ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მძიმე პაციენტები კლინიკებში არ გადაჰყავთ” – რას ჰყვებიან აზერბაიჯანის მოქალაქეები

22 ივნისი, 2020 • 1853
“მძიმე პაციენტები კლინიკებში არ გადაჰყავთ” – რას ჰყვებიან აზერბაიჯანის მოქალაქეები

ავტორი: გუნელ მევლუდი, ჟურნალისტი


კორონავირუსის პანდემიის ფონზე აზერბაიჯანში გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ჯანდაცვის სისტემით უკმაყოფილებას და გაბრაზებას გამოხატავს, რადგან ფიქრობენ, რომ ადეკვატური სამედიცინო დახმარება ვერ მიიღეს. 


პაციენტების ისტორიები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სეიმურ ქიაზიმოვი ფეისბუკზე ღია წერილით მიმართავს პრეზიდენტ ალიევის განკარგულებით შექმნილ, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის უწყების ხელმძღვანელს, სადაც გარდაცვლილი ოჯახის წევრის, მამის ამბავს ჰყვება. 

წერილში ჟურნალისტი წერს, რომ ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დიაბეტისა და სუნთქვის უკმარისობის მქონე მაღალსიცხიანი პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას  – სასწრაფო დახმარების ექიმები ყველა გამოძახების დროს პაციენტს დიმედროლს ასმევდნენ და ოჯახს ურჩევდნენ, სახლში დაეტოვებინათ. 

ჟურნალისტი წერს, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებამ, რომელსაც მიმართეს, პაციენტის მიღებაზე უარი თქვა საავადმყოფოში არასაკმარისი ადგილების გამო. 

საბოლოოდ, უკვე უგონოდ მყოფი პაციენტი სასწრაფომ რეანიმაციაში გადაიყვანა, სადაც მალევე გარდაიცვალა.

ჰქონდა თუ არა პაციენტს კორონავირუსი, ოჯახმა დარწმუნებით არ იცის – ტესტზე უარყოფითი პასუხი უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღეს. 

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სეიმურ ქიაზიმოვის ოჯახის შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც სასწრაფოს გულგრილობისა თუ ჯანდაცვის სისტემის სხვა მიზეზების გამო, აზერბაიჯანში სხვა პაციენტების სიცოცხლესაც საფრთხე შეექმნათ. 

“სასწრაფომ უარი თქვა მოსვლაზე, გვითხრეს, რომ ჩვენი შემთხვევა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, მაშინ როდესაც ქვეყანაში კორონავირუსიანი პაციენტები არსებობენ”,- წერს ფეისბუკზე აზერბაიჯანში მცხოვრები სახილია ასლანოვა. ასლანოვას მცირელოვანმა ოჯახის წევრმა მდუღარე წყლით დამწვრობა მიიღო. 

“მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამწვარი ბავშვის ამბავს სოციალურ ქსელებში გამოხმაურება და აღშფოთება მოჰყვა, სასწრაფომ კლინიკაში წაიყვანა, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს”, – დაწერა მოგვიანებით სახილია ასლანოვამ. 

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საფრთხე შეექმნა ახალგაზრდა რეჟისორის, ლალა ალიევას ოჯახს. 

ალიევა წერს, რომ მის მამას, რომელსაც გულზე სტენტირება აქვს ჩატარებული და ამასთან, დიაბეტითაა ავად, რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირსზე ტესტს არ უკეთებდენ.

“რამდენიმედღიანი წვალების შემდეგ და ისიც იმის გამო, რომ გაიგეს, კაცს გულის პრობლემები ჰქონდა, ტესტი გაუკეთეს. იქამდე კი სახლში მკურნალობას ურჩევდნენ”, – ამბობს ლალა ალიევა. 

ამჟამად ოჯახი კოვიდ ვირუსზე ტესტის პასუხს ელოდება, იქამდე კი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი საკუთარ სახლში იმყოფება.

სასწრაფო დახმარებისა და საავადმყოფოების მიერ პაციენტების გადაყვანაზე ან მიღებაზე უარს ექიმები/ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ორი მიზეზით ხსნიან: კორონავირუსიანი პაციენტების გამო სამედიცინო დაწესებულებებში ადგილი არ არის [ბოლო კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ქვეყანაში დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა რეგისტრირდება], მეორე მიზეზი კი შემდეგი გარემოებით შეიძლება აიხსნას: კლინიკაში მედპერსონალის ან სხვა პაციენტების დაინფიცირების რისკებს ამცირებენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტები ზარალდებიან, თუმცა თავად ექიმები ახლად შექმნილი ჯანდაცვის უწყების [კორონავირუსთან ბრძოლის უწყება] მითითებებით აპელირებენ.

ექსპერტის მოსაზრება

ვასიფ ისმაილოვი, მრავალწლიანი სტაჟის მქონე ექიმი და სამედიცინო ექსპერტი, გვეუბნება, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მსგავსი უწყების შექმნაზე კარგია, თუმცა თავად უწყება ეფექტურად ვერ მუშაობს.

“კადრებს, რომლებიც ამ უწყებაში მუშაობენ, არ აქვთ მიმდინარე სიტუაციის ანალიზის უნარი, ვირუსს თავადვე არასერიოზულად უყურებენ და მუშაობის სურვილიც არ აქვთ”.

თუმცა, ექიმისა და ექსპერტის აზრით, რეალურად არც ისე ბევრი უნდა იყოს შემთხვევა, როდესაც სასწრაფო უარს ამბობს პაციენტის გადაყვანაზე:

“რეალურად, კორონავირუსის ბევრმა შემთხვევამ ჯანდაცვის სისტემა შეარყია და, რა თქმა უნდა, ერთი მსგავსი შემთხვევაც დაუშვებელია, მაგრამ ვფიქრობ, რადგან ყველა მსგავსი ამბავი სოციალურ ქსელში მაინც ხვდება და ფართო გამოხმაურება აქვს, ამიტომაც გვეჩვენება, რომ რეალურად მრავალი ასეთი ფაქტია”.

კორონავირუსის სტატისტიკა აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში ბევრს არ სჯერა, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხეა. მეტიც, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თავად ზრდის სტატისტიკას, რათა კარანტინის გასაძლიერებლად და, შესაბამისად, ქუჩის აქციების ასაკრძალად მეტი ლეგიტიმაცია მოიპოვოს.

საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ კარანტინის შემდეგ ქუჩაში თავისუფლად გადაადგილება დაიწყო, აქტივისტთა სხვადასხვა ჯგუფმა ქუჩებში საპროტესტო აქციები გამართა. სტუდენტები, ფემინისტები, ადამიანის უფლებების დამცველები კვლავ გააქტიურდნენ. 

“იტყუებიან, რომ ამდენი დაინფიცირებულია, ეს უბრალოდ საბაბია, რომ მორიგ ჯერზე ჩაგვკეტონ სახლებში. ეს სტატისტიკა სისულელეა”,- წერს ფეისბუკზე ცნობილი აზერბაიჯანელი აქიტვისტი და ყოფილი პოლიტპატიმარი გიას იბრაგიმოვი, რომელიც ორწლიანი პატიმრობის შემდეგ პრეზიდენტმა ალიევმა შეიწყალა. გიას იბრაგიმოვი მას შემდეგ დააპტიმრეს, რაც ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლს დააწერა -“მონების დღეს გილოცავთ”.

როგორც კი კარანტინი შესუსტდა, გიას იბრაგიმოვი ხუთსართულიანი შენობის სახურავზე ავიდა და შს სამინისტროს წინააღმდეგ პლაკატი გაშალა, რითაც შაბათ-კვირის კარანტინის დროს [რომელსაც ბოლო სამი კვირაა ხელისუფლება აწესებს] პოლიციის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალადობა გააპროტესტა. 

ჯანდაცვის ექსპერტი ვასიფ ისმაილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ინფიცირებულთა რაოდენობას ხელოვნურად არ ზრდის, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ოფიციალური სტატისტიკა რეალობას არ შეესაბამება:

“დღესავით ნათელია, რომ ბოლოდროინდელი სტატისტიკა არ ასახავს რეალურ სურათს, თუმცა ეს არის, ზოგადად, სტატისტიკის მეთოდის პრობლემა. რეალური ციფრების გასაგებად მოსახლეობის სისტემური ტესტირებაა საჭირო. ჩემი აზრით, პირიქითაა ყველაფერი, დაინფიცირებულები და გარდაცვლილები იმაზე მეტია, ვიდრე გვეუბნებიან”. 

უკანასკნელი ოფიციალური სტატისტიკით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 12,729 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 154 პაციენტი, 6 799 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი