ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

27 ივლისი, 2020 • 1361
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე მიიჩნევს, აღნიშული გადაწყვეტილება მოსამართლეს არ დაუსაბუთებია:

“სასამართლომ არ განიხილა, რომ 11 ბრალდებულიდან შეიძლებოდა რამდენიმეს სხვდასხვა სიმძიმის მონაწილეობა ჰქონოდა”, – წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა ფოფხაძემ.

წინასასამართლო სხდომას მოსამართლე მაია ოშხარელი უძღვებოდა. რაც შეეხება საქმის პროკურორს, ის ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურორის მოსაზრებით, არსებობდა ბრალდებულთა მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების ან მიმალვის საფრთხე.


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც, რომელთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, თუმცა ბრალი ამ მუხლით ჯერ არავის წაყენებია.

შაქარაშვილის ოჯახი ტოიოტა ქემრის ყველა მგზავრის, სულ 6 ადამიანისთვის ითხოვს მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი