ახალი ამბებისაზოგადოება

20 ივნისი – ბიძგი პოლიტიკური ცვლილებებისთვის

20 ივნისი, 2020 • 3680
20 ივნისი – ბიძგი პოლიტიკური ცვლილებებისთვის

“თუ რაიმემ მოახდინა გავლენა საქართველოს პოლიტიკურ კლიმატსა თუ ლანდშაფტზე, ეს არის 20 ივნისის მოვლენები”, – აღნიშნავს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი 2019 წლის 20 ივნისის მნიშვნელობაზე საუბრისას. გასული წლის ივნისში სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციები, თავდაპირველი სახით, 3 თვის თავზე დასრულდა დასკვნითი პროტესტით პარლამენტთან.

თუმცა მისი გავლენა და გამოძახილები მთელი წლის განმავლობაში გასდევდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას – დაწყებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჯერ დაპირებითა და შემდეგ ჩაგდებით, გაგრძელებული ოპოზიციის კონსოლიდაციითა და საერთო მიზნისკენ შეთანხმებული სვლით.

“ანტისაკოკუპაციო პროტესტი სისტემური ცვლილებების მოთხოვნამდე მივიდა”

სალომე ბარკერი 20 ივნისის პროტესტის პირველივე საათებიდან პარლამენტის წინ იმყოფებოდა. აქციაზე იდგა შემდგომი თვეების განმავლობაშიც, როცა მოძრაობა “სირცხვილია” ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. გასული წლის მოძრაობის შედეგებზე საუბრისას აქტივისტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს, რომელთაც, მისი აზრით, სწორედ წინააღმდეგობამ მისცა ბიძგი.

მისი აზრით, ამ მოვლენებმა ხელისუფლებას დაანახა, რომ საზოგადოება არ არის ნიჰილისტურად განწყობილი რუსეთის საკითხისა და ოკუპაციის მიმართ, პროტესტზე პასუხით კი “ქართულ ოცნებას” ხელიდან გამოეცალა რიტორიკა, რომლითაც ის წლების მანძილზე მანიპულირებდა:

“ქართულ ოცნებას” ჰქონდა პოლიტიკა, რომ [წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით], ისინი არ არიან მოძალადეები. 2019 წლის 20 ივნისს კი სპეცრაზმს მისცეს თარეშისა და ნადირობის უფლება. იმ დღეს რაღაცნაირად აუშვეს ეს დაგეშილი ხალხი, თითქოს სისხლსა და ძალადობას მოწყურებულნი.

ესეც იმიტომ გაბედეს, ჩემი აზრით, რომ გადაწყვიტეს იმ აქციაზე მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები და მათი მხარდამჭერები იდგნენ და სულ რომ გადაევლოთ ხალხისთვის არავინ შეწუხდებოდა, ამის მაგალითებიც გვაქვს წინა წლებიდან. მათ ამ დამსჯელობით ოპერაციას შეეწირა ადამიანების ჯანმრთელობა.

კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა გასაგები, რომ განწყობა, “ესენი არ გვირტყამენ მაინც”, არასწორია. განმტკიცდა, რომ თუ ხელისუფლებას დასჭირდა, ის ყველაფერზეა წამსვლელი”, – აღნიშნავს სალომე ბარკერი.

აქტივისტს 20 ივნისის ღამეზე არანაკლებ მნიშვნელოვნად 21 ივნისი და შემდგომი დღეები მიაჩნია, როცა, მისი თქმით, “ოკუპაციის წინააღმდეგ  დაწყებული პროტესტი გადაიზარდა სისტემური ცვლილებების მოთხოვნაში”. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ შესრულდა ხელისუფლების უმთავრესი დაპირება პროპორციული არჩევნების შესახებ – ის, რასაც პარლამენტის წინ შეკრებილები ითხოვდნენ – აღნიშნული პროცესი ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა ოპოზიციის კონსოლიდაციისთვის, რაც ასევე დადებითი მოვლენაა.

“მანამდე თუ ამბობდნენ ოპოზიციური პარტიები, რომ ვერ ითანამშრომლებდნენ, რადგან ჰქონდათ განსხვავებული ხედვები და ჭამდნენ ერთმანეთს, თითქოს ყველამ დაინახა გაერთიანების საჭიროება. მე პირადად არ მიყვარს ეს თითქოს გაერთიანებები, რადგან არასდროს გამოდის, მაგრამ იყო ეს მომენტი, როდესაც ირძნეს, რომ ეს იყო მართლა საჭირო”, – ამბობს ის.

სალომე ბარკერი ამჟამად ქვეყანაში არსებულ ვითარებას, გასულ წელთან შედარებით, უარესად აფასებს:

“პოლიტპატიმრები გვყავს და პროპორციული არჩევნების საკითხიც სათუოა. არც გახარია არის გადაყენებული თანამდებობიდან, პირიქით, დაწინაურებულია”.

თუმცა, აღნიშნავს ერთ ტენდენციასაც:

” გაშიშვლებულია ყველას სახე. ამ 1 წელიწადში გაშიშვლდა იმდენი დეტალი, რომელზეც მანამდე წარმოდგენაც არ გვქონდა… ტროლების ფაბრიკა-ქარხნები, რომელთაც პროპაგანდისთვის ამუშავებენ თუ ხელისუფლებისადმი მიკერძოებული მედიის მუშაობა, რომელიც სრულიად ზღვარგადასული გახდა”.

აქტივისტს მიაჩნია, რომ ახლა მოქალაქეები პოლიტიკურად მეტად აქტიურები არიან, ვიდრე უწინ და გარდატყდა მიდგომებიც პოლიტიკაში ჩაურევლობის შესახებ. მისი თქმით, პოლიტიკასთან ახლო კონტაქტი არც მას მოსწონს, თუმცა ამჟამად უკეთეს გამოსავალს ვერ ხედავს:

“ძალიან დამღლელია, ძალიან არ მიყვარს ეს პროცესი და ნეტავ არ ვერკვეოდე არაფერში და არც ვიცოდე არავის სახელი და გვარი. მაგრამ არ შეიძლება ახლა ასე. ამიტომ, ყველა ის ადამიანი, რომელსაც, შესაძლოა, არავინ უყვარს დღეს, არც ოპოზიციაში და არც არსად, მაინც აქტიურობს და წინააღმდეგობას წევს”.

“20 ივნისი – ცვლილებების მომტანი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი”

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი 2019 წლის 20 ივნისს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან ბიძგად ქართულ პოლიტიკაში ბოლო 1 წლის მანძილზე მომხდარი ცვლილებებისათვის. უპირველეს მოვლენად კაჭკაჭიშვილს პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო დაწყებული ცვლილებები მიაჩნია.

“მართალია, არ გამოვიდა, ის, რაც 20 ივნისის შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, კერძოდ, მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომელიც ძალიან მნშვნელოვანი იქნებოდა პოლიტიკური კლიმატის გაჯანსაღებისთვის, მაგრამ მაინც, საარჩევნო სისტემა შეიცვალა. შეიცვალა უკეთესობისკენ”, – ამბობს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

სოციოლოგის აზრით, 20-მა ივნისმა დააჩქარა ე.წ. ორპლუსიანი სისტემის რყევა ქვეყანაში, რომლის პირობებშიც პოლიტიკურ ველზე მხოლოდ “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა” პოზიციონირებდნენ. იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, ორპოლუსიანობაზე საუბარი დღეს მხოლოდ პირობითად შეიძლება:

“ამ ფაქტმა გამოიწვია, პრაქტიკულად, მთლიანი ოპოზიციური ფრონტის თანამშრმლობა. ოპოზიციურ ფრონტზე აღარ იკვეთება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის გავლენა და ძალა. ოპოზიციური ფრონტი გახდა უფრო მრავალსუბიექტიანი და მრავალფეროვანი. ამის შედეგებს კონკრეტულადაც ვხედავთ, როდესაც ოპოზიციური პარტიები შეჯერდნენ საერთო მაჟორიტარებზე და ა.შ.”

კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საზოგადოების წინაშე ახლა უფრო ანგარიშვალდებულია, ვიდრე ჯერ კიდე 1 წლის წინ. მისი თქმით, ამაში დიდი როლი ითამაშა საერთაშორისო საზოგადოებამ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ოპოზიციური ჯგუფების ზეწოლა. სოციოლოგი ახზგასმით აღნიშნავს ძალასაც, რომელმაც 20 ივნისს და შემდეგ განსაკუთრებით ცხადად აჩვენა, რომ წარმოდგენები მისი პოლიტიკურ აპათიის შესახებ არასწორია: ახალგაზრდობა.

“პოლიტიკური შინაარსის ახალგაზრდული მოძრაობები გააქტიურდნენ ოპოზიციურ ფრონტზე. ეს ახალი სისხლი აღმოჩნდა საქართველოს პოლიტიკურ სტრქტურაში. მოსახლეობაში მუდივად იყო ეს განცდა, რომ ახალგაზრდოდა ნიჰილისტურად და აპათიურად არის განწყობილი პოლიტიკის მიმართ.

ამ ფაქტმა აჩვენა აქტიური ახალგაზრდების არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკაში არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან მიკუთვნებულობის კუთხით, არამედ როგორ დამოუკიდებელი სოციალურ-პოლიტიკური აქტორები. ეს მოძრაოებები, მათი ლიდერები, სრულიად აშკარად გამოიკვეთნენ, როგორც ანგარიშგასაწევი აქტორები”, – აღნიშნავს იაგო კაჭკაჭიშვილი.

1 წელი 20 ივნისიდან – პოლიტიკური ცხოვრების ქრონოლოგია

გრაფიკა წარმოადგენს 2019 წლის 20 ივნისის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური პროცესების ნაკრებს. პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო განვითარებული მოვლენებიდან ოპოზიციის გაერთიანებამდე, ქრომოლოგიურად წარმოგიდგენთ, რა ხდებოდა ქვეყნის პოლიტიკურ ველზე ბოლო 1 წლის განმავლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი