ახალი ამბები

რა კავშირი აქვთ ასადთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ბეირუთში აფეთქებულ ტვირთთან – ჟურნალისტური გამოძიება

15 იანვარი, 2021 • 1190
რა კავშირი აქვთ ასადთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ბეირუთში აფეთქებულ ტვირთთან – ჟურნალისტური გამოძიება

კომპანიას, რომელმაც 2013 წელს საქართველოდან ლიბანში დიდი ოდენობით ამონიუმის ნიტრატი გადაიტანა, სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ალ-ასადთან დაახლოებულ სამ ბიზნესმენთან აქვს კავშირები: ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც ერთ-ერთ ლიბანურ ტელეარხზე მიმდინარე კვირაში გავიდა.

გამოძიების ავტორი ეჭვობს, რომ ტვირთის ბოლო გაჩერება ოფიციალურად მითითებული მოზამბიკის ნაცვლად ბეირუთი იყო და შემთხვევითი არ ყოფილა ფეთქებადსაშიში ნივთიერების ქალაქის პორტში მოხვედრა. სწორედ ეს ტვირთი გახდა ბეირუთში გასული წლის 4 აგვისტოს მომხდარი დამანგრეველი აფეთქების მიზეზი, რომელმაც ასობით ადამიანი შეიწირა.

როგორ მოხვდა ტვირთი ბათუმიდან ბეირუთში: ოფიციალური ცნობები

მოლდოვის დროშით მცურავმა მშრალტვირთმზიდმა „Rhosus“, რომელიც 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატით იყო დატვირთული, ბათუმის პორტი 2013 წლის სექტემბერში დატოვა. ოფიციალურად, მისი ბოლო გაჩერება მოზამბიკი, პორტი ბეირა იყო.

დოკუმენტში, რომელიც ტელეკომპანია “ალ-ჯაზირამ” მოიპოვა, ჩანს, რომ ტვირთი ლონდონში რეგისტრირებულმა ოფშორულმა სავაჭრო კომპანიამ, “Savaro Limited”-მა შეიძინა ქარხანა “რუსთავის აზოტისგან”. დოკუმენტი 2013 წლის 10 ივლისით თარიღდება.

მშრალტვირთმზიდი „Rhosus“

მშრალტვირთმზიდი „Rhosus“

როგორც “როიტერსი” ეკიპაჟის რამდენიმე წევრზე დაყრდნობით წერს, მათ რუსი ბიზნესმენისგან – “გემის დე ფაქტო მფლობელისგან” – ინსტრუქცია მიიღეს, დაუგეგმავად გაჩერებულიყვნენ ბეირუთის პორტში “დამატებითი ტვირთით” დასატვირთად. ლიბანის დედაქალაქის პორტში გემი ინსპექციისას გამოვლენილი პრობლემების გამო დააკავეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამის შემდეგ გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გემი, ეკიპაჟი და ტვირთი ბეირუთის ნავსადგურში დატოვა. მოგვიანებით 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი გადმოიტვირთა და პორტის ტერიტორიაზე დასაწყობდა.

6 წლის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოში, უყურადღებოდ მიტოვებული ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი.

Savaro Limited: კომპანიები ერთსა და იმავე მისამართებზე და 3 გავლენიანი ბიზნესმენი

მიმდინარე კვირას გასაჯაროებული ჟურნალისტური გამოძიება ბადებს ეჭვებს, რომ ტვირთის დასაწყობება ისედაც ბეირუთში იყო გამიზნული და ამის მთავარი მიზეზი ტექნიკური პრობლემები არ ყოფილა. მასალაში ასევე პირველად გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამონიუმის ნიტრატი სირიის მთავრობას სჭირდებოდა იარაღის წარმოებაში გამოსაყენებლად.

გამოძიების ავტორს, ფირას ჰათუმს, ამ ეჭვებს უჩენს კავშირები ოფშორულ კომპანია Savaro Limited-სა და სამ გავლენიან ბიზნესმენს შორის, რომლებიც, მედიის თანახმად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერენ მხარს ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყების პირველივე პერიოდიდან.

“გარდიანის” ინფორმაციით, ბიზნესმენები – ჯორჯ ჰასვანი, მუდალალ ხური და მისი ძმა, იმადი – რუსეთისა და სირიის მოქალაქეები არიან. წარსულში სამივე მათგანი აშშ-ის სანქციების ობიექტი გახდა ასადის მხარდაჭერის გამო.

მუდალალ ხური და ჯორჯ ჰასვანი

ოფიციალური მისამართები იმ კომპანიებისა, რომელთაც ხსენებული პირები ფლობდნენ, ემთხვევა Savaro-ს მისამართებს, რომელმაც 2013 წელს საქართველოდან შემდგომ უკვე ბეირუთის პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატი გაიტანა.

ბეირუთში ტვირთის ჩატანამდე რამდენიმე თვით ადრე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა მუდალალ ხურის სწორედ ამონიუმის ნიტრატის მოპოვების მცდელობის ბრალდებით დაუწესა სანქციები.

ლონდონში, კომპანია Savaro-ს ერთ-ერთ ოფიციალურ მისამართზე, ბეირუთის აფეთქების შემდეგ მისულ ჟურნალისტებს დახვდათ ვიქტორიანული სტილის სახლი, საიდანაც არავინ გამოხმაურებიათ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით კი დგინდება, რომ ოფშორული კომპანიის მისამართები მხოლოდ მას არ ეკუთვნის.

მაგალითად, Savaro-ს მისამართზეა  რეგისტრირებული კომპანია “Hesco Engineering and Construction”, რომელიც ერთ დროს დაკავშირებული იყო ხსენებულ ბიზნესმენ ჯორჯ ჰასვანისთან: ასადის მხარდამჭერთან, რომელსაც ვაშნგტონმა 2015 წელს დაუწესა სანქციები და “ისლამური სახელმწიფოსგან” სირიის მთავრობის სახელით ნავთობის ყიდვაში დაადანაშაულა.

დოკუმენტების თანახმად, ლონდონში, ოფშორული კომპანიის კიდევ ერთი მისამართი დაკავშირებულია IK Petroleum-თან: კომპანიასთან, რომელიც 2013-2016 წლებში არსებობდა. მას იმად ხური განაგებდა. ამავე მისამართს იყენებდა კომპანია Omega Direct Limited, რომელსაც, აშშ-ში მოქმედი “კონტრექსტრემისტული პროექტის” მიხედვით, ჰასვანის Hesco-სთან ჰქონდა კავშირი.

ვინ ფლობდა ტვირთს: უპასუხო კითხვა

2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი მოზამბიკურმა კომპანიამ შეუკვეთა, რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს. თუმცა, როგორც კომპანიის ადმინისტრაციამ აგვისტოში, “როიტერსთან” საუბრისას აღნიშნა, ის არ იყო ტვირთის ოფიციალური მფლობელი, რადგან მხოლოდ ამონიუმის ნიტრატის ადგილზე ჩატანის თანხა აქვს გადახდილი.

მოზამბიკური კომპანია ამბობს, რომ ტვირთი Savaro-ს მეშვეობით შეუკვეთეს. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც ჟურნალისტური გამოძიების ავტორი სვამს, სწორედ ამ გარემოებას ეხება.

“რატომ გჭირდება ოფშორული კომპანია ამის [ამონიუმის ნიტრატის] საყიდლად? ეს ნიშნავს, რომ გამყიდველსა და მყიდველს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრიათ – ეს კი [ტვირთის] რეალურ მფლობელთა ვინაობას ფარავს”, – დასძენს ფირას ჰათუმი.

ბეირუთი აფეთქების შემდეგ. ფოტო: EPA

ბეირუთის აფეთქების შემდეგ, საერთაშორისო მედიამ Savaro-ს წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ შეძლო.

“თუ მანქანა ან იარაღი გამოყენებულია დანაშაულის ჩასადენად, პოლიცია, რა თქმა უნდა, პირდაპირ დაიწყებს ძიებას, ვინ ფლობს მას. როგორ შეიძლება, აფეთქებიდან 6 თვის შემდეგ არ ვიცოდეთ, ვინ არის ამონიუმის ნიტრატის მფლობელი?” – კითხულობს გამოძიების ავტორი და თავადვე ამატებს:

“აქ შეიძლება იყოს ერთი პასუხი ორიდან: სიზარმაცე და არაკომპეტენტურობა, ან წითელი ხაზების არსებობა”.

პასუხგაუცემელია კითხვაც, თუ ტვირთის ბოლო გაჩერება არაოფიციალურად მართლაც ბეირუთი იყო, დაინტერესებული მხარე კი – სირიის მთავრობა, როგორ უნდა მიეწოდებინათ ის ლიბანის დედაქალაქიდან ასადისთვის.

მრავალი დეტალი ბუნდოვანია, თუმცა ოფშორული ფირმისა და ასადთან დაახლოებული ბიზნესმენების კომპანიების მისამართების დამთხვევა, ტვირთის მფლობელობის საკითხი, გემის შეცვლილი მარშრუტი და სხვა გარემოებები გამოძიების ავტორს სწორედ სირიის მთავრობის ინტერესების კუთხით უჩენს ეჭვებს.

რა ეტაპზეა ბეირუთის აფეთქების გამოძიება

გასული წლის ბოლოს ბეირუთის პორტის აფეთქების საქმეზე ბრალი წაუყენეს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბს, 3 ყოფილ მინისტრსა და რამდენიმე ათეულ ოფიციალურ პირს. მათ ედავებიან გულგრილობას, რომელმაც კატასტროფა გამოიწვია.

ჰასან დიაბმა მედიას უთხრა, რომ შოკირებულია ამ ფაქტით, ვინაიდან მთავრობის მეთაურის პოზიციაზე გატარებული მოკლე პერიოდის მანძილზე შეეცადა, მაქსიმალურად სრულყოფილად შეესრულებინა მოვალეობა.

დამანგრეველი აფეთქების მიზეზად იმთავითვე გულგრილობა დასახელდა. მაშინვე დააკავეს 16 პირი, თუმცა ამ ფაქტმა საზოგადოებრივი მღელვარება ვერ ჩააცხრო და აფეთქებიდან 1 კვირის თავზე ლიბანის მთავრობა გადადგა. მინისტრთა კაბინეტს მაშინ სწორედ ჰასან დიაბი ხელმძღვანელობდა.

მოქალაქეთა ნაწილი გამოძიების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და პოლიტიკური ელიტის კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, არ ელიან, რომ ტრაგედიაში დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი