ახალი ამბები

ტრამპი ძეგლების ჩამოგდებას კულტურის განადგურებად აფასებს და პროტესტის მონაწილეებს აკრიტიკებს

4 ივლისი, 2020 • 1241
ტრამპი ძეგლების ჩამოგდებას კულტურის განადგურებად აფასებს და პროტესტის მონაწილეებს აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ფარგლებში ძეგლების ჩამოგდებას “კულტურის განადგურებას” უწოდებს. ამის შესახებ მან რაშმორის მემორიალთან, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვის გამოსვლისას ისაუბრა.

BBC-ის თანახმად, ტრამპმა აღნიშნულ მოძრაობას უწოდა “უმოწყალო კამპანია ისტორიის წასაშლელად, გმირების ცილისწამებისათვის, ღირებულებების აღმოფხვრისათვის და ბავშვების ინდოქტრინიზაციისათვის”. ადამიანები, რომლებიც კონფედერატების ძეგლებს აგდებენ, პრეზიდენტმა “გაბრაზებულ ბრბოდ”მოიხსენია.

“ჩვენ არ გავჩუმდებით” – თქვა მან.

ტელეკომპანიისვე ცნობით, დონალდ ტრამპს ბევრი არ ულაპარაკია ახალ კორონავირუსის პანდემიაზე, რომელმაც აშშ-ის გარშემო 130 000-მდე ადამიანი შეიწირა. რაშმორის მემორიალთან გამართულ ღონისძიებაზე სოციალური დისტანცია და პირბადეები სავალდებულო არ ყოფილა.

უშუალოდ რაშმორის მემორიალზე საუბრისას,  რომელიც აშშ-ის პრეზიდენტების –  ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის – პროფილებს აერთიანებს და 1927-41 წლებში აშენდა, ტრამპმა თქვა, რომ ის იქ ყოველთვის იდგება, როგორც წინაპრების და თავისუფლების მარადიული ხსოვნის სიმბოლო.

მისივე თქმით, ისინი, ვინც “ეროვნული მემკვიდრეობის” სიმბოლოებს ებრძვის, “კანონის სრული სიმკაცრით” უნდა დაისაჯონ.

მემორიალთან ტრამპის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა მკვიდრი ამერიკელების მხრიდან. ისინი აღნიშნულ მიწას წმინდად და აშშ-ის მთავრობის მიერ უკანონოდ ჩამორთმეულად მიიჩნევენ. 80-იან წლებში აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც ნათქვამია, რომ მიწა კვლავ მკვიდრ ამერიკელებს უნდა ეკუთვნოდეთ, ვინაიდან შეთანხმებაში, რომლის ძალითაც ის საკვებით უზრუნველყოფის სანაცვლოდ მთავრობას გადაეცა, ადგილობრივი ტომების აბსოლუტურ უმრავლესობას მონაწილეობა არ მიუღია.

ბევრი მკვიდრი ამერიკელი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს არც აღნიშნავს, რადგან ეს თარიღი მათთვის კოლონიზაციასთან ასოცირდება. მათმა ჯგუფებმა მემორიალამდე მისასვლელი, ცენტრალური გზაც გადაკეტეს, თუმცა პოლიციამ მალე დაშალა ისინი.

აშშ-ში ჯერ კიდევ მაისის ბოლოდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც პოლიციის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. აქციების მონაწილეთა ნაწილის მოთხოვნებში, მათ შორის, ზოგი მოღვაწის ძეგლის მოხსნაც შედის, ზოგჯერ კი მომიტინგეები ძეგლებს თავიანთი ძალებით „იღებენ“, როგორც, მაგალითად, ჯორჯ ვაშინგტონისა და ტომას ჯეფერსონის ძეგლების შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი