ახალი ამბები

საქართველოს, შესაძლოა, აშშ-ის დახმარების 15% შეუჩერდეს – კანონპროექტი

7 ივლისი, 2020 • 1789
საქართველოს, შესაძლოა, აშშ-ის დახმარების 15% შეუჩერდეს – კანონპროექტი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი გამოაქვეყნა.

კანონპროექტი ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის და მათთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების და ღონისძიებების ბიუჯეტს 2021 ფისკალური წლისთვის. კანონპროექტი უარყოფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის და მათთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების 20%-ით შემცირების თაობაზე;  აღადგენს მნიშვნელოვანი დიპლომატიური, განვითარებისა და ჰუმანიტარული პროგრამებისა დაფინანსებას, მათ შორის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსების ჩათვლით.

კანონპროექტში საუბარია საქართველოზეც, რომლისთვისაც 2021 წელს გათვალისწინებულია 132 025 000 დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფა. თუმცა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი თანხის 15% შეიძლება შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო მდივანი კომიტეტის წინაშე არ დაადასტურებს, რომ მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.

დაფინანსების შეჩერება არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის განვითარების პროგრამებს, ასევე, გენდერული ძალადობის აღმოფხვრასთან და მოწყვლადი ჯგუფების დახმარების ღონისძიებებს.

სახელმწიფო მდივანს შეუძლია უარი თქვას ზემოაღნიშნულ შეზღუდვაზე, თუ დაადასტურებს, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი