ახალი ამბები

წინასწარი გამოძიებით, ბეირუთის აფეთქების მიზეზი დაუდევრობაა: Reuters

5 აგვისტო, 2020 • 1274
წინასწარი გამოძიებით, ბეირუთის აფეთქების მიზეზი დაუდევრობაა: Reuters

წინასწარი გამოძიების თანახმად, ბეირუთში მომხდარი მძლავრი, დამანგრეველი აფეთქების მიზეზი დაუდევრობა გახდა. Reuters ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, სწორედ წლების მანძილზე პასუხისმგებელ პირთა მიერ გამოვლენილი უმოქმედობა გახდა ტრაგედიის მიზეზი, რომელმაც 100-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია და ასობით ათასი მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დატოვა.

პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა უკვე თქვეს, რომ პორტში მდებარე ნაგებობაში, სადაც აფეთქება მოხდა, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი – მძლავრი ასაფეთქებელი ნივთიერება – 6 წლის მანძილზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე იყო განთავსებული.

“ეს დაუდევრობაა”, – უთხრა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს. მისი თქმით, აფეთქებას წინ უძღოდა არაერთი დადგენილება მასალის უსაფრთხოდ შენახვის შესახებ,რიგი კომიტეტებისა თუ მოსამართლეთა მხრიდან, თუმცა მათ აღსასრულებლად არაფერი გაკეთებულა.

კიდევ ერთი წყაროს თქმით, გუნდმა, რომელმაც 6 თვის წინ ადგილზე ინსპექცია ჩაატარა, გასცა გაფრთხილება, რომ ნივთიერება “მთელ ბეირუთს ააფეთქებდა”, თუ მას არ გაანადგურებდნენ.

აფეთქებიდან მეორე დღეს ბეირუთის პორტის დირექტორმა და საბაჟოს უფროსმა თქვეს, რომ სასამართლო უწყებაში რამდენჯერმე გაგზავნეს წერილი საშიში მასალის ამოღების მოთხოვნით, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. პორტის გენერალური მენეჯერის თქმით, მასალა სასამართლოს განკარგულებით იყო დასაწყობებული. მისი თქმით, იცოდნენ, რომ აღნიშნული ნივთიერებები იყო საშიში, თუმცა “არა ამ დონეზე”.

Reuters-მა ნახა დოკუმენტებიც, რომლებითაც დასტურდება, რომ ლიბანის საბაჟო 2016 და 2017 წლებში მართლაც ითხოვდა სასამართლოსაგან მასალის რეექსპორტს ან გაყიდვას.

ამონიუმის ნიტრატის ზემოაღნიშნული მარაგი ბეირუთში 2013 წელს მოხვდა მას შემდეგ, რაც ლიბანის დედაქალაქის პორტში მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს. ის საქართველოდან, კერძოდ, ბათუმის პორტიდან, აღნიშნული ნივთიერებით დატვირთული გავიდა და მოზამბიკისკენ მიემართებოდა.

ბეირუთის პორტში გაჩერებისა და ტექნიკური ინსპექციის შემდეგ, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, გემს მოგზაურობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, მალევე კი ის მფლობელებმა მიატოვეს. როგორც Shiparrested.com წერს, ბორტზე ნივთიერების დატოვების თანმდევი რისკების ფონზე, ის ჩამოტვირთეს და პორტის საწყობებში განათავსეს.

ბათუმიდან გასულ ამ გემთან დაკავშირებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განმარტება 5 აგვისტოს გაავრცელა. სააგენტოში აცხადებენ, რომ მომხდართან  რაიმე ფორმით საქართველოს დაკავშირება საფუძველსაა მოკლუბული და ამონიუმის ნიტრატი, რომელიც აღნიშნულ გემს გადაჰქონდა, ყოველწლიურად დიდი რაოდენობით გადის საერთაშორისო ბაზარზე.

აფეთქების შედეგად უსახლკაროდ 300 000 ადამიანი დარჩა: ბეირუთის გუბერნატორი

მასალების გადაბეჭდვის წესი