ახალი ამბები

არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის – გახარია კონგრესის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე

10 ივლისი, 2020 • 1374
არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის – გახარია კონგრესის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტის გადაწყვეტილებაში „არაფერი სასიამოვნო არ არ არის“ და ეს საკითხი „ყურადსაღებია“;

ის ასევე ამბობს, რომ „შიდა პოლიტიკური დაძაბულოა გარეთაც გადის“, „ასეთი ბევრი შემთხვევა იყო“ და ეს არის „წინასაარჩევნო პერიოდში შიდაპოლიტიკურ კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის მცდელობა“.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა 9 ივლისს დაამტკიცა კანონპროექტი „2021 წლის ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ“.

კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება საქართველოსაც და მისი მიხედვით, საქართველომ აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარების 15% შეიძლება ვერ მიიღოს.

10 ივლისს ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად გიორგი გახარიამ განაცხადა:

„ჯერ ეს ერთი, ეს არის ჯერჯერობით საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვემის, იმ პუნქტებში, რაც იქ არის ჩამოთვლილი, ქვეყანა საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან“.

პრემიერ-მინისტმა ასევე განაცხადა, რომ „შიდაპოლიტიკური წინასაარჩევნო მაღალი ტემპერატურა, როგორც ჩანს, გარეთაც გადის“:

„მოგეხსენებათ, ასეთი ბევრი შემთხვევა იყო, ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების მიღების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. რა თქმა უნდა, წინ გვაქვს არჩენვები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად ღია, გახსნილ და კონკურენტულ გარემოში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყვლაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. მათი მხრიდან ნათქვამი,  გამოხატული თითოეული საკითხი ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ პროცესია ეს.

სამწუხაროდ, ეს პროცესი ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩაითრიონ ამ დაპირისპირებაში. ეს არის ცუდი იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ვნებს, ეს ქვეყანას ვნებს.

ამიტომ ყველანი უნდა დავმშვიდდეთ, კარგად ჩატარებული არჩევნები ჩვენი საერთო მიზანია. ყველამ ერთად ღირსეულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა“.

გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ „უფრო მეტი კომუნიკაცია“ უნდა ჰქონდეს აშშ-თან:

„ეს ყველაფერი ხდება. ასეთი რაღაცებიც ხდება ხოლმე. უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ,  შიდაპოლიტიკურ კონტექსტში რა ხდება. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის მცდელობა წინასაარჩევნო პერიოდში შიდაპოლიტიკურ კონტექსტში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის, რაც ჩვენთვის გასაგებია.

ჩათვალეთ, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არ არის, ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთი ამბავი ავტეხოთ. არა, უნდა მოვისმინოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიზაციის პროცესი ზუსტად ისე, როგორც ვაკეთებდით აქამდე.

არც დემოკრატიზაციის და არც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებით, საქართველოს პროგრესს არაფერი არ ემუქრება. ისევე, როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არაფერი არ ემუქრება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა დაამტკიცა „2021 წლის ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონი“. კანონპროექტი მათ შორის ეხება საქართველოსაც და მისი მიხედვით, საქართველომ აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარების 15% შეიძლება ვერ მიიღოს. საქართველოს გარდა, კანონი სხვა ქვეყნებსაც ეხება.

პროექტის მიღებას მხარი კომიტეტის 29 წევრმა დაუჭირა, 21 კი წინააღმდეგი იყო. როგორც „ნეტგაზეთს“ კომიტეტის პრეს-სამსახურში უთხრეს, ყველა მხარდამჭერი დემოკრატიული პარტიის წევრია, ხოლო მოწინააღმდეგე — რესპუბლიკურის.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტის განმარტების თანახმად, საქართველოს შეიძლება არ მიეწოდოს ვაშინგტონის მიერ გამოყოფილი დახმარების 15% , სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს.

ამ ნაბიჯებში, წინა კანონპროექტისგან განსხვავებით, დამატებულია კიდევ ერთი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას — კერძოდ, „შეზღუდოს მთავრობის ფუნქციონირებასა და კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაში ოლიგარქების არაფორმალური გავლენა“. სრული ჩამონათვალი იმისა, რაც კანონპროექტის თანახმად საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს დაფინანსების სრულად მისაღებად, ასეთია:

  • ახდენს საარჩევნო რეფორმის ეფექტიან იმპლემენტაციას;
  • პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი [შტოების] ჩარევისგან;
  • ეფექტიანად ახდენს იმ პოლიტიკის იმპლემენტაციას, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას, მათ შორის, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თავისუფალ წვდომას;
  • იცავს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას;
  • ზღუდავს მთავრობის ფუნქციონირებასა და კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაში ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას;

რა ხდება კანონის კომიტეტის მიერ დამტკიცების შემდეგ

გამომდინარე იქიდან, რომ კანონმა კომიტეტის დადასტურება მიიღო, მას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სრული შემადგენლობით უნდა უყაროს კენჭი.

ამ კენჭისყრას ასიგნაციების კომიტეტი, „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილი პასუხის თანახმად, „შემდეგ თვეში ელის“.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პალატა კანონს დაამტკიცებს, მან კონგრესის მეორე პალატის — სენატის და შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონებაც უნდა დაიმსახუროს. თუ ორივე მათგანი პროექტს მწვანე შუქს აუნთებს, მაშინ ის ძალაში ოფიციალურად შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი