ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“შესაძლოა, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ დატვირთვას ვერ გაუძლოს”, – ალიევი

26 ივნისი, 2020 • 1280
“შესაძლოა, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ დატვირთვას ვერ გაუძლოს”, – ალიევი

“თუკი კორონავირუსის ინფექციის გავრცელება ამჟამინდელი ტემპებით გაგრძელდება, აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება ვერ გაუძლოს”, – ამის შესახებ ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმ,ა განჯის ინფექციური საავადმყოფოს გახსნაზე განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

“პირველ ეტაპზე მიღებულმა პრევენციულმა ზომებმა დიდ უბედურებას აგვარიდა, რადგან აზერბაიჯანში ინფიცირებულთა რიცხვი არ არის მაღალი მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით. სულ 13 ათასი ადამიანია დაინფიცირებული, რომელთაგან დიდი ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა”.

მაისში საკარანტინო ზომების შერბილებამ კი, როგორც ალიევი აცხადებს, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო.

“ეს მოწმობს იმას, რომ მოთხოვნების მიუხედავად, ზოგიერთმა ადამიანმა უპასუხისმგებლობა გამოიჩინა. ისინი არ იცავენ ელემენტარულ ზომებს.  სწორედ ამიტომ, ჩვენ კვლავ შემოვიღეთ შემზღუდავი ზომები, რადგან დაავადების დინამიკა იზრდება და თუ ასევე გაგრძელდა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. ამიტომაც მიმდინარე კვირიდან ბაქოსა და სხვა რამდენიმე ქალაქში უფრო მკაცრი კარანტინია შემოღებული”.

ამასთან, ალიევმა არ გამორიცხა საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება.

ბოლო 14 დღეში აზერბაიჯანში Covid-19-ის შემთხვევები 50%-ით გაიზარდა.

25 ივნისის ოფიციალური სტატისტიკით, დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 14 852 შემთხვევაა დადასტურებული, 180 ადამიანი კი  გარდაიცვალა. ოფიციალური ცნობითვე, ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში ამჟამად 6 613  კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

 

ბოლო 14 დღეში აზერბაიჯანში Covid-19-ის შემთხვევები 50%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანში ბევრს არ სჯერა, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხეა. მეტიც, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თავად ზრდის სტატისტიკას, რათა კარანტინის გასაძლიერებლად და, შესაბამისად, ქუჩის აქციების ასაკრძალად მეტი ლეგიტიმაცია მოიპოვოს.

“მძიმე პაციენტები კლინიკებში არ გადაჰყავთ” – რას ჰყვებიან აზერბაიჯანის მოქალაქეები

მასალების გადაბეჭდვის წესი