“ბოლო 14 დღეში აზერბაიჯანში Covid-19-ის შემთხვევები 50%-ით გაიზარდა”, – ამის შესახებ დღეს, 25 ივნისს, აზერბაიჯანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელობის ხელმძღვანელმა ჰანდა ჰარმანჯიმ ისაუბრა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 14 852 შემთხვევაა დადასტურებული, 180 ადამიანი კი გარდაცვლილი.
ოფიციალური ცნობითვე, ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში ამჟამად 6 613 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, ინფიცირების შემთხვევების მაღალი რაოდენობით, პირველ ადგილზე სომხეთია. დღეის, 25 ივნისის ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 771 შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 22 488 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 500-ზე მეტი პაციენტი.