ახალი ამბები

საზღვაო სააგენტოს განმარტება გემზე, რომელმაც ბათუმიდან ბეირუთში ამონიუმის ნიტრატი ჩაიტანა

5 აგვისტო, 2020 • 2317
საზღვაო სააგენტოს განმარტება გემზე, რომელმაც ბათუმიდან ბეირუთში ამონიუმის ნიტრატი ჩაიტანა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განმარტებას ავრცელებს გემზე, რომელმაც ბათუმიდან ბეირუთში ამონიუმის ნიტრატი ჩაიტანა. სააგენტოში აცხადებენ, რომ მომხდართან  რაიმე ფორმით საქართველოს დაკავშირება საფუძველსაა მოკლუბული და ამონიუმის ნიტრატი, რომელიც აღნიშნულ გემს გადაჰქონდა, ყოველწლიურად დიდი რაოდენობით გადის საერთაშორისო ბაზარზე.

უწყებაში ამბობენ, რომ ტვირთის გადაზიდვის, დამუშვების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა დ არა ექსპორტიორის. აღნიშნული ტვირთი კი საქართველოდან, მათი თქმით, 2013 წელს გაიგზავნა, ინციდენტი კი წელს მოხდა:

“ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამონიუმის ნიტრატი წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად დიდი მოცულობებით გადის საერთაშორისო ბაზრებზე და ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს”, – აცხადებენ სააგენტოში.

რაც შეეხება აღნიშნული ტვირთის ბეირუთში მოხვედრას, რომელთა აფეთქება, ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით, წლების განმავლობაში უსაფრთხოების წესების დარღვევით დასაწყობებამ გმაოიწვია, სააგენტოში აცხადებენ, რომ ტვირთი ბათუმიდან მოზამბიკში მიჰქონდათ, რა დროსაც ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციამ დააკავა:

“2013 წლის სექტემბერში ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის მიერ დაკავებული იქნა მოლდოვის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი „Rhosus“. მიწერის პორტი ჯურჯულეშტი, მოლდოვა. აღნიშნული გემი ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა).

ლიბანის ოფიციალური ხელისუფლების ინფორმაციით, გემის დაკავების შემდეგ გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გემი, ეკიპაჟი და ტვირთი მიატოვა ბეირუთის ნავსადგურში. ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით ტვირთი გადმოიტვირთა და დასაწყობდა ბეირუთის პორტში”, – აცხადებენ სააგენტოში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამონიუმის ნიტრატი წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და აღნიშნული პროდუქტი ყოველწლიურად გადის საერთაშორისო ბაზრებზე დიდი მოცულობებით და აღნიშნავენ, რომ 2020 წელს მხოლოდ ფოთის ნავსადგურიდან ექსპორტზე გავიდა 52037 ტონა:

“აღნიშნულ ინციდენტთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რამდენადაც ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს” ,- ამბობენ სააგენტოში.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაზე შემოწმება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო შემოწმებებით, ხოლო ყოველწლიურად ნავსადგურებს უტარდებათ კომპლექსური შემოწმება.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურები და ნავსადგურებში წარმოებული სატვირთო ოპერაციები სრულად შეესაბამება მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს. ბოლო წლების განმავლობაში სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ამ მიმართულებით მიღებული აქვს არაერთი უმაღლესი შეფასება.


წინასწარი გამოძიების თანახმად, ბეირუთში მომხდარი მძლავრი, დამანგრეველი აფეთქების მიზეზი დაუდევრობა გახდა. Reuters ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, სწორედ წლების მანძილზე პასუხისმგებელ პირთა მიერ გამოვლენილი უმოქმედობა გახდა ტრაგედიის მიზეზი, რომელმაც 100-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია და ასობით ათასი მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დატოვა.

პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა უკვე თქვეს, რომ პორტში მდებარე ნაგებობაში,სადაც აფეთქება მოხდა, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი – მძლავრი ასაფეთქებელი ნივთიერება – 6 წლის მანძილზე,უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე იყო განთავსებული.

“ეს დაუდევრობაა”, – უთხრა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს. მისი თქმით, აფეთქებას წინ უძღოდა არაერთი დადგენილება მასალის უსაფრთხოდ შენახვის შესახებ რიგი კომიტეტებისა თუ მოსამართლეთა მხრიდან, თუმცა მათ აღსასრულებლად არაფერი გაკეთებულა.

კიდევ ერთი წყაროს თქმით, გუნდმა, რომელმაც 6 თვის წინ ადგილზე ინსპექცია ჩაატარა, გასცა გაფრთხილება, რომ ნივთიერება “მთელ ბეირუთს ააფეთქებდა”, თუ მას არ გაანადგურებდნენ.

აფეთქებიდან მეორე დღეს ბეირუთის პორტის დირექტორმა და საბაჟოს უფროსმა თქვეს, რომ სასამართლო უწყებაში რამდენჯერმე გაგზავნეს წერილი საშიში მასალის ამოღების მოთხოვნით, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. პორტის გენერალური მენეჯერის თქმით, მასალა სასამართლოს განკარგულებით იყო დასაწყობებული. მისი თქმით, იცოდნენ, რომ აღნიშნული ნივთიერებები იყო საშიში, თუმცა “არა ამ დონეზე”.

Reuters-მა ნახა დოკუმენტებიც, რომლებითაც დასტურდება, რომ ლიბანის საბაჟო 2016 და 2017 წლებში მართლაც ითხოვდა სასამართლოსაგან მასალის რეექსპორტს ან გაყიდვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი