ახალი ამბები

ენერგოკომპანიებს 5%-ზე მეტი წილის გასხვისების შეთანხმება სემეკ-თან მოუწევთ

14 ივლისი, 2020 • 1217
ენერგოკომპანიებს 5%-ზე მეტი წილის გასხვისების შეთანხმება სემეკ-თან მოუწევთ

პარლამენტში შევიდა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში ენერგოკომპანიამ შერწყმის ან 5% და მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) უნდა აცნობოს.

თავის მხრივ კომისიას უფლება ექნება გასცეს თანხმობა, ან აკრძალოს წილის გასხვისება. კანონპროექტით კომისიას ცვლილების განზრახვაზე თანხმობისთვის ან უარისთვის სამთვიანი ვადა აქვს. თუმცა, როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს უთხრა, მცირე კომპანიების შემთხვევაში შესაძლოა ამდენი დრო არც დასჭირდეთ და, შესაბამისად, კომპანიამ წილის გასხვისებაზე თანხმობა უფრო მალე გასცეს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, სემეკის მხრიდან აკრძალვის საფუძველი შეიძლება იყოს სისტემის ოპერატორის მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება. მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებებებს ეროვნული უსაფრთხოებითა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვით ასაბუთებს:

“კანონპროექტში განსაზღვრული რეგულირების მექანიზმი კომისიას საშუალებას მისცემს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სისტემის ოპერატორის შერწყმის ან 5 პროცენტი, ან მეტი წილის/აქციების გასხვისების, ან/და მაკონტროლებელი პირის ცვლილებისას, რაც მომხმარებლების ინტერესების დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისითაც. მათ შორის, წინმსწრებ რეჟიმში დაინტერესებული სუბიექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს იმგვარი სუბიექტების იდენტიფიცირება, რომელთა საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.”

დავით ნარმანია კი ამბობს, რომ კომისია შეაფასებს იმ რისკებს, რაც ენერგოკომპანიის შემთხვევაში შესაძლოა ახალი მეწილის შემოსვლისას დადგეს. კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო, მეწილეების ცვლილებები კომპანიებმა სემეკს შეუთანხმონ, ნარმანია პასუხობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ენერგეტიკის ბაზარზე არასწორი გადაწყვეტილებები იყო მიღებული და ამის მაგალითად ყაზახურ კომპანია “ყაზტრანსგაზთბილისს” ასახელებს.

“ეს იქნება რეგულირების ახალი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევაფასებთ, 5% ან მეტი წილის გაყიდვის შემთხვევაში შემოსულ მეწილეს რამდენად ექნება უნარი განახორციელოს ის პასუხისმგებლობა, რაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორს ეხება. ამასთან, შევაფასებთ, ახალი მფლობელის შემოსვლა ხომ არ გამოიწვევს მომსახურების გაუმჯობესებას ან რაიმე სახის გავლენას ხომ არ იქონიებს ტარიფებზე. ამდენად, ჩვენი როლი და ფუნქცია იქნება ის, რომ წილის გასხვისების შემთხვევაში ახალმა მეწილემ მომხმარებელთა უფლებები არ გააუარესოს.

კანონპროექტის ავტორები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. პარლამენტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“  კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. როგორც ბიუროს სხდომაზე დავით ნარმანიამ თქვა, მცირე კომპანიებს “სოკართან” და “თბილისი ენერჯისთან” შერწყმა სურთ, სწორედ ამიტომ სთხოვენ პარლამენტს, ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილოს:

“შემიძლია რამდენიმე კომპანია დავასახელო, რომელთა აუდიტიც მარეგულირებელი კომისიის მიერ დაქირავებული აუდიტის მიერ უკვე გაკეთებულია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც “თბილისი ენერჯისთან”, ასევე, “სოკარ ჯორჯია გაზთან” შერწყმასთან დაკავშირებულ საკითხებზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი