ახალი ამბები

ენმ-ს რეგიონებში მაჟორიტარებზე ვთავაზობდით სტრატეგიებს 11/8 ან 8/4 – ბოკერია

28 ივლისი, 2020 • 1358
ენმ-ს რეგიონებში მაჟორიტარებზე ვთავაზობდით სტრატეგიებს 11/8 ან 8/4 – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ ნაციონალურ მოძრაობას თბილისს გარეთ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმების ორ სხვადასხვა სტრატეგიას სთავაზობდა: 11/8-ზე ან 8/4-ზე.

ოპოზიცია 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემდეგ სტრატეგიაზეა შეთანხმებული: ოპოზიციური პარტიები რჩებიან ერთმანეთთან კონკურენციაში პროპორციული სიების ნაწილში, თუმცა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საერთო კანდიდატებზე თანხმდებოდნენ.

ასე შეჯერდა ოპოზიცია თბილისის 8 ოლქზე, თუმცა რეგიონების დანარჩენ 22 ოლქში შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ 27 ივლისს განაცხადა, რომ რახან „ნაციონალური მოძრაობა“ ამაზე არ იყო თანახმა, სხვა პარტიებს მოუწოდებდა, შეჯერებულიყვნენ საერთ კანდიდატებზე.

მეორე დღეს, 28 ივლისს, გიგა ბოკერიამ დააზუსტა, რომ „ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“, თბილისის მაჟორიტარებზე შეთანხმების მიღმა, ორ სტრატეგიას სთავაზობდა. „და ვთავაზობთ ახლაც, თუმცა დრო ცოტა რჩება“, – განაცხადა ბოკერიამ.

პირველი სტრატეგიის თანახმად, 11 მაჟორიტარულ ოლქში ენმ წარადგენდა საკუთარ კანდიდატს, 8 ოლქში კი — სხვადასხვა ოპოზიციური პარტია, რომელსაც ყველა სხვა ოპოზიციური პარტია, მათ შორის ენმ დაუჭერდა მხარს.

ეს 11 ოლქი, სადაც სხვა ყველა ოპოზიციური პარტია მხარს დაუჭერდა ენმ-ის კანდიდატს, ბოკერიას თანახმად, იყო თელავი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი ან მარტვილი, ბოლნისი, გორი, ქობულეთი, ჭიათურა.

8 ოლქი კი, სადაც ენმ-ს უარი უნდა ეთქვა საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე და სხვებისთვის დაეჭირა მხარი, იყო თერჯოლა, სამტრედია, ზემო აჭარა (ხელვაჩაური/ქედა), ფოთი ან მარტვილი, ხაშური, მცხეთა-მთიანეთი, გურია, რაჭა.

გიგა ბოკერიას თანახმად, თუკი ეს სტრატეგია არ გამოვიდოდა, „ევროპული საქართველო“ მეორე, „უფრო მარტივ“ ვერსიასაც სთვაზობდა „ნაციონალურ მოძრაობას“.

მეორე სტრატეგიის თანახმად კი, — თუკი პირველი არ განხორციელდებოდა, — „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ 12 მაჟორიტარულ ოლქს შემდეგნაირად „იყოფდნენ“:

8 მაჟორიტარულ ოლქში ენმ საკუთარ კანდიდატს წარადგენდა, „ევროპულ საქართველოს“ კი შემდეგი ოთხი ოლქში ეყოლებოდა კანდიდატი:

  1. ზემო აჭარა – ტარიელ ნაკაიძე;
  2. მარტვილში ან ფოთში – გიგი უგულავა;
  3. თერჯოლა-ზესტაფონში — გიგი წერეთელი;
  4. ხონში — კაკო ბობოხიძე;

ამ დროისთვის ოპოზიცია შეთნახმებულია, რომ თბილისის 8-ვე ოლქში საერთო კანდიდატს წარადგენს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ 6 ოლქშია დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები. ესენი არიან:

  • ელენე ხოშტარია – ვაკე;
  • ნიკა მელია – გლდანი;
  • გიორგი ვაშაძე – ისანი;
  • ლევან ხაბეიშვილი – სამგორი;
  • შალვა შავგულიძე – მთაწმინდა/კრწანისი;
  • შალვა ნათელაშვილი – ნაძალადევი.

რაც შეეხება თბილისში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, ესენი არიან:

  • მთაწმინდა-კრწანისი – ბექა ოდიშარია;
  • ვაკე – ნოდარ ტურძელაძე;
  • საბურთალო – დავით სერგეენკო;
  • ისანი – კახი კახიშვილი;
  • სამგორი – სოზარ სუბარი;
  • დიდუბე-ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი;
  • ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი;
  • გლდანი – ლევან კობიაშვილი;

გირჩევთ:

გიორგი ცხადაია: “ოცნების” დამკვიდრებულ ბრენდს ოპოზიციამ განახლება უნდა დაუპირისპიროს

მასალების გადაბეჭდვის წესი