ახალი ამბებიკომენტარი

გიორგი ცხადაია: “ოცნების” დამკვიდრებულ ბრენდს ოპოზიციამ განახლება უნდა დაუპირისპიროს

20 ივლისი, 2020 • 3200
გიორგი ცხადაია: “ოცნების” დამკვიდრებულ ბრენდს ოპოზიციამ განახლება უნდა დაუპირისპიროს

“ქართულმა ოცნებამ” 20 ივლისს წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა და 30 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატები წარადგინა. მმართველმა გუნდმა თბილისში არჩევანი “ოცნების” სტაჟიან, ცნობად სახეებზე, მათ შორის, 3 ყოფილ მინისტრსა და დეპუტატებზე შეაჩერა, რეგიონებში კი – ადგილობრივ გავლენიან პირებზე და თვითმმართველობის წარმომადგენლებზე. რა აჩვენა “ქართული ოცნების” პრეზენტაციამ და რა სტრატეგია უნდა დაუპირისიპიროს ოპოზიციამ მმართველ გუნდს? – ამ თემებზე “ნეტგაზეთი” პოლიტოლოგ გიორგი ცხადაიას ესაუბრა.


– “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. თქვენი შთაბეჭდილებით, რა კრიტერიუმებით შეირჩნენ ეს კანდიდატები?    

– მაჟორიტარობის კანდიდატების სიას რომ გადავხედოთ, განსაკუთრებით თბილისში, ვნახავთ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რვა წლის მანძილზე წარმოადგენდნენ “ქართული ოცნების” სახეებს სხვადასხვა რანგში. ჩემი აზრით, მმართველი გუნდი გათვლას აკეთებს იმაზე, რომ უკვე დამკვიდრებული ბრენდი გაიტანოს საარჩევნო კამპანიაში. ყოველ შემთხვევაში, მაჟორიტარულ სიაში მაინც ახალი არავინ შესთვაზეს ამომრჩეველს. თუმცა, როგორც ამბობენ, პარტული სია სხვანაირი იქნება.

რეგიონების კანდიდატებზე ნაკლებად შემიძლია კომენტარის გაკეთება, ვინაიდან ბევრი სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია, თუმცა არის ხალხი, ვინც ყველა არჩევნებზეა ხოლმე კანდიდატებს შორის. მაგალითად, ხულოს მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე… მაგრამ, საბოლოო ჯამში, აქცენტი მაინც კეთდება უკვე დამკვირდრებულ ლიდერებზე, რომლებიც “ქართული ოცნების” აქამდე არსებულ ისტორიასთან ასოცირდებიან და არა – განახლებაზე.

– თქვენი აზრით, ეს კადრების რესურსის ნაკლებობით არის განპირობებული თუ სხვა მიზეზით?

– არა მგონია, კადრების ნაკლებობა იყოს მიზეზი. დარწმუნებული ვარ, შეუძლიათ იპოვონ ახალი სახეებიც, მაგრამ, ალბათ, ფიქრობენ, რომ ამ კადრებმა გაამართლეს და ამომრჩევლის რაღაც ნაწილს მოსწონს “ქართული ოცნების” ძველი იმიჯი და რატომ უნდა შეცვალონ?! ჩემთვის ცოტა უცნაურია ასეთი მიდგომა, მაგრამ თავად, ალბათ, ფიქრობენ, რომ “ოცნების” ამომრჩეველი გარკვეულწილად კონსერვატორია და ცვლილებების მიმართ დადებითად არ არის განწყობილი.

– ამ ვითარებაში რა სტრატეგია უნდა დაუპირისპიროს ოპოზიციამ საარჩევნოდ “ქართულ ოცნებას”? 

– განახლება უნდა დაუპირისპიროს, რაც ნაწილობრივ შეძლეს, თუმცა უმეტესობა იქაც ძველი პოლიტიკოსები არიან, მაგალითად, შალვა ნათელაშვილის კანდიდატურა… გარკვეულწილად, ოპოზიციაც კონსერვატიულად განწყობილ ამომრჩეველზე დებს ფსონს, რაც, ჩემი აზრით, არასწორი გათვლაა. პირიქით, სიახლე უნდა დაუპირისპიროს [ხელისუფლებას], შეიძლება, რადიკალური სიახლეც და ასეთ შემთხვევაში მეტი შანსი ექნება.

– თუმცა მაჟორიტარულ არჩევნებში ახალი სახეების გამარჯვების შანსი რამდენად მაღალია, გამომდინარე ასეთი კანდიდატების დაბალი ცნობადობიდან? პროპორციული სია ხომ არ არის უკეთესი სივრცე ახალი სახეების შემოსაყვანად?

– ეგ მინუსი დაბალ ცნობადობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ უნდა შევაფასოთ, ახლა რა შანსი აქვთ. იქნებ ახალი სახეების შანსი მეტი იყოს იმიტომ, რომ ამომრჩეველი მაინც განწყობილია სიახლისკენ. 8 წელია, რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია. ადამიანს, მოსწონს თუ არ მოსწონს ხელისუფლება, მაინც აქვს ბუნებრივი იმპულსი იმისა, რომ რაღაც შეიცვალოს. ოპოზიციამ, ჩემი აზრით, ახალ კანდიდატებზე უნდა გააკეთოს ფსონი და ამომრჩეველს შესთავაზოს რადიკალური ცვლილება და არა – წარსული.

– გამოიკვეთა “ქართული ოცნების” ძირითადი წინასაარჩევნო გზავნილებიც, რომ ქვეყანას დღეს ჰყავს მზრუნველი ხელისუფლება და ენმ-ის რევანშის საფრთხე თავიდან უნდა ავიცილოთ. ამ რიტორიკამ 8 წელი მეტ-ნაკლებად იმუშავა, რამდენად პერსპექტიული იქნება ის წლევანდელ არჩევნებშიც?

– ამის თქმა ძნელია, მაგრამ, როგორც ჩანს, თვითონ თვლიან, რომ პერსპექტივა აქვთ, რადგან არაფერს ცვლიან: სახეებს არ ცვლიან, რიტორიკას არ ცვლიან. ორ რაღაცაზე აპელირებენ: საფრთხეზე, რომელიც ოპოზიციისგან მოდის, და სტაბილურობაზე, რომლის გარანტიცაა “ქართული ოცნება”. ცუდი ისაა, რომ ოპოზიციაც არ არის მაინცდამაინც სახეების და რიტორიკის ცვლილებაზე ორიენტირებული. ამ პარამეტრით მთავრობა და ოპოზიცია  ერთმანეთს ემსგავსებიან, შესაბამისად, იქნება არჩევნები “ძველი ძველის წინააღმდეგ”.

– საპარლამენტო უმრავლესობამ ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა კვოტირების სისტემას, რომლის თანახმადაც, პარტიის პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს. თუმცა მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი ქალია. არათანმიმდევრულ გენდერულ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე?

– გენდერული კვოტირება იყო ევროკაშირის რეკომენდაცია და “ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა ევროკავშირის გულის მოსაგებად. ეს არ არის ცვლილება, რომელიც საგარეო ფაქტორის გარეშე “ქართული ოცნების” წიაღში დაიბადა. “ქართული ოცნება” თავისი პოლიტიკური რიტორიკით თუ ფილოსოფიით ძალიან შორს არის ლიბერალური თემებისგან. იგივე ვითარებაა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებშიც – ისინიც ეწინააღმდეგებიან გენდერულ კვოტებს. ასე რომ, იმის გამო, რომ კვოტირება არ არის შიდაპოლიტიკური ინიციატივა, სერიოზულად არ შეიძლება განვიხილოთ როგორც “ქართული ოცნების” პოლიტიკური პლატფორმის ნაწილი და ეს გამოჩნდა კიდეც – რა გენდერულ თანასწორობაზეა საუბარი, როდესაც მაჟორიტარობის 30 კანდიდატში მხოლოდ ერთი ქალია?!

– “ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე ვიხილეთ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში წარმატებული ეპიდემიოლოგები და ექიმები. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება მათ ფაქტორს საარჩევნო კამპანიაში იყენებს?

– რა თქმა უნდა. რადგან კორონავირუსის პირველი ფაზა მეტ-ნაკლებად წარმატებით გადაიტანა ქვეყანამ, ხელისუფლება ყველანაირად ეცდება ამაზე კაპიტალიზაციის გაკეთებას და ამომრჩევლის რაღაც ნაწილზე ეს იმოქმედებს კიდეც. ეცდებიან, რომ მიიწერონ ექიმების და ეპიდემიოლოგების წარმატება. როგორც წესი, ბიუროკრატები და ექსპერტები ნეიტრალურები უნდა იყვნენ და არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში არცერთ მხარეს. ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე რომ ვისმჯელოთ, ცნობილი ექიმი ენტონი ფაუჩი არასდროს აფიქსირებს, რომელ პარტიას ეკუთვნის. ამას წინათ ვკითხულობდი ინტერვიუს მის მეგობართან, რომელიც ამბობდა, 30 წელია ვიცნობ ამ ადამიანს და პირად საუბრებშიც არასდროს უთქვამს, დემოკრატია თუ რესპუბლიკელიო. ეს არის სტანდარტი – საჯარო მოხელე არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში, მაგრამ ჩვენთან ეს სტანდარტი ჯერჯერობით დამკვიდრებული არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი