ახალი ამბები

სემეკი თელმიკოსა და თელასში შესვლას აანონსებს

2 თებერვალი, 2022 • 1854
სემეკი თელმიკოსა და თელასში შესვლას აანონსებს

ელექტროენერგიის გაზრდილი თვიური გადასახადის გამო მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილების ფონზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) აცხადებს, რომ ენერგოკომპანიებში, „თელმიკოსა“ და „თელასში“ შესამოწმებლად შესვლას გეგმავს.

სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა 2 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დეკემბრისა და ინავრის დარიცხვებთან დაკავშირებით მოქალაქეები ამბობენ, რომ გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ და სემეკში ამასთან დაკავშირებით 100-მდე საჩივარია შესული.

„ერთადერთი სწორი გზა იქნება, რომ შევიდეთ კომპანიებში, ადგილზე შევიდეთ და გამოვითხოვოთ შესაბამისი ინფორმაცია და ამ გზით დავადგინოთ სიმართლე, თუ რა ხდება, რა ხარვეზებია და არის თუ არა ის პრობლემები, რაზეც მოქალაქეები მიგვითითებენ“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

გიორგი ფანგანის თანახმად, 3 თებერვალს სემეკის სხდომა ჩატარდება, სადაც ოფიციალურად იქნება კომპანიებში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული, ხოლო უშუალოდ შემოწმების პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება.

ამასთან, სემეკის წევრმა არ გამორიცხა კომპანიებში სახელმწიფოს სპეციალური მმართველის დანიშნვა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას მოიმოქმედებს სემეკი შემოწმების შემდეგ, – ხელახლა დააჯარიმებს კომპანიებს, ან „შეიძლება თუ არა ვიფიქროთ სპეციალური მმართველის შეყვანაზეც“, ფანგანმა უპასუხა:

„ჯერ ვნახოთ დარღვევა, დარღვევის ხარისხი, მასშტაბი. ჩვენ ყველაზე დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადგილი აქვს „სისტემურ დარღვევას, რადგან ეს არის ისეთი დარღვევა, რაც შეიძლება მარტივი ჯარიმით შეიძლება ვერ იქნეს აღმოფხვრილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა სცენარი განიხილება“.

მან კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ „პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ, არის თუ არა დარღვევები და რა არის ამ დარღვევების მასშტაბი“ და დასძინა, რომ კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციით, საუბარი არ არის სერიოზულ დარღვევებზე და 650 000 აბონენტიდან , ჯამში, მხოლოდ 700-მდე შემთხვევაში დადგინდა შეცდომა, რაც უკვე გასწორებულია.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოქალაქეები ამბობენ, რომ კომუნალური გადასახადები – მათ შორის, ელექტროენერგია, საგრძნობლად გაეზარდათ.

სემეკის გადაწყვეტილებით, ახალი ცვლილების თანახმად, აბონენტებს 2 ქვითარი მოუვიდათ:

  1. ერთი, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო ნოემბრისა და დეკემბრის დასაწყისის ელექტროენერგიის გადასახადი,
  2. მეორე- დეკემბრის ბოლოს, რომელშიც უნდა ასახულიყო დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი.

მოქალაქეები ამბობენ, რომ არა მხოლოდ ორი ქვითარი მიიღეს, არამედ გადასახადიც გაეზარდათ.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი