ახალი ამბებისაზოგადოება

გახარია და მისი მოადგილეები ჩვენებებში უარყოფენ, რომ 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება მათ გასცეს

2 აპრილი, 2020 • 4689
გახარია და მისი მოადგილეები ჩვენებებში უარყოფენ, რომ 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება მათ გასცეს

საქართველოს სახალხო დამცველი 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში სახალხო დამცველი აფასებს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან უფლებომისლების გადაჭარბებას სწავლობს 20, 21 ივნისის აქციის დარბევაზე. ამ გამოძიების ფარგლებში ბრალი 3 სამართალდამცველს წარუდგინეს.

ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილებაზე მომიტინგეთა დასაშლელად და გამოძიების ფარგლებში გამოკითხული პირების ჩვენებებს, ასევე პროკურატურის მიერ ომბუდსმენისთვის ნაჩვენებ საქმის მასალებს ეყრდნობა.

ანგარიშის მიხედვით, საქმის მასალები, კერძოდ პოლიციელთა და მაღალჩინოსანთა ჩვენებები, ასევე რაციის ჩანაწერები (მათი ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში), უთითებს, რომ არც შს მინისტრს, არც მის მოადგილეებს და არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ, თუმცა აცხადებენ, რომ არსებობდა საიდუმლო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა, მათ შორის, გაზის ჭურვებისა და რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობას.

ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქმის მასალებში მაშინდელი მინისტრი გიორგი გახარია და მისი მოადგილეები უთითებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებითა და თანხმობით მოხდა, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.

რას ამბობენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) მეთოფეები

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, გამოძიების ფარგლებში გამოკითხული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეები, პროკურატურაში მიცემულ ჩვენებში აცხადებენ, რომ ცრემლსადენი აირის ჭურვების გასროლაზე მათ ბრძანება მიიღეს, ხოლო არალეტალური ჭურვები, იგივე რეზინის ტყვიები, გამოიყენეს მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით, ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ბრძანების გარეშე.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში გდდ-ს მეთოფეები უთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს იყენებდნენ სიტუაციის მიხედვით, რადგან თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ზოგადი ნებართვა, რომ მზად ყოფილიყვნენ ყველა სიტუაციისთვის:

“გარდა ამისა, მათ მიუთითეს, რომ არალეტალური ჭურვების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა მათთვის არ მიუციათ ბრძანება, შეეწყვიტათ რეზინის ტყვიების გამოყენება. ჩვენებები, ფაქტობრივად, იდენტური ინფორმაციის შემცველი იყო ამ მიმართებით” ,- წერია ომბუდსმენის ანგარიშში.

ომბუდსმენის განცხადებით, გამოკითხული პირები თავდაპირველად არ უთითებდნენ და არც გამოძიება ეკითხებოდა, კონკრეტულად რომელ საკანონმდებლო ნორმებს გულისხმობდნენ ისინი, ან იცნობდნენ თუ არა სპეციალური საშუალებების გამოყენების პროცედურას შინაარსობრივად.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ნაწილის მეორედ გამოკითხვისას (სახალხო დამცველის წინადადების შემდეგ) კი გამოძიებას განუმარტეს, რომ მათ სპეციალური, მათ შორის, წიწაკის გაზის, ცრემლსადენი გაზისა და არალეტალური რეზინის ტყვიების საშუალებები გამოიყენეს კანონმდებლობის შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ კანონისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების დანაწესის შესაბამისად:

“გამოკითხული სამმართველოების უფროსების თქმით, რაციით გავრცელდა (გდდ) დეპარტამენტის უფროსის ბრძანება, მეთოფეებს აეღოთ აღჭურვილობა, მათ შორის, თოფებიც. გაზის გამოყენების შესახებ ბრძანება გასცა დეპარტამენტის დირექტორმა, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გაცემული არ ყოფილა და თანამშრომლებმა ინდივიდუალურად გამოიყენეს სიტუაციის შესაბამისად” ,- წერია ომბუდსმენის ანგარიშში.

ამავე დეპარტამენტის სხვა თანამშრომლების ჩვენებების თანახმად, ისინი იდგნენ პოლიციის კორდონში და პარლამენტის შენობას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იცავდნენ აგრესიული მომიტინგეების შეჭრისგან.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ისინი ჩვენებებში განმარტავდნენ, რომ ჰქონდათ ბრძანება, არ გამოეყენებინათ აქტიური სპეციალური საშუალებები მომიტინგეების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეები მათ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ართმევდნენ სპეციალურ აღჭურვილობას, იტაცებდნენ ცოცხალი ჯაჭვიდან და სცემდნენ.

“ისინი უთითებენ, რომ არ გამოუყენებიათ ფიზიკური ძალა აგრესიული მომიტინგეების მიმართ, არ დაუკავებიათ მომიტინგეები და მხოლოდ ფიზიკურად, მიწოლით არ აძლევდნენ პარლამენტის შენობაში შესვლის შესაძლებლობას” ,- წერია ანგარიშში.

საქმის მასალებზე დაყრდნობით, ომბუდსმენი ამბობს, რომ დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფების ხელმძღვანელი თანამდებობის პირებმა განმარტეს, რომ მათ პირად შემადგენლობას დავალებაზე გასვლამდე და შემდეგ ადგილზე ჩაუტარეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი.

ომბუდსმენის თქმით, მათი ნაწილი დეტალურად აღნიშნავს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძვლების და წესების შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარებას:

“რეზინის ჭურვების გამოყენებას თითქმის ყველა ხელმძღვანელი პირი ცალკე გამოყოფს. ისინი უთითებენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება იმწუთიერი საფრთხის არსებობისას ხდებოდა, კონკრეტული პოლიციელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მის მიერვე გარემოებების შეფასების საფუძველზე და აღნიშნულის უფლებამოსილებას პოლიციელს აძლევს კანონმდებლობა და ჩატარებული სწავლება.

ამასთან, პირადი შემადგენლობა მზად უნდა ყოფილიყო კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედებისთვის და „ზოგადი ნებართვა“ მიღებული ჰქონდათ, რისთვისაც გადაცემული ჰქონდათ შესაბამისი თოფები და რეზინის ვაზნები. არცერთი გამოკითხული პირი არ აღნიშნავს, რომ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია პოლიციელს ავალდებულებს, რეზინის ჭურვები ხელმძღვანელის ნებართვით გამოიყენოს” ,- ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.

დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისა და სამმართველოების განყოფილების უფროსების თქმით, გაზის გასროლაზე იყო ბრძანება, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე – არა.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მათი ჩვენებების თანახმად, “23:30 საათისთვის აგრესიული მოქალაქეების შეკავება შეუძლებელი გახდა და გაზის თოფით აღჭურვილმა მეთოფეებმა ხელმძღვანელობისგან მიიღეს გაზის ჭურვის გამოყენების მითითება”. რაც შეეხება რეზინის ტყვიებს, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ეს პირები ამბობენ, რომ აღნიშული აღჭურვილობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გამოიყენეს.

რას აბობენ შს მინისტრი და უწყების ზედა რგოლში დასაქმებულები

ომბუდსმენის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ასევე გამოიკითხნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მისი მოადგილეები: კახაბერ საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე. მოგვიანებით (სახალხო დამცველის წინადადების შემდეგ) დაიკითხა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა.

ანგარიშის მიხედვით, ჩვენებების თანახმად, გიორგი გახარია, კახაბერ საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე 2019 წლის 20 ივნისის 22 საათიდან იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არსებული ვითარების ადგილზე გაცნობისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მათი ჩვენებების თანახმად, პოლიცია ორი საათის განმავლობაში მხოლოდ პასიური საშუალებებით იცავდა პარლამენტის შენობას და საკუთარ უსაფრთხოებას. აქტიური საშუალებების გამოყენება დაიწყო დაახლოებთ 00:00 საათისთვის.

ომბუდსმენის თქმით, მინისტრი და მისი მოადგილეები უთითებენ, რომ ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა მათი ბრძანებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული პირების, ასევე ლევან კაკავას ჩვენებით, ღონისძიების საერთო ხელმძღვანელად განისაზღვრა კახაბერ საბანაძე, ხოლო პასუხიმგებელ პირებად- მინისტრის მოადგილეები საკურატორო სფეროების მიხევდით. ლევან კაკავას საკურატორო სფეროში შემავალი სამსახურების – დაცვის პოლიციისა და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის – ღონისძიებისთვის მობილიზებული თანამშრომლები სამართავად გადაეცათ უშუალოდ ველზე მყოფ მოადგილეებს – კახაბერ საბანაძესა და ვლადიმერ ბორცვაძეს, ხოლო მან ლოჯისტიკური მიმართულება ჩაიბარა.

“ლევან კაკავას ჩვენებით, საკუთარი მიმართულების უზრუნველყოფისთვის, 20-21 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, გულუას ქუჩაზე, და განვითარებულ მოვლენებს თვალს ტელევიზიების საშუალებით ადევნებდა. შესაბამისად, იგი დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს ღონისძიების დაწყების, მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ.

როგორც მისთვის ცნობილია, რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით კონკრეტული ბრძანება სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მიერ არ გაცემულა, თუმცა სამართალდამცავებს მისი გამოყენების უფლება ჰქონდათ და მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში” ,- წერია ანგარიშში.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, გამოძიების ფარგლებში ასევე გამოიკითხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) დირექტორიც, რომლის ჩვენების თანახმად, 20 ივნისს პარლამენტთან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მას დაევალა.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ იგი უთითებს გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა სპეციალური საშუალებების, მათ შორის, გაზისა და რეზინის ჭურვების გამოყენებას. იგი უთითებს, რომ მოადგილეებს მისცა შესაბამისი დავალებები და ასევე მიუთითა დაქვემდებარებულებისთვის სათანადო ინსტრუქტაჟის ჩატარების შესახებ:

“ინსტრუქტაჟი ითვალისწინებდა, რომ თანამშრომლები მზად უნდა ყოფილიყვნენ ყველა სახის სიტუაციაში მოქმედებისთვის და სრულად ყოფილიყვნენ აღჭურვილი პასიური და აქტიური სპეციალური საშუალებებით. გდდ-ს დირექტორი უთითებს, რომ პარლამენტის შენობასთან პირადად მივიდა დაახლოებით 16:00 საათზე და დანაყოფების მეთაურებს ჩაუტარა თათბირი.

სპეციალური აღჭურვილობით, თოფების გარდა, ცოცხალ ჯაჭვში პოლიციელების ჩაყენების მითითება მიიღო კახაბერ საბანაძისგან. მისი ცნობით, ამ დროისთვის თოფები მანქანებში, მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მათი გამოყენება შეიძლება მოეხდინათ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში”, – ვკითხულობთ სპეციალურ ანგარიშში.

ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ გდდ-ს უფროსი უთითებს, რომ რამდენჯერმე მინისტრის მოადგილეებიც გავიდნენ ველზე და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. საქმის მასალების მიხედვით, იგი უთითებს, რომ 23:30 საათზე, როცა პოლიციელების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე, მან რაციით გადასცა ინფორმაცია მოადგილეებს და მინისტრის თანხმობით მიიღო გაზის გამოყენების ბრძანება. მან ბრძანება ჩაშალა თავის დაქვემდებარებულ მეთაურებზე და გასცა ბრძანება, მეთოფეებს აეღოთ თოფები და დაეწყოთ გაზის გასროლა:

“იგი (გდდ-ს უფროსი) უთითებს, რომ შეიტყო, რომ ზოგმა მეთოფემ საკუთარი ინიციატივით გამოიყენა რეზინის ჭურვები, მაგრამ არ ახსოვს, თუ ვისგან გაიგო ეს ინფორმაცია. უთითებს, რომ რეზინის ჭურვების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუცია. პირადად რეზინის ჭურვების გასროლას არ შესწრებია, თუმცა ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მეთოფეებმა რეზინის ჭურვები ისროლეს კანონის შესაბამისად, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. იგი აცხადებს, რომ რეზინის ჭურვების გამოყენების შესახებ მალევე აცნობა მინისტრს და მოადგილეებს, თუმცა პირადად გადასცა ეს ინფორმაცია ხელმძღვანელებს, თუ რაციით, ასევე არ ახსოვს” ,- წერია ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში.

რა მტკიცებულებებია საქმეში

ომბუდსმენის თქმით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია რაციის ჩანაწერები და მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ რეზინის ტყვიების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის თქმით, რაცია წარმოადგენს ნეიტრალურ მტკიცებულებას და მისი სანდოობის ხარისხი მაღალია.

ომბუდსმენის თქმით, 2019 წლის 24 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ექსპერტიზის ჩატარების წინადადებით, რათა გამორიცხული იყოს მათი ფაბრიკაცია. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ თუ ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდა,  მინისტრს ღონისძიების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის აქციის დაშლის მიმდინარეობისას რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუციათ:

“რაციების ჩანაწერიდან და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მინისტრის თანხმობით, მინისტრის მოადგილეებისაგან მიიღო მხოლოდ ცრემლსადენი აირის გამოყენების ბრძანება, რაც მან ჩაშალა მის დაქვემდებარებულ პირებზე, გასცა თოფების აღებისა და აირის ჭურვის გასროლის ბრძანება”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რაციების ჩანაწერების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისის 23:36 წუთზე უბრძანა მის მოადგილეებსა და სხვა დაქვემდებარებულ პირებს (მათ შორის, გდდ-ს დირექტორს), რომ აქციის დაშლისას გამოყენებული არ ყოფილიყო რეზინის ტყვიები, თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ, ტელეკომპანიების მიერ გადაღებული კადრები უთითებს, რომ რეზინის ტყვიების გასროლა მალევე, 00:00 საათის დადგომისას დაიწყო:

“მიუხედავად ამისა, 21 ივნისის 00:16 წუთზე გდდ-ს დირექტორმა ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ თოფებს არ იყენებენ. რაციის ჩანაწერების მიხედვით, რეზინის ტყვიების არგამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანება გამეორდა 00:36 საათზეც, რომელიც კვლავ არ შესრულებულა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ომბუდსმენის თქმით, 02:34 საათზე გდდ-ს დირექტორმა რეზინის ტყვიების გასასროლად დამატებითი ნებართვა ითხოვა, თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზე კურატორი ხელმძღვანელისგან – კახაბერ საბანაძისგან – უარი მიიღო, რომლის მიღებაც დაადასტურა.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულის მიუხედავად, ტელეკომპანიების ჩანაწერიდან იკვეთება, რომ მალევე კვლავ გაგრძელდა რეზინის ტყვიების ხშირი სროლა.

შესაბამისად, ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქმის მასალები მიუთითებს, რომ სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს (მინისტრსა და მის მოადგილეებს) არ გაუციათ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება.

ომბუდსმენის თქმით, მინისტრისა და მისი მოადგილეების რაციის ჩანაწერებიდან (რომელიც საქმეში დევს) ირკვევა, რომ მათ კატეგორიულად გამორიცხეს რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა, მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეებმა, რომელთაც სამსახურებრივადაც და ადგილზეც დეპარტამენტის დირექტორი ხელმძღვანელობდა, გაისროლეს დაახლოებით 800-მდე რეზინის ტყვია, ხოლო დეპარტამენტის დირექტორს აღნიშნული ქმედებების აღსაკვეთად არავითარი საშუალებისთვის არ მიუმართავს. ომბუდსმენის თქმით, ამასთან, იგი ვალდებული იყო, შეესრულებინა საკუთარი უშუალო ხელმძღვანელების – მინისტრისა და კურატორი მოადგილის ბრძანებები:

“თუმცა საყურადღებოა ისიც, რომ მინისტრი და მისი მოადგილეები ჩვენებებში უთითებენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებისთანავე, მალევე მათთვის ცნობილი გახდა [ამის შესახებ], თუმცა არ აკონკრეტებენ ზუსტ დროს. მიუხედავად ამისა არანაირი ღონისძიებისთვის არ მიუმართავთ, რომ მათი გაცემული ბრძანება შესრულებულიყო, მით უმეტეს, რეზინის ტყვიების გამოყენება არ იყო ერთჯერადი და ხანმოკლე ვადით.

თუმცა საგულისხმოა, რომ მინისტრისა და მისი მოადგილეებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდების საშუალება (პირადი ვერბალური კომუნიკაცია, რაცია, მობილური ტელეფონი, ტელეკომუნიკაცია და სხვა) გამოძიებას დადგენილი არ აქვს, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები (გარდა გდდ-ს დირექტორის ზოგადი მითითებისა ხელმძღვანელობის ინფორმირების შესახებ) ამ გარემოებას არ ადასტურებს”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, გამოძიებით მოპოვებული არ არის ოპერაციის მართვაში ჩართული ყველა რგოლის სამართალდამცველის რაციის ჩანაწერი. ასევე ომბუდსმენი ითხოვს, დაინიშნოს და ჩატარდეს ექსპერტიზები რაციების ჩანაწერებში არსებული ხმის წყვეტის მიზეზის დადგენის მიზნით იმ პერიოდში, როდესაც წყდებოდა სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხი (დაახლოებით 20 ივნისის 21:50 საათიდან 21 ივნისის 02:50 საათამდე პერიოდში);

ომბუდსმენის დასკვნა

“20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, მრავალი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიუხედავად, კვლავ შორსაა საქმეზე სრული სურათის შექმნისაგან. 3 ეპიზოდის ცალკე გამოყოფის, 3 პირის ბრალდებულად ცნობისა და 8 პირის დაზარალებულად ცნობის მიუხედავად, ამ ეტაპზე გამოძიება კვლავ პოლიციის რიგით თანამშრომლებზე ფოკუსირდება და არ არის მიმართული პოლიციის ხელმძღვანელთა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისაკენ”, – ასე აფასებს ომბუდსმენი პროკურატურაში 20 ივნისის მოვლენებზე სამართალდამცველების წინააღმდეგ მიმართულ გამოძიებას.

ომბუდსმენის შეფასებით, გამოძიება მნიშვნელოვანი და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აგვიანებს, ხოლო კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოირჩევა საჭირო გულისხმიერებით (განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვისას არ დაისვა კონკრეტული და დეტალური კითხვები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით). შესაბამისად, გამოძიებას ამ ეტაპისთვის აქვს ხარვეზები დროულობისა და ზედმიწევნითობის კომპონენტებში, რაც გამოძიების ეფექტიანად შეფასებისთვის არსებითად შემაფერხებელი წინაპირობაა.

ომბუდსმენის თანახმად, ანგარიშში მითითებული ვიდეომასალის მიხედვით, არალეტალური იარაღის გამოყენებისას პოლიციის თანამშრომლების ან სხვა პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდა აქციაში მონაწილე პირების მხრიდან იმწუთიერ და იმგვარ მასობრივ თავდასხმას, რაც ისეთ საფრთხეს შეუქმნიდა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, რომ პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს ერთად, ხელმძღვანელი პირის ბრძანების გარეშე მიეღო გადაწყვეტილება სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით არალეტალური ჭურვების გამოყენების თაობაზე, რაც რამდენიმე პოლიციელის მიერ ერთობლივად არალეტალური ჭურვის გასროლას მათი მიმართულებით პროპორციულ მართლზომიერ მოგერიებად აქცევდა.

“20-21 ივნისის აქციის დაშლისას მეთოფეების მიერ არალეტალური ჭურვების გამოყენება კანონმდებლობით დადგენილი ბრძანების არარსებობის, ჭურვების რაოდენობისა (რამდენიმე ასეული) და მეთოფეების (რამდენიმე ათეული) რაოდენობის, ლოკაციის ფართობის (როგორც უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ, ასევე, რუსთაველის გამზირის სხვა მონაკვეთებზე), რამდენიმესაათიანი პერიოდის ხანგრძლივობით და დაშავებული მომიტინგეების რაოდენობისა და დაზიანებების ხარისხის მიხედვით არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად”, – აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, “პოლიციის თითოეულმა თანამშრომელმა დაარღვია მათი ვალდებულება, შეკრება-მანიფესტაციების დაშლის დროს არალეტალური ჭურვები გამოიყენონ მხოლოდ ხელმძღვანელის ბრძანების გაცემის საფუძველზე. ასევე, იკვეთება უშულოდ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებიც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ ღონისძიებას და თავის დაქვემდებარებაში მყოფ პირად შემადგენლობას არ მისცეს სათანადო მითითებები, გამოეყენებინათ ან შეეწყვიტათ რეზინის ტყვიების გამოყენება”.

შესაბამისად, სახალხო დამცველის მიაჩნია, რომ ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების შესრულებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტების დადგენა, არამედ იმ პირთა მოქმედებისა თუ უმოქმედობის სამართლებრივი შეფასება, ვინც ხელმძღვანელობდა ამ პროცესს.

“სწორედ ამ პირთა პასუხისმგებლობის დადგენის/გამორიცხვის მიზნით, აუცილებელია შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდეს სახალხო დამცველის მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებები”.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ექვსჯერ მიმართა გენერალურ პროკურატურას წინადადებით. წინადადებებით (რომლებიც რამდენიმე მოქმედების ჩატარებას მოიცავდა ხოლმე) სახალხო დამცველმა მოითხოვა 21 კონკრეტული ქმედების განხორციელება. აქედან 20 მოთხოვნა მიემართებოდა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, დამატებით ერთი კი – სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას. 21 მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა 11, ხარვეზიანად ან/და ნაწილობრივ შესრულდა 3, არ შესრულდა 7 მოთხოვნა, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.

შესრულდა სახალხო დამცველის შემდეგი წინადადებები:

გამოიკითხოს/დაიკითხოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამდებობის პირები, რომელთა დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავები ახორციელებდნენ 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლას მათ მიერ გაცემული ბრძანებების შინაარსის, დროისა და პირადი შემადგენლობის მიერ თითოეული ბრძანების შესრულების გარემოებების შესახებ;

ჩატარდეს სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გარდა, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების შესაძლო მონაწილეობა 20-21 ივნისს აქციის დაშლის პროცესში და მათი შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხი.

გამოძიების მიერ დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან კაკავას მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ „პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და აღდგენის ღონისძიებების გეგმით“ გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულების გარემოებები, ფარგლები ან/და აღნიშნული უფლებამოსილებების შეუსრულებლობის შედეგები;

გამოძიების მიერ დადგინდეს, 2019 წლის 20-21 ივნისს გაცემულ იქნა თუ არა და ვის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება;

გამოძიების მიერ მოპოვებულ და შესწავლილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად მოქალაქეთა დაზიანებებთან დაკავშირებით შედგენილი შესაბამისი სრული დოკუმენტაცია (კერძოდ, აცნობა თუ არა რომელიმე პირმა, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროკურატურას გამოყენებული სპეციალური საშუალებებისა და მოქალაქეთა დაზიანების შესახებ ინფორმაცია, ან/და შედგა თუ არა შსს თანამშრომლების მიერ წერილობითი დოკუმენტაცია ღონისძიებაში მისი/მათი მონაწილეობის გარემოებებისა და შედეგების შესახებ);

გამოიკითხონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ის ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც გამოკითხულ თანამშრომელთა ჩვენებების თანახმად, 2019 წლის 20-21 ივნისს, დავალებაზე გასვლის წინ პირად შემადგენლობას ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი მათ მიერ გაცემულ მითითებებთან დაკავშირებით;

დამატებით გამოიკითხონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მათ მიერ ხელმძღვანელობისგან მიღებული ინსტრუქტაჟის შინაარსის შესახებ დეტალურად;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომელთა გამოკითხვა განხორციელდა შემდგომ პერიოდში, დეტალურად გამოიკითხონ მათ მიერ მიღებული/გაცემული ინსტრუქტაჟის შესახებ;

გამოიკითხოს/დაიკითხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი 2019 წლის 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე მისი ფუნქციების, მის მიერ გაცემული ბრძანებების შინაარსის, დროისა და პირადი შემადგენლობის მიერ თითოეული ბრძანების შესრულების გარემოებების შესახებ;

გამოიკითხოს/დაიკითხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას მათი ფუნქციის, როლის, მიღებული ბრძანებების/მითითების/დავალების და განხორციელებული ქმედებების შესახებ;

ამოღებული და შესწავლილი იქნეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით შედგენილი ყველა დოკუმენტი.

ნაწილობრივ ან/და ხარვეზიანად შესრულდა შემდეგი წინადადებები:

  1. გამოძიების მიერ დეტალურად და დროულად იქნეს მოპოვებულ და შესწავლილი 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, უშუალოდ აქციის დაშლის პერიოდში და შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების მიერ შედგენილი სრული დოკუმენტაცია: მათ შორის, ოპერატიული შეტყობინებები, ბრძანებები, ინსტრუქციები, მითითებები, პატაკები, სარეგისტრაციო ჟურნალები, ტექნიკური საშულებებით (მათ შორის რაციით) გადაცემული შეტყობინებები;
  2. გამოიკითხოს/დაიკითხოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ აქციის დაშლისას და შედეგ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებებისას კანონის მოთხოვნათა შესრულებაზე, რა სახის ღონისძიებები იქნა გატარებული მათ მიერ, როდესაც მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამართალდამცავების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა კონკრეტული პირების მიმართ ძალის გადამეტებას და აღნიშნული პირდაპირ ეთერში ვრცელდებოდა მედიასაშუალებების მიერ, რათა დადგინდეს, ერთი მხრივ, აქტიური ქმედებების – ბრძანებებისა და ინსტრუქციის გაცემის შინაარსი და კანონშესაბამისობის ფარგლები, მეორე მხრივ კი, უმოქმედობით ჩადენილი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათი;
  3. დათვალიერდეს რუსთაველის გამზირის მხრიდან საქართველოს პარლამენტის სასახლის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიის; აგრეთვე ქაშუეთის ეკლესიისა და სასტუმრო თბილისი მარიოტის მიმდებარე ტერიტორიის ამსახველი გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ ჩაწერილი ვიდეომასალები, რათა დადგინდეს რეზინის ტყვიების გამოყენების გარემოებები.

არ შესრულებულა შემდეგი წინადადებები:

    1. განმეორებით გამოიკითხოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე, მათ მიერ, როგორც 20-21 ივნისის ღონისძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელი და ხელმძღვანელი პირების მიერ, რა ღონისძიებები იქნა გატარებული უშუალოდ აქციის დაშლის პერიოდში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტების აღკვეთის მიზნით;
    2. ამოღებული იქნეს 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის მართვაში მონაწილე ყველა რგოლის სამართალდამცავი პირის რაციის ჩანაწერი;
    3. გაირკვეს, თუ რა მიზეზით არ იქნა მოპოვებული სხვა თანამშრომელთა რაციის ჩანაწერები, მაშინ როცა კომუნიკაციაში მკაფიოდ ისმის სხვა რაციების არსებობა;
    4. დაინიშნოს და ჩატარდეს ექსპერტიზები რაციების ჩანაწერებში არსებული ხმის წყვეტის მიზეზის დადგენის მიზნით იმ პერიოდში, როდესაც წყდებოდა სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხი (დაახლოებით 20 ივნისის 21:50 საათიდან 21 ივნისის 02:50 საათამდე პერიოდში);
    5. ამოღებული იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების – მინისტრის, მისი მოადგილეების (ოპერაციაზე პასუხისმგებელი), განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორების, სამმართველოს, განყოფილების, ქვეგანყოფილების და ყველა მეთოფის მობილური ტელეფონი და დაინიშნოს ექსპერტიზა სატელეფონო შეტყობინებების, სოციალური ქსელების საშუალებით განხორციელებული მიმოწერის მოპოვების მიზნით;
    6. გამოიკითხოს/დაიკითხოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის მართვაში მისი ფუნქციების, გაცემული ბრძანებების შინაარსის, დროისა და მის მიერ გაცემული ბრძანებების შესრულების გარემოებების შესახებ;
    7. 7. დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ.

პარალელურად, სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, მჭიდროდ ითანამშრომლოს დაზარალებულებთან, აწარმოოს მათთან დიალოგი და ყოველ შემთხვევაში, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განუმარტოს მათ, თუ რატომ ვერ ხერხდება მათთვის საქმის მასალების სრული მოცულობით გაცნობა. სხვა მოქალაქეების პარალელურად, ასევე, ინტენსიურად იმუშაოს ჟურნალისტების დაზიანების ეპიზოდებზე და მიანიჭოს მათ დაზარალებულის სტატუსი.

“სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობას და იმედს ვიტოვებთ, პროკურატურა უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტის დაკმაყოფილებას შემდგომ ეტაპებზე”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი