ახალი ამბებიკომენტარი

20 ივნისს დაშავებულები – დავით ქურდოვანიძე [ვიდეო]

19 ივნისი, 2020 • 3866
20 ივნისს დაშავებულები – დავით ქურდოვანიძე [ვიდეო]

დავით ქურდოვანიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვისაც 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცველების მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა და თვალი დაუზიანდა. როგორც დავითმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, ხუთი ოპერაციის შემდეგ ექიმებმა მისთვის თვალის ნაწილის აღდგენა მოახერხეს, თუმცა ამ დროისთვის მხედველობის მხოლოდ 2% აქვს აღდგენილი.

დავითის თქმით, რეზინის ტყვია წარბთან მაშინ მოხვდა, როდესაც ოპერისა და ბალეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ადამიანის დახმარებას ცდილობდა, მოხვედრილი ტყვიის შედეგად კი თვალის ზემოთ ძვალი სრულად დაემსხვრა.

როგორც დაშავებულთა უმეტესობას, დავითს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.

2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაშავდა 240-დე ადამიანი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი, რამდენიმემ- მხედველობა. დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმაც და სამართალდამცველებმა.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნდათ და პროტესტს აგრძელებდნენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით. პერმანენტული აქციები რუსთველის გამზირზე თვეზე მეტხანს გრძელდებოდა. ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და სრულად პროპორციული მოდელით ჩაატარებდა 2020-ის არჩევნებს, თუმცა “ოცნების” დეპუტატებმა ინიცირებული ცვლილებების პაკეტი ჩააგდეს, რასაც მოჰყვა მმართველი გუნდის კრიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ასევე აშშ-ს და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელი წრეებიდან, საბოლოოდ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ პროპორციულთან მიახლოებულ 120/30 მოდელზე, რომლის კენჭისყრაც ჯერ არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი