ახალი ამბები

„ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვა“ – დახმარების შენარჩუნების პირობა აშშ-ის კანონპროექტში

9 ივლისი, 2020 • 1317
„ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვა“ – დახმარების შენარჩუნების პირობა აშშ-ის კანონპროექტში

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტის განმარტების თანახმად, საქართველოს შეიძლება ვაშინგტონის მიერ გამოყოფილი დახმარების 15% არ მიეწოდოს, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს.

ამ ნაბიჯებში, წინა კანონპროექტისგან განსხვავებით, დამატებულია კიდევ ერთი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას — კერძოდ, „შეზღუდოს მთავრობის ფუნქციონირებასა და კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაში ოლიგარქების არაფორმალური გავლენა“. სრული ჩამონათვალი იმისა, რაც საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს დაფინანსების სრულად მისაღებად, ასეთია:

    • ახდენს საარჩევნო რეფორმის ეფექტიან იმპლემენტაციას;
    • პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი [შტოების] ჩარევისგან;
    • ეფექტიანად ახდენს იმ პოლიტიკის იმპლემენტაციას, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას, მათ შორის, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თავისუფალ წვდომას;
    • იცავს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას;
    • ზღუდავს მთავრობის ფუნქციონირებასა და კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაში ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას;

კომიტეტში ასევე მიესალმებიან საარჩევნო რეფორმის მიღებას და აცხადებენ, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხეები აშშ-ის მიერ „ყოფილი კომუნისტური ქვეყნების დახმარების“ საჭიროებას უსვამს ხაზს:

„კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს და USAID-ის ადმინისტრატორს, პრიორიტეტული გახადოს პროგრამები, რომელთა მიზანიც კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა, რაც გამჭვირვალობასა და კარგ მმართველობას ისახავს მიზნად. რუსეთის მთავრობისგან მომდინარე საფრთხეები ხაზს უსვამს აშშ-ის მიერ ყოფილი კომუნისტური ქვეყნების დახმარებას, მათ შორის საქართველოსი.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი დახმარების 15% შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და შეატყობინებს ასიგნაციების კომიტეტს, რომ მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლერებლად, კორუფციასთან საბრძოლველად და უზრუნველყოფს, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა  შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან.

კომიტეტი აღნიშნავს და მიესალმება 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის შეთანხმების შედეგად, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას ამყარებს“, — ვკითხულობთ პროექტში.

როგორც „ნეტგაზეთს“ 8 ივლისს ასიგნაციების კომიტეტის კომუნიკაციების დირექტორმა აცნობა, პალატის სრული შემადგენლობის მიერ კანონის განხილვას კომიტეტიტი შემდეგ თვეში ელის, პროექტი კი „არაა თავდასხმა საქართველოზე“:

„ეს პროცესის დასაწყისია და, როგორც მოსალოდნელია, შემდეგ თვეში მას წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა განიხილავს. ამის შემდეგ იქნება მოლაპარაკებები სენატთან [აშშ-ის კონგრესის მეორე პალატა — რედ.].

ნათელი რომ იყოს, ეს კანონპროექტი არ არის თავდასხმა საქართველოზე — უფრო მეტად, მეგობარი გამოხატავს შეხსენებას, რომ საჭიროა ქმედებები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციასთან საბრძოლველად და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისად კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად“, — გვიპასუხეს მაშინ კომიტეტში.


გარეკანის ფოტო: EPA / ფოტოზე: აშშ-ის კონგრესის შენობა

მასალების გადაბეჭდვის წესი