ახალი ამბები

დავით ზურაბიშვილი გეგმავს, ირაკლი კობახიძეს ცილისწამებისთვის უჩივლოს

24 აპრილი, 2023 • 3354
დავით ზურაბიშვილი გეგმავს, ირაკლი კობახიძეს ცილისწამებისთვის უჩივლოს

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი გეგმავს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლოს.

„მის ამ გამოხტომას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ. გავივლი კონსულტაციას იურისტებთან და აუცილებლად ვუჩივლებ მას სასამართლოში ცილისწამებისთვის“, – წერს ზურაბიშვილი.

ამ ნაბიჯს ზურაბიშვილი კობახიძის განცხადების გამო მიმართავს, რომელშიც უკანასკნელი ირწმუნება, რომ ზურაბიშვილი „უცხოელი აგენტია“:

„დავით ზურაბიშვილი ნამდვილად უცხოელი აგენტია. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცით, რას უნდა მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაპატიმრების ორდენის გამოწერაზე საუბრობს.

ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ მანკიერი ინტერესები კვლავაც არსებობს – დავით ზურაბიშვილი არის გლობალური ომის პარტიის აგენტი. შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი.

ჯერ კიდევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, აქ გაიხსნას მეორე ფრონტი. სწორედ ამიტომ ხორციელდება ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ამის გამხმოვანებელია უცხოელი აგენტი დავით ზურაბიშვილი“, – თქვა კობახიძემ [ციტატა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიხედვით].

კობახიძის განცხადება, თავის მხრივ, უკავშირდება ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ ვლადიმერ პუტინის მსგავსად, ჰააგის სასამართლომ დაპატიმრების ორდერი შეიძლება ბიძინა ივანიშვილის მიმართაც გამოსცეს, თუკი უკანასკნელი „იქნება რუსეთის ინტერესების გამტარებელი რეგიონში და წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში ენერგორესურსების განხორციელების პროექტს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი