ახალი ამბები

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები განაჩენს გაასაჩივრებენ

9 მარტი, 2021 • 1019
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულები განაჩენს გაასაჩივრებენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ამბობს, ორი კვირის ვადაში ადვოკატებს განაჩენის დასაბუთება ჩაბარდებათ, რის შემდეგაც მას გაასაჩივრებენ. თუმცა მამულაშვილი აღნიშნავს, რომ არ აქვს სააპელაციო სასამართლოს ობიექტურობის იმედი და სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს:

“ორი კვირის ვადა აქვს იმისათვის, რომ განაჩენი დაასაბუთოს და ამის შემდეგ გავასაჩივრებთ კანონით დადგნეილი წესით. ჩვენ რატომღაც გვქონდა იმედი, მაგრამ დადგა ის შედეგი, რა სამართლებრივი რეალობაც გვაქვს.

მოლოდინი არ იყო სამართლებრებრივად, თუმცა ეს არ იყო სამართლებრივი გადაწყვეტილება.  ჩვენი გეგმა იქნება მიმართული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსკენ. ჩვენ არ გვაქვს არც აპელაციის და არც კასაციის იმედი”, – აცხადებს ვასილ მამულაშვილი.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო.

არჩილ გაგნიძეს ნიკოლოზ რევაზიშვილს და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე დამნაშავედ ცნეს ბრალდებულები ზ.ხ. და გიორგი ქვრივიშვილი, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვნები იყვნენ. მათთვის დაკისრებული სასჯელის ზომას მოსამართლე მოგვიანებით გამოაცხადებს.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 2020 წლის 22 ივნისს, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო ორ ეპიზოდს განიხილავდა. ცალკე გამოყოფილია ჯგუფურ ძალადობასა და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით წარმოებული საქმე, მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს კი სასამართლო განცალკევებულად განიხილავდა.

შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი