ახალი ამბები

თბილისში ტრანსგენდერ ქალებს ჯგუფურად თავს დაესხნენ

16 ივნისი, 2022 • 1281
თბილისში ტრანსგენდერ ქალებს ჯგუფურად თავს დაესხნენ

თბილისში, გამთენიისას, რამდენიმე ტრანსგენდერ ქალს ჯგუფურად თავს დაესხნენ. ერთ-ერთი დაშავებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ეს მეორე შემთხვევაა ამ თვეში, როდესაც ტრანსგენდერ ქალებს თბილისში ჯგუფურად ესხმიან თავს.

როგორც ნეტგაზეთთან სოციალური მუშაკი, ირა სილანთევა ამბობს, ქალები ჰყვებიან, რომ მათთან დაახლოებით 10-15 ახალგაზრდა მივიდა, „რომლებმაც ქვები და არყის ბოთლები დაუშინეს“:

„ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა ქალმა ფიზიკური დაზიანება მიიღო და გადაიყვანეს ჰოსპიტალში. უფრო მძიმეა მისი ფსიქიკური მდგომარეობა მიღებული სტრესის გამო. ის კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გამოწერეს.

დაზარალებული ამბობს, რომ როდესაც თავდასხმა დაიწყო, გზაზე გავიდა რამდენიმე ტრანსგენდერი და მიმავალი პოლიციის მანქანის გაჩერებას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციის მანქანამ სიჩქარეს მოუმატა და რეაგირების გარეშე ჩაუარა“.

ქალებთან უკვე მუშაობს იურისტი ციალა რატიანი. მან გვითხრა, რომ შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნეტგაზეთს აცნობეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი