ახალი ამბები

დავით ზურაბიშვილი “რესპუბლიკურ პარტიას” ტოვებს

26 ივლისი, 2020 • 2706
დავით ზურაბიშვილი “რესპუბლიკურ პარტიას” ტოვებს

დავით ზურაბიშვილ აცხადებს, რომ მან აქტიური პოლიტიკური საქმიანობისა და შესაბამისად, “რესპუბლიკური პარტიის” დატოვება გადაწყვიტა, ამის შესახებ კი ინფორმირებულია პარტიის ხელმძღვანელობა. როგორც ზურაბიშვილი ფეისბუკზე წერს, ის თავისი გადაწყვეტილების დეტალურ ახსნა-განმარტებას არ აპირებს.

“ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ძალთა განლაგებაში ვერსად ვერ ვხედავ ჩემს თავს და ჩემს ადგილს”, – წერს, ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ამ პარტიაში ის 2007 წელს გაწევრიანდა და სწორედ აქ შედგა პოლიტიკოსად.

“ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ პარტიასთან, მის ახლანდელ თუ ძველ წევრებთან და მადლობის გარდა მათ მიმართ არაფერი მეთქმის, მაგრამ, როგორც იტყვიან, არაფერია მარადიული მზისა ქვეშე.

შეგნებულად არ ვხმარობ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა “პოლიტიკიდან წასვლა”, რადგან მართალია აღარ ვარ დღეიდან პრაქტიკოსი პოლიტიკოსი, არ ვაპირებ არცერთ სხვა პარტიაში გადასვლას და არც კენჭისყრას ამ არჩევნებში, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ყოფა ისეთია, რომ პოლიტიკიდან ვერსად წახვალ და ვერ გაიქცევი. უბრალოდ, ამიერიდან მე წარმოვადგენ მხოლოდ ჩემს თავს და არავის სხვას. ვერ ვიტყვი, რომ პარტიაში რამე შეზღუდვა მქონდა სიტყვის თავისუფლების მხრივ, მაგრამ რა თავისუფალი ატმოსფეროც უნდა იყოს, პარტიის წევრობა მაინც გარკვეულ გუნდურ ვალდებულებებს გაკისრებს”, – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავისი პოლიტიკური შეხედულებებით რჩება ოპოზიციონერად და ხელისუფლების ოპონენტად. მისი აზრით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში “საქართველოს არა აქვს წინსვლის და განვითარების პერსპექტივა და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროდასავლური კოალიციური ხელისუფლებით”.

“ამის თაობაზე და საერთოდ, მიმდინარე პროცესებზე ვაპირებ ინდივიდუალურ რეჟიმში გამოვთქვა და დავწერო ხოლმე ჩემი სუბიექტური მოსაზრებები, როგორც დამკვირვებელმა და ანალიტიკოსმა. ამ მხრივ პასიური ნამდვილად არ ვიქნები და ყველას ვთხოვ, თუ რაიმე არ მოეწონებათ ჩემს აზრებში, პარტიას ნუღარ დაუწყებენ გინებას, შეუძლიათ პირდაპირ პერსონაზე გადმოვიდნენ”, – წერს დავით ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი