ახალი ამბები

საინვესტიციო კლიმატი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს – გახარია ფრონტერაზე

24 ივლისი, 2020 • 1033
საინვესტიციო კლიმატი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს – გახარია ფრონტერაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობამ ნავთობკომპანია „ფრონტერასთან“ კონტრაქტი არ გაწყვიტა, რათა არავის მისცეს შესაძლებლობა, ქვეყნის ბიზნესგარემო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ჰააგის არბიტრაჟში დახარჯული, სულ მცირე, 7.4 მილიონი აშშ დოლარის და წლების განმავლობაში გამოთქმული პრეტენზიების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ კონტრატქს აღარ წყვეტს.

24 ივლისს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად გიორგი გახარიამ განაცხადა:

„ფრონტერასთან მიმართებაში საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო. საქართველოს მთავრობამ ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად აქტივის, იმ ტერიტორიის 99%, დაიბრუნა. იმ 1%-ზე, რომლის დაბრუნებაც საქართველოს სამართლებრივად შეეძლო, ამ პროცესის დაწყებაზე უარი თქვა“.

24 ივლისსვე განცხადება გაავრცელა „ფრონტერამ“, რომელმაც მთავრობას მოუწოდა შეწყვიტოს „დეზინფორმაციის კამპანია“. კომპანიის თანახმად, სახელმწიფოს არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, კონტრაქტი ცალმხრივად გაეწყვიტა.

გიორგი გახარიამ მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგი მიზეზები ჩამოთვალა:

  1. „დღეს ჩვენთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცლების საშუალებით ეს გარემო და ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ“;
  2. „არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, სტრატეგიული პარტნიორობა აქაც რაღაც „სტარგეტირებული“ მიზნისთვის გამოიყენონ;
  3. „იქ არიან ქართველი დასაქმებულები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და ამ ადამიანების ინტერესი უნდა იყოს დაცული“.

„ფრონტერა“ კი აცხადებს, რომ მთავრობამ „განაგრძო საჯარო დეზინფორმაციული კამპანია ჩვენს კომპანიასთან მისი კონტრაქტის და ბოლო საარბიტრაჟო მოქმედების შედეგების შესახებ“ და მათ მოუწოდა:

„დაიცვან საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინება, პატივი სცეს ჩვენი ხელშეკრულების პირობებს, გამართონ ჩვენთან კონსტრუქციული შეხვედრა და პირობა მოგვცენ, რომ სამუშაოს უსაფრთხოდ, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე დავუბრუნდებით“.

კომპანია ასევე აცხადებს: „საქართველოს მთავრობის მუდმივი ცილისწამება არასწორია და მიზანმიმართულ შევიწროებას წარმოადგენს. ის მიმართულია შეცდომაში შეყვანისკენ და დიდსულოვნებისა და კეთილმოსურნეობის შთაბეჭდილების შექნისკენ, როდესაც, ფაქტობრივად, ეს არის არაგულწრფელი ქცევის გაგრძელება, რომლის მიზანი აშშ-დან პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოსვლისთვის ეშმაკურად ხელის შეშლაა“.

არბიტრაჟის გადაწყვეტილება, — ისევე, როგორც კონტრაქტის შინაარსი და პირობები, — ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.

ნახეთ „ნეტგაზეთის“ სტატია ამ საკითხზე:

ყველაფერი „ფრონტერასა“ და მასთან დავაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი