ახალი ამბები

ასიგნაციების კომიტეტმა დაამტკიცა პროექტი, რომლითაც საქართველომ აშშ-ის დახმარების 15% შესაძლოა ვერ მიიღოს

9 ივლისი, 2020 • 1345
ასიგნაციების კომიტეტმა დაამტკიცა პროექტი, რომლითაც საქართველომ აშშ-ის დახმარების 15% შესაძლოა ვერ მიიღოს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა დაამტკიცა „2021 წლის ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონი“. კანონპროექტი მათ შორის ეხება საქართველოსაც და მისი მიხედვით, საქართველომ აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარების 15% შეიძლება ვერ მიიღოს. საქართველოს გარდა, კანონი სხვა ქვეყნებსაც ეხება.

პროექტის მიღებას მხარი კომიტეტის 29 წევრმა დაუჭირა, 21 კი წინააღმდეგი იყო. როგორც „ნეტგაზეთს“ კომიტეტის პრეს-სამსახურში უთხრეს, ყველა მხარდამჭერი დემოკრატიული პარტიის წევრია, ხოლო მოწინააღმდეგე — რესპუბლიკურის.

საბოლოო სახით კანონის მიღებამდე მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა, თუმცა საქართველოს არცერთი არ შეხებია.

რას გულისხმობს კანონპროექტი და რა მიმართულებებით უნდა გადადგას ნაბიჯები მთავრობამ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტის განმარტების თანახმად, საქართველოს შეიძლება არ მიეწოდოს ვაშინგტონის მიერ გამოყოფილი დახმარების 15% , სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს.

ამ ნაბიჯებში, წინა კანონპროექტისგან განსხვავებით, დამატებულია კიდევ ერთი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას — კერძოდ, „შეზღუდოს მთავრობის ფუნქციონირებასა და კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაში ოლიგარქების არაფორმალური გავლენა“. სრული ჩამონათვალი იმისა, რაც კანონპროექტის თანახმად საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს დაფინანსების სრულად მისაღებად, ასეთია:

  • ახდენს საარჩევნო რეფორმის ეფექტიან იმპლემენტაციას;
  • პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი [შტოების] ჩარევისგან;
  • ეფექტიანად ახდენს იმ პოლიტიკის იმპლემენტაციას, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას, მათ შორის, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თავისუფალ წვდომას;
  • იცავს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას;
  • ზღუდავს მთავრობის ფუნქციონირებასა და კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაში ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას;

კანონპროექტი ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის და მათთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების და ღონისძიებების ბიუჯეტს 2021 ფისკალური წლისთვის. კანონპროექტი უარყოფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის და მათთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების 20%-ით შემცირების თაობაზე; აღადგენს მნიშვნელოვანი დიპლომატიური, განვითარებისა და ჰუმანიტარული პროგრამებისა დაფინანსებას, მათ შორის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსების ჩათვლით.

კანონპროექტით საქართველოსთვის 2021 წელს გათვალისწინებულია 132 025 000 დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფა. თუმცა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი თანხის 15% შეიძლება შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო მდივანი კომიტეტის წინაშე არ დაადასტურებს, რომ მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიის კუთხით. დაფინანსების შეჩერება არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის განვითარების პროგრამებს, ასევე, გენდერული ძალადობის აღმოფხვრასთან და მოწყვლადი ჯგუფების დახმარების ღონისძიებებს.

სახელმწიფო მდივანს შეუძლია უარი თქვას ზემოაღნიშნულ შეზღუდვაზე, თუ დაადასტურებს, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.

რა უნდა მოხდეს კანონის კომიტეტის მიერ დამტკიცების შემდეგ

გამომდინარე იქიდან, რომ კანონმა კომიტეტის დადასტურება მიიღო, მას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სრული შემადგენლობით უნდა უყაროს კენჭი.

ამ კენჭისყრას ასიგნაციების კომიტეტი, „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილი პასუხის თანახმად, „შემდეგ თვეში ელის“.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პალატა კანონს დაამტკიცებს, მან კონგრესის მეორე პალატის — სენატის და შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონებაც უნდა დაიმსახუროს. თუ ორივე მათგანი პროექტს მწვანე შუქს აუნთებს, მაშინ ის ძალაში ოფიციალურად შევა.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი