკის მანერის და ხმის ტემბრის შეცვლას.

ლანა ტრანსგენდერი ქალია, რომელიც ზემოხსენებულ განმცხადებელთა შორის იყო. სახელმწიფო დონეზე პროტოკოლის არარსებობის თანმდევ წინაღობებს მაშინ შეეჩეხა, როდესაც ჰორმონალური თერაპიის დაწყება გადაწყვიტა.

“ჰორმონალური თერაპია ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა. ამ დროს ხდება სხეულის ფორმების იმ მიმართულებით განვითარება და ფორმირება, რომელიც შეესაბამება ჩვენს გენდერულ იდენტობას.

ჰორმონალური თერაპია აუცილებელია, თუმცა არა ყველა ტრანსგენდერისთვის, რა თქმა უნდა. ზოგიერთი მათგანი მის გარეშეც მშვენივრად გრძნობს თავს თავის სხეულში და სხვა სახის ჩარევებს ანიჭებს უპირატესობას”, – უხსნის ლანა “ნეტგაზეთს”.

თავად იმთავითვე გრძნობდა თერაპიის საჭიროებას, თუმცა ამ პროცესს წინ უძღვის წინასწარი დიაგნოსტიკური კვლევა, რათა შეფასდეს ჰორმონალური ფონი ორგანიზმში – ქალისა და კაცის ჰორმონების თანაფარდობა. ამის შემდეგ ენდოკრინოლოგი ჰორმონების შესაბამის დოზებს ნიშნავს. ლანას შემთხვევაში, დაფინანსებაზე უარის გამო პროცესი რამდენიმე თვით შეფერხდა, თუმცა საბოლოოდ, თერაპიის დაწყება შეძლო.

“რეფერალურმა კომისიამ სრულიად დაუსაბუთებლად გვითხრა უარი. სულ ერთგვერდიანი გადაწყვეტილება იყო, სადაც ეწერა, რომ გვეთქვა უარი, თუმცა, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიღებისას, არ იყო ახსნილი”, – აღნიშნავს ის.

თუმცა დაფინანსების საკითხი მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელსაც ლანა თერაპიის დაწყებამდე გადააწყდა. ამბობს, რომ მაშინ, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდა, ღელავდა და დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მომუშავე სექსოლოგის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ მისი მდგომარეობა გააუარესა. ჰორმონალური თერაპიის დაწყებას სექსოლოგის დასკვნა არ სჭირდება: ლანამ მას მხოლოდ კოსულტაციებისთვის მიმართა.

“რომ შემამჩნია ამ ადამიანმა, რომ ვნერვიულობდი, უფრო შეძლო, გაემყარებინა თავისი პოზიცია, თითქოს სინამდვილეში, მე არ ვარ ტრანსგენდერი და ეს არის სხვა, მისი თქმით, პრობლემა. შეიძლება, გეი ან მეტროსექსუალი ხარო (კაცი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას). ადამიანმა იხელმძღვანელა ჩაცმულობითა და ვიზუალით.

ექიმმა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ გააჩნია ტრანს ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება, იმდენი უნდა იცოდეს, რომ ტრანსგენდერობა გენდერულ გამოხატვასთან, მით უმეტეს, ჩაცმულობასთან, საერთოდ არ არის კავშირში. ახლა რომ მივსულიყავი, ერთმნიშვნელოვნად მეტყოდა, ტრანსგენდერი ხარო”, – ამბობს ლანა.

მისი თქმით, რიგი გარემოებების ფონზე, თავდაპირველად დამძიმებული ჰქონდა მენტალური მდგომარეობა, ფიქრობდა სუიციდზეც. თუმცა ახლა, როცა ეს ეტაპები გადალახა, თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, ვიდრე უწინ: უახლოვდება ვიზუალს, რომელიც თავად სურს, ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუუმჯობესდა და მეტ პერსპექტივას ხედავს სამომავლოდ.

“არჩევანი არ მქონდა. ჰორმონები რომ არ დამეწყო, მაშინ ფსიქიკურად შევიშლებოდი. რაც დავიწყე ჰორმონები, შეიძლება, გადაჭარბებულად გამომდის, მაგრამ აღარც შფოთვა მაქვს, ფსიქოლოგიურად უფრო მშვიდად ვარ…

ქუჩაშიც აღარ არის ისეთი დაკვირვებები, ის რეაქციები, რაც იყო ადრე. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა მოგვარებული მაქვს. ჩემი სამსახურიც ყველანაირად მეხმარება განვითარებაში და მაგისტრატურაზე ჩაბარებასაც ვგეგმავ შემდეგ წელს”, – აცხადებს ის.

საქმეში, რომელიც სახალხო დამცველმა განიხილა, ტრანსგენდერ ადამიანებს “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” წარმოადგენდა. ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2016 წელს ჩატარებულ კვლევაში საუბრობს მედპერსონალის ცნობიერების სიმწირესთან დაკავშირებულ პრობლემებზე ლგბტ პაციენტების საჭიროებებთან დაკავშირებით.

WISG-ის თანახმად, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება განსაკუთრებით ირღვევა ტრანსგენდერთა შემთხვევაში, რაც შესაბამისი სახელმძღვანელო წესების არარსებობით არის განპირობებული. პრობლემებია მედპერსონალის ცნობიერების კუთხითაც: ტრანსგენდერის სწორი დეფინიციის შერჩევა 73.8%-მა შეძლო, 15.1% კი ფიქრობს, რომ ტრანსგენდერი ადამიანი “თავისუფალი სქესის მიმდევარია”.

ორგანიზაციის იურისტი ქეთი ბახტაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოსგან აღნიშნული პრობლემების აღიარების ნებაც არ არსებობს. მისი თქმით, ელემენტარული სახელმძღვანელო წესების არარსებობა ტრანსგენდერ ადამიანებს “ხელფეხშეკრულს” ტოვებს და იმის შესაძლებლობასაც უზღუდავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, უხარისხო სამედიცინო სერვისის გამო იჩივლოს.

“ყველას გვაქვს უფლება, ხელი მიგვიწვდებოდეს ხარისხიან ჯანდაცვაზე. რა არის ეს? ერთი მხრივ, ექიმი უნდა იყოს პროფესიონალი და თავის საქმე იცოდეს, მეორე მხრივ კი, მას უნდა ჰქონდეს გაიდლაინი ან პროტოკოლი. მე, როგორც ადამიანს, რომელიც გადავწყვეტ, რომ რაღაც სერვისით ვისარგებლო, ასევე უნდა შემეძლოს, რომ [საჭიროების შემთხვევაში] ეს გავასაჩივრო.

გასაჩივრება დღესაც შეიძლება, დღეს არსებულ სიტუაციაში, მაგრამ სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ვერაფერს შეადარებს ექიმის მიერ ჩატარებულ პროცედურას ან დანიშნულ წამლებს, ან ოპერაციას… პაციენტს არ აქვს არანაირი სამართლებრივი საშუალება იმისა, რომ სამედიცინო სერვისის მიღების შემდგომ, ამ სერვისის ხარისხის შეფასება მოითხოვოს. შესაბამისად, ტრანსი პაციენტები, რომლებიც ტრანზიციის პროცესში იღებენ გარკვეულ სამედიცინო სერვისებს, არიან ხელფეხშეკრული ხარისხის კონტროლის მიმართულებით”, – ეუბნება იურისტი “ნეტგაზეთს”.

პროტოკოლის არარსებობა ტრანსგენდერ ადამიანებს ინფორმირებული თანხმობის გაცემისგანაც ზღუდავს: ეს დოკუმენტია, რომელსაც  პაციენტი გასცემს ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე მას შემდეგ, რაც მას მიეწოდა ინფორმაცია.

“როცა არ არსებობს პროტოკოლი, ვერც ერთი ექიმი მიიღებს ჩემგან ინფორმირებულ თანხმობას. ეს შეუძლებელია, რადგან მას არ აქვს საშუალება, განმიმარტოს მე კონკრეტულად, რა შედეგებს მივიღებ კონკრეტული სამედიცინო მომსახურების შედეგად. არსად ეს არ უწერიათ”, – ამბობს ქეთი ბახტაძე.

იურისტი “ნეტგაზეთს” უხსნის, რომ ტრანსსპეფიციური სამედიცინო პროცედურების მიმართულებით მედპერსონალის რაოდენობა საქართველოში ძალიან მცირეა, თუმცა მათი ცოდნაც არაფორმალურ განათლებასა და მუშაობის პროცესში შეძენილ გამოცდილებას ემყარება.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა არაპროფესიონალიზმზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზიც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოს 2018 წელს ესტუმრა. ანგარიშში გაანალიზებულია ის დაბრკოლებები, რომლებიც ტრანს ადამიანებს ექმნებათ გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის არარსებობის პირობებში – მარტივად რომ ვთქვათ, მაშინ, როცა ტრანსგენდერ ადამიანს არ შეუძლია დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლა, თუ მას “სქესის შეცვლის” ოპერაცია არ აქვს გაკეთებული.

ექსპერტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ არსებობს პრაქტიკა, როდესაც ფსიქოლოგთა და სექსოლოგთა შეფასებებზე დაყდნობით, ქირურგები წყვეტენ, არის თუ არა პაციენტი “ჭეშმარიტი ტრანსსექსუალი” და ეს იმის მიხედვით ხდება, პაციენტს ერთი სქესიდან მეორე სქესზე გადასვლის(სქესის კვლავმინიჭები) პროცესის გავლა ნაწილობრივ სურს თუ სრულად. ეს მაშინ, როცა ტრანსსექსუალიზმი, როგორც დიაგნოზი, ფიზიკურად აღარ არსებობს: ის 2018 წელს ამოიღეს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ნუსხიდან.

“დამოუკიდებელი ექსპერტი უკიდურესად შეშფოთებულია მოცემულობით, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი მოთხოვნები უდევს საფუძვლად იმ მედიცინის პროფესიონალთა დისკრეციას, რომელთაც განათლების შესამჩნევი ნაკლებობა აქვთ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში.

მეტიც, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ქირურგიული ოპერაცია, რომლის შესახებ რეკომენდაცია „ჭეშმარიტი ტრანსსექსუალების“ მიმართ გაიცემა, იწვევს სავსებით არასაჭირო დასახიჩრებას, სტერილიზაციას, დიდ ტკივილსა და ტანჯვას”, – ნათქვამია ანგარიშში.

ზემოხსენებული საჩივრის განხილვის შემდეგ, სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა წინადადებით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურების კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომენდაციას და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტს. ომბუდსმენის თქმით, მასში გაწერილი უნდა იყოს როგორც  სამედიცინო და ეთიკური საკითხები, ასევე, პროცედურების წინმსწრები და შემდგომი პერიოდებისთვის პირის მხარდამჭერი ფსიქოლოგიური/სოციალური ასპექტები.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნის შემთხვევაში, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს როგორც ტრანსი ადამიანების, ისე საკითხით დაინტერესებული სხვა პირებისა თუ ორგანიზაციების ჩართულობა პროცესში.

მასალების გადაბეჭდვის წესი