ახალი ამბები

ბეირუთის ნაძვის ხეები პორტის აფეთქების მოტივებით[ფოტო]

26 დეკემბერი, 2020 • 1467
ბეირუთის ნაძვის ხეები პორტის აფეთქების მოტივებით[ფოტო]

ლიბანის დედაქალაქი შობას შეხვდა ნაძვის ხეებით, რომელთა დიზაინიც ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარ ძლიერ აფეთქებასთან არის დაკავშირებული. სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში, მოქალაქეებმა ერთი მხრივ, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, მეორე მხრივ კი ხაზი გაუსვეს ზიანს, რომელიც მომხდარმა ქალაქის არქიტექტურასა და კულტურულ მემკვიდრეობას მიაყენა.

ბეირუთის პორტთან, აფეთქების ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, დადგეს ნაძვის ხე, რომელიც ტრაგედიისას დაღუპულთა სახელებით არის გაწყობილი.

ნაძვის ხე ბეირუთში, აფეთქებისას დაღუპულთა სახელებით. ფოტო: The Associated Press

კიდევ ერთი ნაძვის ხე ბეირუთის პორტთან ლიბანის სამაშველო სამსახურის თაოსნობით დადგეს. მასზე მეხანძრე-მაშველების უნიფორმებია მიმაგრებული იმ მეხანძრეთა პატივსაცემად, რომლებიც აფეთქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.

ნაძვის ხე ბეირუთში, მეხანძრეთა უნიფორმებით. ფოტო: The Associated Press

ქალაქის ცენტრში, მოედანზე, რომელიც აფეთქებისას დაზიანდა, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღმართეს ნაძვის ხე, რომელიც ლიბანის ისტორიული არქიტექტურის ელემენტებით არის მორთული. ორგანიზაცია აფეთქებისას დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის აღსადგენად მუშაობს.

ნაძვის ხე ბეირუთში, არქიტექტურული ელემენტებით. ფოტო: The Associated Press

ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 6 000 კი – დაშავდა.

აფეთქებამ შეძრა მთელი ქალაქი: დაზიანდა მომხდარის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული შენობებიც, ახლომდებარე ნაგებობები კი მთლიანად დაინგრა. ქალაქის გუბერნატორის თანახმად, უსახლკაროდ დარჩა 300 000 ადამიანი.

ლიბანის მთავრობამ ტრაგედიის დღესვე თქვა, რომ პორტში მდებარე ნაგებობაში, სადაც აფეთქება მოხდა, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის მანძილზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე იყო განთავსებული. გამოძიებამ დაუდევრობის ვერსიაზე დაიწყო მუშაობა და 20-ზე მეტი პირი დააკავა.

აფეთქებას მოჰყვა ანტისამთავრობო გამოსვლები. მალევე, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი