ახალი ამბებიეკონომიკა

ყველაფერი „ფრონტერასა“ და მასთან დავაზე

23 ივლისი, 2020 • 3305
ყველაფერი „ფრონტერასა“ და მასთან დავაზე

ჰააგის არბიტრაჟში დახარჯული მილიონობით აშშ დოლარის და წლების განმავლობაში გამოთქმული პრეტენზიების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ კონტრატქს აღარ წყვეტს.

არადა, თავდაპირველად, ნავთობკომპანიასთან მრავალთვიანი და მრავალმილიონიანი სააბრიტრაჟო დავის დასრულების შემდეგ, სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ მასთან კონტრაქტს წყვეტდა, — რა შემთხვევაშიც კომპანია მთლიანად დაკარგავდა საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიას და დაემშვიდობებოდა ადგილობრივ ინდუსტრიას, რომელთანაც 23-წლიანი კავშირი ჰქონდა.

თუმცა კომპანია მტკიცედ იდგა სახელმწიფოს განცხადებების პირისპირ და აცხადებდა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება ავტომატურად არ ნიშნავდა არც კონტრაქტის შეწყვეტას და არც იმის უპირობო საფუძველს იძლეოდა, რომ საქმიანობის ლიცენზია დაეკარგა.

რამდენიმეთვიანი ურთიერთბრალდებებისა, პარალელურად კი, აშშ-ის პოლიტიკური წრის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მთავრობის მისამართით გაკეთებული გამაფრთხილებელი განცხადებების შემდეგ, 23 ივლისს, საქართველოს მთავრობამ, რომელმაც „ფრონტერასთან“ დავაში 20 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, გამოაცხადა, რომ ინვესტორთან კონტრაქტს აღარ შეწყვეტს.

მხარეების ურთიერთგამომრიცხავი საჯარო განცხადებებისა და ბუნდოვანი ურთიერთობის ფონზე, გაურკვევლობაში იყვნენ კომპანიის ყოფილი დასაქმებულები დედოფლისწყაროში. მათი ნაწილი დღემდე ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა მათი დიდი ნაწილის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობას მენეჯმენტი უარყოფს.

არბიტრაჟის გადაწყვეტილება, — ისევე, როგორც კონტრაქტის შინაარსი და პირობები, — ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება. დავის დეტალები კი პირდაპირ და ირიბად არის დაკავშირებული მხარეებს შორის 1997 წელს დადებულ ხელშეკრულებასთან, წლების განმავლობაში კომპანიის საქმიანობასთან და სალიცენზიო ტერიტორიაზე გაზისა და ნავთობის მარაგებთან/რესურსებთან/რეზერვებთან. ეს ამბავიც ასე იწყება:

ჰიუსტონიდან თბილისამდე

„ფრონტერა“, უფრო ზუსტად კი, „ფრონტერა რისორსიზ“ (საფონდო ბირჟაზე აბრევიატურით FRR), 1996 წელს დააარსდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასში, ქალაქ ჰიუსტონში.

ჰიუსტონი, რომლის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაც ენერგეტიკის, კერძოდ კი ნავთობის ინდუსტრიაა, კომპანიის რამდენიმე დამფუძნებლის მშობლიური ქალაქი იყო. ფირმის დაარსების დროისთვის მათ უკვე დაგროვილი ჰქონდათ მნიშვნელოვანი გამოცდილება ამ ინდუსტრიაში.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე დამფუძნებლებს შორის ბილ (უილიამ) უაიტია, — ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც 2004-2010 წლებში ჰიუსტონის მერი იყო. უაიტს, ამავდროულად, ადვოკატსა და ბიზნესმენს, 1993-95 წლებში, ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილის პოსტი ეკავა.

ამ თანამდებობაზე მსახურობისას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რამდენჯერმე იყო ნამყოფი — აზერბაიჯანში სამჯერ, საქართველოში კი ორჯერ — და ამ უკანასკნელს კარგად იცნობდა. ახლად დაარსებულმა „ფრონტერამაც“ მისთვის კარგად ნაცნობ კასპიის ზღვის აუზზე, კერძოდ კი ამ ორ ქვეყანაზე აიღო სწორება.

უაიტმა „ფრონტერა“ დააარსა ბიზნესმენ ლან ბენტსენთან (1993-94 წლებში აშშ-ის ხაზინის ყოფილი მდივნის, ლოიდ ბენტსენის შვილთან) და კიდევ ერთ ჰიუსტონელ ბიზნესმენთან, სტივ კ. ნიკანდროსთან ერთად.

თავი მხრივ, ნიკანდროსების ოჯახს დიდი გამოცდილება ჰქონდა ნავთობის ბიზნესში: სტივ ნიკანდროსის მამა, კონსტანტინ (დინო) ნიკანდროსი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი (1875 წელს დაარსებული) ამერიკული ნავთობკომპანიის, „კონოკოს“ (Conoco) პრეზიდენტი, მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი და თავმჯდომარე იყო, რომელმაც კომპანიაში 40 წელზე მეტი გაატარა.

„კონოკოში“ მაღალ პოზიციებზე თვითონ სტივ ნიკანდროსიც მუშაობდა, თუმცა 1996 წელს დატოვა და „ფრონტერას“ შეუერთდა [რაც შეეება „კონოკოს“, ის 2002 წელს „ფილიპს პეტროლიუმმა“ შეისყიდა და ახლა ბაზარზე ConocoPhillips-ის სახელით აგრძელებს ფუნქციონირებას].

2013 წელი: სტივ ნიკანდროსი ხვდება ბიძინა ივანიშვილს, მაშინდელ პრემიერს.

კომპანიის თანადამფუძნებლებს შორის იყო ქართველი ბიზნესმენი ზაზა მამულაიშვილიც, რომელსაც მანამდე, „ფრონტერას“ საიტის თანახმად, ასევე ჰქონდა გამოცდილება არა მხოლოდ ნავთობის, არამედ მეტალურგიის ინდუსტრიაში, რაც აღმოსავლეთ ევროპაზე მუშაობისას დაუგროვდა. მამულაიშვილი ახლად დაარსებულ კომპანიას ადგილობრივი გარემოს ცოდნას სძენდა.

მოლაპარაკებები „ფრონტერას“ საქართველოში შემოსვლაზე 1996 წელსვე დაიწყო. ამ დროს საქართველოს პირველი პირი — პრეზიდენტი — ედუარდ შევარდნაძე იყო. შევარდნაძე, სსრკ-ის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივან (ასევე, თეთრი სახლის აპარატის ყოფილ ხელმძღვანელ და ასევე აშშ-ის ხაზინის ყოფილ მდივან) ჯეიმს ბეიკერთან მეგობრობდა.

თავის მხრივ ბეიკერს, რომელიც ასევე ჰიუსტონიდანაა, ნიკანდროსების ოჯახთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა: დინო ნიკანდროსი და მისი მეუღლე ჰიუსტონში, რაისის უნივერსიტეტში ბეიკერის სახელობის კვლევითი ფონდის, „ბეიკერის ინსტიტუტის“ საჯარო პოლიტიკის მიმართულებით სტიპენდიებს გასცემდნენ.

ეს ის პერიოდია, როდესაც საფუძველი ეყრება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, იწყება საუბარი დასავლური კურსის აღებაზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილში აქტიურად შემოდიან დასავლური კომპანიები და, ამ ყველაფრის ფონზე, სახელმწიფო 1997 წელს ხელს აწერს ხელშეკრულებას „ფრონტერასთან“…

საიდუმლო კონტრაქტი

ხელშეკრულება პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ (პწგხ) 1997 წლის 25 ივნისს დაიდო სახელმწიფოსა და „ფრონტერას“ ქართულ წარმომადგენლობას, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“ შორის.

თუმცა ხელშეკრულების დეტალები თავიდანვე კონფიდენციალური იყო. ეს ამ დრომდე ასეა. ამ დროისთვის, სულ მცირე, შემდეგი დეტალებია ცნობილი:

  • ხელშეკრულების გაფორმების შედეგად „ფრონტერას“ სარგებლობაში გადაეცა [მხოლოდ და მთლიანად] XII სალიცენზიო ბლოკი, რომლის ფართობიც 5060 კვადრატული კილომეტრია;
    • (საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ფართობებად, ანუ ბლოკებად, სადაც ინვესტორები ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს ასრულებენ);
  • კომპანია იღებდა სასარგებლო წიაღისეულის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას (კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ 1 ტონა ნავთობზე მოსაკრებლის ოდენობას 21 ლარად განსაზღვრავს);

სალიცენზიო ბლოკები. ფრონტერა XII სალიცენზიო ბლოკზე ფლობდა ლიცენზიას

შევარდნაძის ცნობილი ეპიზოდი

კონტრაქტის დადებიდან დაახლოებით 3 წელიწადში, 2000 წელს, თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ედუარდ შევარნაძე კახეთში, ტარიბანის ველზე ჩავიდა „ფრონტერას“ მიერ ტარიბანში პირველი ჭაბურღილის ბურღვის დაწყების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე. მისი ეს ნაბიჯი, ერთი მხრივ, ბიზნესისა და ინდუსტრიის მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კეთილდღეობის დაპირებას წარმოადგენდა.

ზაზა მამულაიშვილი, რომელიც ცერემონიას სტივ ნიკანდროსთან და სხვებთან ერთად ესწრებოდა, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამ ეპიზოდს ასე იხსენებს: „ვინ აღარ იყო ჩამოსული — Shell Capital, Deutche Bank, JP Morgan, Baker Hughes, — დიდი სახელები ნავთობის ინდუსტრიასა და საფინანსო სექტორში. ძალიან გახარებული იყო ყველა… და იქ იყო ჩამოსული პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც“.

„ძალიან კარგად მახსოვს, „საქნავთობის“ პრეზიდენტმა რევაზ თევზაძემ შევარდნაძეს უთხრა, აქ ქართველი მენავთობეებისთვის ასეთი წესია, უნდა დალიო ნავთობიო. შევარდნაძემაც აიღო ნავთობით სავსე ჭიქა და პირისკენ წაიღო. რამდენიმე წამით ყველა გაინაბა, მაგრამ მომენტალურად დაიძახეს, „არა, არაო“, მაგრამ შევარდნაძემ მაინც მიიდო ჭიქა ტუჩებთან… და შემდეგ მთელი მსოფლიო მოიარა ამ კადრებმა“…

ედუარდ შევარდნაძის ფოტო ნავთობით სავსე შუშის ჭიქით ხელში, ტარიბანის ველზე, ქართული ნავთობის საბადოსთან, არაერთ გამოცემაში მოხვდა… 9 აპრილი, 2000. ფოტო: EPA

წლების განმავლობაში სახელმწიფოს საჯაროდ არ გამოუხატავს უკმაყოფილება ან ეჭვები კომპანიასთან დაკავშირებით. ამ პერიოდში ფრონტერა განაგრძობდა მუშაობას როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ — ზოგგან მეტ-ნაკლები წარმატებით, ხშირად კი სხვადასხვა სახის დავაშიც შედიოდა. საქართველოს ხელისუფლებასთან ღია დაპირისპირება 2017 წელს დაიწყო — როდესაც სახელმწიფომ კომპანიას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა.

„სამუშაოებს არ ასრულებდნენ“ თუ „საშუალებას არ აძლევდნენ“?

დავა, რომელსაც სახელმწიფო, კერძოდ კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) და ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო, აწარმოებდნენ კომპანიასთან, სწორედ 1997 წელს დადებულ კონტრაქტს ეფუძნებოდა.

ვაჟა ხიდაშელი, GOGC-ის მრჩეველი და კორპორაციის სპიკერი ფრონტერას საკითხზე, „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში 2020 წლის მაისში ამბობდა, რომ კომპანია კონტრაქტით იღებდა ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოების შესრულების ვალდებულებას, თუმცა ამას სათანადოდ არ ასრულებდა:

„კომპანია შემოვიდა, რათა გამოეკვლია მთლიანი ტერიტორია და ახალი აღმოჩენები გაეკეთებინა… იმ ტერიტორიაზე, დაახლოებით 1%-ზე, სადაც „ფრონტერა“ უშუალოდ მუშაობს, საბჭოთა დროიდან მიმდინარეობს ნავთობის მოპოვება. ეს [ტარიბანის, მირზაანის საბადოები] კომუნისტების დროინდელი აღმოჩენებია. ფრონტერას დამსახურება არის ის, რომ როდესაც შემოვიდა 1997 წელს, იმ პერიოდში შეძლო მოპოვების აღდგენა და მასშტაბების გაზრდა, თუმცა ძირითადად იქამდე არსებულის შენარჩუნებით იყო დაკავებული და რაიმე მნიშვნელოვანი შედეგისთვის არ მიუღწევია იმ თვალსაზრისით, რომ არსებითი გავლენა ჰქონოდა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე“.

ამის საპირწონედ, „ფრონტერას“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი (CEO) ზაზა მამულაიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობდა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები წლების განმავლობაში, — 2013 წლიდან მოყოლებული, — კომპანიას გამუდმებით ხელს უშლიდნენ სამუშაოების წარმოებაში და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გაცილებით ნაკლები ჭაბურღილი გათხარეს, ვიდრე დაგეგმილი იყო:

„არ გვაძლევდნენ ბურღვის ნებართვებს, არ გვიმტკიცებდნენ საინვესტიციო გეგმებს და სამუშაო პროგრამებს… უბრალოდ, არ უნდოდათ, რომ ჩვენ დაგვეწყო გაზის მოპოვება და, მით უმეტეს, ფართომასშტაბიანი ოპერაციები“…

კვირიკაშვილი, ღარიბაშვილი „ატლანტიკური საბჭოს“ სადილზე მასპინძლობენ სხვადასხვა ადამიანს, მათ შრის სტივ ნიკანდროსსა და ზაზა მამულაიშვილს.

ჩვენ მას ვთხოვეთ, დაეზუსტებინა, რაში გამოიხატება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეშლა, რაზეც მან გვიპასუხა:

  • „XII ბლოკის ტერიტორიის ნაწილი მიჰყიდეს მესამე მხარეს [კონტრაქტის მიხედვით ფრონტერა ფლობს ჭაბურღილებს, რეზერვუარებს, და ზოგადად, ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას, თუმცა არა მიწას], რის შედეგად მესამე მხარის კერძო საკუთრებაში მოჰყვა ჩვენი ინფრასტრქუტრა და წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, აგვეკრძალა ჩვენსავე ჭაბურღილებთან მისვლა“;
  • „ერთი წლის გასაკეთებელ საქმეში ვხარჯავდით 5 წელს და უამრავ მცდელობას, სხვადასხვა სახის დახმარებებით, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები შეესრულებინა სახელმწიფოს“.

მამულაიშვილის თანახმად, „ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ როდესაც კომპანიას უნდა გაებურღა გაზის 100 ჭაბურღილი, გაბურღა მხოლოდ 5; როცა უნდა გაებურღა ნავთობის 50 ჭაბურღილი, გაბურღა მხოლოდ სამი“…

მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, ამ საკითხზე დასკვნა არბიტრაჟს უნდა გამოეტანა. თუმცა მანამდე ამ ამბავთან მჭიდროდ დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი იდგა დღის წესრიგში:

ტერიტორიების დაბრუნება-არდაბრუნება

როგორც GOGC-ის წარმომადგენელი ვაჟა ხიდაშელი ამბობდა, მთავარი და უკანასკნელი ბიძგი, რის გამოც 2017 წელს „ფრონტერას“ არბიტრაჟში უჩივლეს, ის იყო, რომ კომპანიამ უარი განაცხადა იმ ტერიტორიის სახელმწიფოსთვის გადაცემაზე, რომელიც კომპანიის მიერ ნავთობის/გაზის მოპოვებისა და ექსპლუატაციის (Development & exploitation) ტერიტორიის მიღმა იყო დარჩენილი და აღნიშნული დროისთვის უნდა დაებრუნებინა.

როგორც ვაჟა ხიდაშელი „ნეტგაზეთს“ განუმარტავს, ეს მოთხოვნა სამ პუნქტად იყო გაშლილი:

  • „ჩვენ მოვთხოვეთ, არბიტრაჟს დაედგინა, რომ „ფრონტერამ“ დაარღვია ხელშეკრულების შესაბამისი მუხლი;
  • ამას თუ დაადგენდა, მოვთხოვეთ, რომ ებრძანებინა „ფრონტერასთვის“ აღნიშნული ტერიტორიის დაუყოვნებლივი დაბრუნება;
  • დაედგინა, რომ ეს დარღვევა წარმოადგენს კონტრაქტის არსებით დარღვევას“;

„ფრონტერას“ CEO „ნეტგაზეთთან“ საუბარში ადასტურებს, რომ არბიტრაჟმა მათ მართლაც დაავალა მოპოვებისა და ექსპლუატაციის მიღმა არსებული ტერიტორიის დაბრუნება, თუმცა ამბობს, რომ ამ ტერიტორიის დაბრუნებას ისედაც გეგმავდნენ — მომავალ წელს — და, ამასთან, ის სახელმწიფოსგან განსხვავებულად კითხულობს არსებითი დარღვევის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას.

„არსებითი დარღვევა“ – „გამოსწორების შესაძლებლობით“?

არბიტრაჟში დავა 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდა. ამის შემდეგ სახელმწიფომ — ნავთობისა და გაზის კორპორაციამ — კომპანიას გაუგზავნა შეტყობინება კონტრაქტის გაუქმების შესახებ, ამის შემდეგ, მათ თანახმად, სამი თვისთავზე, ანუ 27 ივლისს, კონტრაქტი ძალას კარგავდა.

„ნეტგაზეთთან“ ჩაღრმავებულ ინტერვიუში ზაზა მამულაიშვილი ადასტურებდა, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერამ“ არსებითად დაარღვია 1997 წლის 25 ივნისის კონტრაქტი პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესახებ.

ზაზა მამულაიშვილი (მარცხნივ), სტივ ნიკანდროსი (შუაში) და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი

თუმცა განსხვავება გადაწყვეტილების შედეგის წაკითხვაში მდგომარეობდა: GOGC-ის პოზიციით, ეს გადაწყვეტილება კონტრაქტის გაწყვეტის საკმარისი საფუძველი იყო.

კომპანია, ამისგან განსხვავებით, გვეუბნებოდა, რომ კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის საფუძველზე ჰქონდათ უფლება, სამი თვის განმავლობაში არსებითი დარღვევა გამოესწორებინათ, და თუ გამოასწორებდნენ, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის ლეგალური უფლება აღარ ექნებოდა.

თუმცა, როგორც ვაჟა ხიდაშელი GOGC-იდან გვეუბნებოდა, ხელშეკრულების ეს ინტერპრეტაცია არასწორი იყო და „დარღვევის გამოსწორებაზე“ კონტრაქტში ჩანაწერი კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა.

„ნეტგაზეთმა“ დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა მხარეთა მოწოდებული ინფორმაციები — კონტრაქტი გასაიდუმლოებულია.

ახალი გადაწყვეტილება

2020 წლის 23 ივლისს უკვე ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც კვლავ წერენ, რომ საარბიტრაჟო დავა მოიგეს, თუმცა აცხადებენ:

„სანიმუშო საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით…საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერასთან” კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99%, „ფრონტერამ“, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა“.

განცხადების თანახმად, მას შემდეგ, რაც ფრონტერამ ტერიტორიის ნაწილი დააბრუნა, სახელმწიფომ აღარ გაწყვიტა კონტრაქტი.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები ამერიკული ინვესტიციების მიმართ მტრული გარემოს შექმნის შესახებ და ა.შ.

მთავრობის განცხადებაში წერია, რომ ამ „გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით“. კერძოდ:

  • „საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მუდმივად იღებს მაღალ შეფასებას და მიუხედავად სახელმწიფოს აბსოლუტურად გამყარებული პოზიციისა „ფრონტერასთან“ დავაში, დაუშვებელია რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს აღნიშნულ მახასიათებელს. რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
  • „ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, ჩვენთვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე ურთიერთობებში ,,ფრონტერას“ საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს განხილვის საგანს, ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ. საქართველოს საინვესტიციო იმიჯი და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობა, პირველ რიგში, ამერიკის ბიზნესწრეებთან კავშირისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა“.

დავაში დახარჯული მილიონები

„ფრონტერასთან“ დავა სახელმწიფოს , სულ მცირე, 7.4 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.

ეს არის მხოლოდ ის თანხა, რაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გადაუხადა ლობისტურ კომპანია Hogan Lovells International LLP-ს იურიდიული მომსახურებისთვის საარბიტრაჟო დავაში.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ „საქართველოს საინვესტიციო იმიჯი მყარია და მას გაფრთხილება სჭირდება“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კი განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო „იმისთვის, რომ ჩვეულებრივი რუტინული კომერციული დავა არ გამხდარიყო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობისთვის დამაზიანებელი, რისი მცდელობის უამრავ ფაქტებთან გვქონდა შეხება“…

მინისტრებს დახარჯულ თანხაზე არ უსაუბრიათ. მთავრობის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ „ნეტგაზეთთან“ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.

„1%“ – ცოტაა?

ზაზა მამულაიშვილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გვეუბნებოდა, რომ საუბარია იმ ტერიტორიების დაბრუნებაზე, სადაც კომპანია ისედაც არ აპირებდა სამუშაოების წარმოებას და რომლის დაბრუნებასაც მომდევნო წელს აპირებდა. თუმცა არ ადასტურებდა, რომ ეს ნაწილი ტერიტორიის 99% იყო.

როგორც მან „ნეტგაზეთს“ უთხრა, ეს არ არის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც ნავთობისა და გაზის მარაგების/რესურსების/რეზერვების აბსოლუტური უმრავლესობაა მობილიზებული; მისი თქმით, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაბრუნება არ უწევდათ.

კომპანიის მენეჯმენტმა წლების განმავლობაში ზედიზედ გააკეთა ხმამაღალი განცხადებები კახეთში, XII ბლოკში არსებული კოლოსალური რაოდენობის გაზისა და ნავთობის შესახებ.

2016 წლის 2 თებერვალს „ატლანტიკურ საბჭოში“ შეხვედრაზე სტივ ნიკანდროსმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება დიდი რაოდენობით მარაგების აღმოჩენის შესახებ

ფრონტერა ახლაც აცხადებს, რომ XII ბლოკში დიდი რაოდენობით მარაგებია. „ნეტგაზეთთან“ საუბარში ზაზა მამულაიშვილი ამ რიცხვებს ასე აზუსტებს:

  • გაზის მარაგი, რაც დადასტურებულია დამოუკიდებელი მხარის მიერ, არის 12 TCF In place [ტრილიონი კუბური ფუტი], საიდანაც ამოსაღები მარაგი არის მხოლოდ 9 TCF;
    • ეს რიცხვები კუბურ მეტრებში გამოდის დაახლოებით 340 მილიარდი კუბური მეტრი და 250 მილიარდი კუბური მეტრი გაზი;
  • ნავთობის მარაგი — 10 მილიარდი ბარელი In Place, საიდანაც ამოსაღები მარაგი არის მილიარდ-ნახევარი ბარელი;

სახელმწიფოს წარმომადგენლები თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდნენ ამ რიცხვებს. 2020 წლის მაისშიც განგვიცხადეს, რომ რიცხვები „საკმაოდ შორს“ დგას რეალობისგან, თუმცა XII ბლოკში არსებული მარაგების/რეზერვების რაოდენობა არ დაუსახელებიათ.

რა ელით დასაქმებულებს?

პროფკავშირები 2019 წლის შემოდგომიდან აცხადებდნენ, რომ კომპანიის 80-ზე მეტი დასაქმებული ითხოვდა ანაზღაურებას.

ნახეთ, ვრცლად ამ თემაზე სტატია ნავთობკომპანიის 84 თანამშრომელი 11 თვის ხელფასს ითხოვს 

„ნეტგაზეთიც“ ესაუბრა რამდენიმე მათგანს. ბოლოს 2020 წლის მაისში ველაპარაკეთ შოთა მოსეშვილს. მან გვითხრა, რომ ჯერ კიდევ ელოდა ანაზღაურებას.

ფრონტერას მუშები სამუშაო მოედანზე. ფოტო: ფრონტერა

თუმცა კომპანიის მენეჯმენტი ამდენი ადამიანის მიმართ დავალიანების არსებობას უარყოფდა — ზაზა მამულაიშვილმა გვითხრა: „ნაწილი [ვინც აპროტესტებდა] საერთოდ არ ვიცით, ვინ არიან, ნაწილი მუშაობდა და ნაწილი არის ის ხალხი, ვინც წლების წინ არის წასული, ზოგიერთი საკუთარი სურვილით, ზოგს საპენსიო ასაკმა მოუწია“. დამაზუსტებელ კითხვებზე მან გვიპასუხა:

„თუ ვიღაცამ თქვა, რომ დავალიანებაა, მათ ყველას ვუთხარით, რომ ყველასთან გავასწორებთ, თუკი რამეა. თუმცა აქ ჩაერივნენ თავიანთი აგენტურით გაზის კორპორაცია და სააგენტო და [ამ ადამიანებმა] ისეთი თანხები მოითხოვეს, რაც ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არანაირად არ ჯდება. ზოგს უნდა აეღო ერთი თვის ანაზღაურება გაშვების შემდეგ, ზოგს- 2 თვის. ესენი ადგნენ და, რახან წახალისებულები იყვნენ სახელმწიფოსგან, დაამატეს და დაამატეს მოთხოვნებს უსაფუძვლოდ. და იქამდე მივედით, რომ ვუთხარით, იცით რა, თუკი ასეთი განუსაზღვრელი თანხებია, მაშინ უნდა დავადგინოთ. და გადაწყვიტეს, სასამართლოში წავალთო და ვუთხარით, რომ კი ბატონო, თუ რამე პრეტენზია გაქვთ, წადით სასამართლოში, რასაც დაადგენს, იმას გადაგიხდით“…

სახელმწიფომ დღევანდელ განცხადებაში ახსენა მუშების მიმართ დავალიანების საკითხი, თუმცა პასუხისმგებლობა კომპანიას დააკისრა და განაცხადა:

„აღნიშნული გადაწყვეტილება [კონტრაქტის გაგრძელების შესახებ] კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“ საშუალებას აძლევს, აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებასა და მათთან ურთიერთობაზე, რის ნაცვლადაც სასურველია კონცენტრირება მოახდინოს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დასაქმებულ პირთა მიმართ დაუგროვდა, გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები, მოაწესრიგოს ურთიერთობა სხვა მრავალ კრედიტორთან და გააგრძელოს საქმიანობა საძიებო სამუშაოების განხორციელების კუთხით“…

განახლება: 24 ივლისს „ფრონტერამ“ საპასუხო განცხადებით კვლავ გააკრიტიკა მთავრობა „დეზინფორმაციული კამპანიის“ გამო და განაცხადა, რომ „არასდროს არსებულა ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი“.

კომპანია მთავრობისგან ითხოვს პირობას, რომ „სამუშაოს უსაფრთხოდ, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე“ დაუბრუნდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი