ახალი ამბები

ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნას ხშირად ბოროტად იყენებენ  სამედიცინო დახმარების მისაღებად – ევროკომისია

10 ივლისი, 2020 • 2101
ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნას ხშირად ბოროტად იყენებენ  სამედიცინო დახმარების მისაღებად – ევროკომისია

ევროკომისია თავის ანგარიშში წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნას ხშირად ბოროტად იყენებენ  სამედიცინო დახმარების მისაღებად.

აღნიშნული დოკუმენტი ევროკომისიამ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის მოამზადა.

ეს არის მესამე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც მიმოიხილავს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, როგორ ასრულებენ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და სხვა ქვეყნები ნაკისრ ვალდებულებებს.

“საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და შენგენის ასოცირებულ ქვეყნებში თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები კვლავ აქტუალური საკითხია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე და არსებით ძალისხმევას მოითხოვს. თავშესაფრის მოთხოვნები ხშირად ბოროტად გამოიყენება ევროკავშირში სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით”, – აცხადებს ევროკომისა.

რა ზომები მიიღო საქართველომ

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს პრობლემის მოგვარებას და ევროკომისიასთან, იუსტიციის და შინაგან საქმეთა უწყებებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად ოპერატიული ქმედებების კომპლექის შემოღებაზე მუშაობს.

ევროკომისიის ცნობით, ეს ქმედებები მიზნად ისახავს იმ გამოწვევების შემცირებას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ არალეგალურ მიგრაციასა და დანაშაულებს ეხება.

ევროკომისია აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ბოროტად გამოყენების გასაჩერებლად, საქართველომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რაც საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ყოფნის ხელშეწყობისთვის და ასევე საერთაშორისო დაცვის (მაგალითად, თავშესაფრის) მოპოვების მიზნით გაყალბებული ინფორმაციის მოწოდებაში დახმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საქართველომ აიღო ვალდებულება, კიდევ უფრო შეეზღუდა გვარების შეცვლის პროცედურა (რაც 2018 წელს უკვე შეიზღუდა). 2019 წლის ნოემბერში საქართველომ მიიღო ცვლილებები კანონში „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, რომლითაც შემოიღო უფრო მკაცრი რეგულაციები და უფრო მკაფიო კრიტერიუმები იმის გადასაწყვეტად, შეიძლება თუ არა მსჯავრდებულმა დატოვოს ქვეყანა.

ევროკომისია როგორც აღნიშნავს, საზღვრის მართვის სფეროში საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (FRONTEX) თანამშრომლობა გააძლიერა. დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ ევროკაშირმა საქართველოში 2019-2020 წლებში მიავლინა ექსპერტები, რათა მათ ქვეყნის ხელისუფლებისთვის რჩევა მიეცათ საზღვრებზე გასვლისწინა შემოწმების ჩასატარებლად საკანონმდებლო ჩარჩოს საჭირო ცვლილებებთან დაკავშირებით.

თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა

როგორც ევროკომისია ანგარიშში წერს, 2018-2019 წლის პერიოდში შენგენ+ ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლაზე უარის თქმის საერთო რაოდენობა 17% -ით გაიზარდა (3 805-დან 4 435-მდე). ასევე 26%-ით გაიზარდა უკანონოდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა (9 400-დან 11,845 – მდე).

საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენი+ ზონის ქვეყნებში პირველ ჯერზე თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით. წყარო: ევროკომისია

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენი+ ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობა 9%-ით გაიზარდა, 2019 წელს შეტანილი იყო 21 570 განაცხადი, 2018 წელს კი – 19 730. ზედიზედ მესამე წელია, თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მხრივ საქართველო კვლავ წამყვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის. 2019 წელს თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 4.1%-მდე შემცირდა (2018 წლის 4.7%-თან შედარებით). 2020 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა 3 795 თავშესაფრის განაცხადი, რაც 42% -ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

როგორც ევროკომისია წერს, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ რეადმისიის განაცხადების მართვის ელექტრონული სისტემა (RCMS) შეიმუშავა.

“ამ სისტემას ამჟამად 17 წევრი ქვეყანა იყენებს, რომელიც მისი გამოყენებით კმაყოფილია და განსაკუთრებით აფასებს საქართველოს მიერ განაცხადების დროულ განხილვას. რეადმისიის მოთხოვნებზე დადებითი პასუხების მაჩვენებელი არის 98%. ამ სისტემას სხვა მესამე ქვეყნებისთვის ხშირად საუკეთესო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების მაგალითად მოიხსენებენ”, – წერს ევროკომისია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი