ახალი ამბები

ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით კონკრეტულ დასკვნას ვერ გავაკეთებთ – შაქარიშვილის ოჯახი

22 ივნისი, 2020 • 1869
ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით კონკრეტულ დასკვნას ვერ გავაკეთებთ – შაქარიშვილის ოჯახი

გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, ამბობს, რომ ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით კონკრეტული დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.

გიორგი შაქარაშვილი დღეს, 22 ივნისს, მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. მის ცხედარს რამდენიმე საათის განმავლობაში სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა უტარდებოდა.

„ექსპერტიზის პირველადი მონახაზი არ იძლევა კატეგორიული დასკვნის გაკეთების საშუალებას. საჭიროა ლაბორატორიული კვლევა, ჯერჯერობით თავს შევიკავებთ იმის გაჟღერებისგან, თუ რა მოცემულობა არსებობს“, – ამბობს ნიკოლაძე ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, როგორც გამოძიებაში, ისე ექპსერტიზის დროს, ძალიან ბევრი ერთმანეთის გამომრიცხავი ფაქტორი არსებობს. შესაბამისად, იმის გარკვევას, მიიღო თუ არა გიორგი შაქარაშვილმა სიცოცხლის დროს რაიმე სახის დაზიანება – დამატებითი ლაბორატორიული კვლევა სჭირდება.

ოჯახი ამბობს, რომ მათი სამომავლო გეგემები ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი.


19 წლის გიორგი შაქარაშვილი დღეს, 4-დღიანი ძიების შემდეგ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე პოლიციამ უკვე დაიწყო მოკვლევა, ხოლო ცხედარს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.

ოჯახი ამბობს, რომ გამოძიების პარალელურად, საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტსაც ჩართავს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი. როგორც ტელეკომპანია „მთავართან“ ოჯახის მეგობარი ყვება, შაქარაშვილი გარდაცვალებამდე აგარაკზე გამართულ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც იქ მყოფ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მისი თქმით, შაქარაშვილი და მისი მეგობარი ჩხუბში მონაწილეობას არ იღებდნენ და ჩხუბში მონაწილე პირების გაშველებას ცდილობდნენ, წვეულების შემდეგ კი მათ უცნობი პირები ტრასაზე მანქანით აედევნენ, ისინი კი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ.

შაქარაშვილი ბოლოს მისმა მეგობარმა მაშინ ნახა, როდესაც ხევში სხვა პირთან ერთად ჩარბოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი