ახალი ამბები

ყველაფერი, რაც რ2-ის საქმეზე უნდა იცოდეთ

24 ივლისი, 2019 • 4090
ყველაფერი, რაც რ2-ის საქმეზე უნდა იცოდეთ

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2“ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადავიდა, თუმცა ტელეკომპანიისთვის დავა არ წყდება. „ნეტგაზეთმა“ შეაჯამა, ვინ რაზე დავობს ამ საქმეში, ვინ რას ამბობს საკვანძო ეპიზოდებზე და სად გამორიცხავს და სად ემთხვევა მათი ვერსიები ერთმანეთს. 

ძირითადი მოთამაშეები

„რუსთავი 2“-ის საქმეს ახლა ოთხი მნიშვნელოვანი უშუალო მოთამაშე ჰყავს:

  1. აწ უკვე ყოფილი მესაკუთრეები: ბიზნესმენი ძმები, გიორგი და ლევან ყარამანიშვილები (რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან არიან დაახლოებულები) და „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას შვილი, ნიკოლოზ ნაყოფია. ისინი, ჯამში, ფაქტობრივად, წილების 91%-ს ფლობდნენ. მათ ახლა ისღა დარჩენიათ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამავე სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივრონ;

    • დარჩენილი 9%-იანი წილის მფლობელი იყო ნინო ნიჟარაძე — ნიკა გვარამიამდე არხის გენერალური დირექტორის, გოგი გეგეშიძის ქვრივი. იგი სტრასბურგში არ დავობდა — 2019 წელს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოში წამოიწყო თანამეწილეების წინააღმდეგ დავა არხის შიდა ფინანსებთან დაკავშირებით;
  2. ქიბარ ხალვაში — უკვე ახლანდელი მესაკუთრე, რომელიც არხს 2004-06 წლებშიც ფლობდა. იგი ამბობს, რომ არხის გაყიდვა დააძალეს. თავისი არგუმენტებით მან საქართველოში სამი ინსტანციის დავა მოიგო (სტრასბურგის სასამართლოს არ დაუდგენია დარღვევები საქმის წარმოებაში). ხალვაშს ბოლო წლებში არ უსაუბრია იმაზე, თუ რა ხდებოდა მანამ, სანამ მას არხს გადაუფორმებდნენ;
  3. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე — „რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებლები, რომლებმაც 2004 წელს გაყიდეს თავიანთი წილები. ისინი უკვე წლებია აცხადებენ, რომ წილები ძალით, ნების საწინააღმდეგოდ გააყიდინეს. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ დაასრულოს საქმის რეალური გარემოებების გამოძიება;
  4. ირაკლი ოქრუაშვილი — „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი გავლენიანი მინისტრი, რომელიც მოგვიანებით პარტიას განუდგა. იგი აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშმა 2004 წელს სწორედ მისი „ზურგით“ შეისყიდა „რუსთავი 2“, ხოლო აქიმიძემ და დვალმა თავიანთი წილები მოლაპარაკებების შედეგად დათმეს და არა ზეწოლით; შესაბამისად, ის აცხადებს, რომ ტელეკომპანია მას ეკუთვნის. იგი ახლა აპირებს, დაიწყოს სასამართლო დავას საკუთრების ნაწილში.

რა ხდება?

2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაუდგენია. ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

იმავე დღეს, რამდენიმე საათში, სახელმწიფომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია — ჯერჯერობით ერთადერთი გათავისუფლებული თანამშრომელი — ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

არხის ჟურნალისტებისა და სხვა თანამშრომლებისათვის ახლა გადამწყვეტია გარანტიები, რომ შეინარჩუნონ ის სარედაქციო პოლიტიკა — ხელისუფლების კრიტიკისკენ მიმართული — რაც აქამდე ჰქონდათ. ყოფილ მფლობელებს შეუძლიათ, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივრონ [პარალელურად ყარამანიშვილებს ნინო ნიჟარაძე ისევ უჩივის].

თუკი დიდმა პალატამ ან არ მიიღო განხილვაში საჩივარი, ან იგივე გადაწყვეტილება დატოვა, ეს საბოლოოდ ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ ფლობდა არხს ქიბარ ხალვაშის (2006 წ) შემდეგ.

დაუსრულებელი დავა

თუმცა დავები არც ამით სრულდება. სტრასბურგში განხილული ეს საქმე 2006 წლამდე მიმდინარე მოვლენებს არ შეხებია. არადა, მოვლენები მანამდეც საინტერესოდ ვითარდებოდა — ამ პერიოდებშიც სამაკათოა წილების გასხვისების ეპიზოდები.

ეს საქმე ასე რომ არ დასრულდებოდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე აშკარა გახდა: როგორც კი ქიბარ ხალვაში მეპატრონედ დარეგისტრირდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელმა გავლენიანმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა (რომელიც მოგვიანებით ენმ-ს განუდგა) განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“ სწორედ მისი [ოქრუაშვილის] ზურგით შეისყიდა. ხალვაში ოქრუაშვილის მეგობარი იყო.

ოქრუაშვილი ახლა იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ქიბარ ხალვაში ნომინალური ფიგურა იყო და ტელეკომპანიის რეალური მფლობელი თვითონ იყო. ეს დავები პირდაპირაა დაკავშირებული 2003-04 წლებში განვითარებულ სხვადასხვა მოვლენასთან, მათ შორის „ვარდების რევოლუციასთან“, „რუსთავი 2“-ის როლთან, არხის დამფუძნებლებთან თუ სხვა მრავალ აქტორთან.

 

„ვარდების რევოლუციამდე“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 1994 წელს ქალაქ რუსთავში დააფუძნა სამმა თანამოაზრემ — დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და ეროსი კიწმარიშვილმა. სამივე მათგანი რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიის თანაბარ წილს — 33.3%-ს — ფლობდა.

ეს ვითარება შეიცვალა 2001 წელს, როდესაც მფლობელებმა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნიკა ტაბატაძეს დაუთმეს 3.33%-იანი წილები. შედეგად, 2001 წლიდან წილები ასე გადანაწილდა:

  • ჯარჯი აქიმიძე — 30%
  • დავით დვალი — 30%
  • ეროსი კიწმარიშვილი — 30%
  • ნიკა ტაბატაძე — 10%

წილების პროცენტული გადანაწილება 2001-2004 წლებში

ამ დროისათვის „რუსთავი 2“ უკვე ქვეყნის ყველაზე მსხვილ კერძო ტელევიზიად იყო ქცეული, რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობას ხშირად აკრიტიკებდა — ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში არხის შესახებ.

რ2-მა 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა — ამავე ანგარიშის თანახმად, მათ გამოაქვეყნეს ოფიციალური შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებული ეგზიტპოლი, რომლის თანახმადაც არჩევნებში ენმ ლიდერობდა; მათ მიერ არჩევნების გაშუქებამ ბიძგი მისცა საპროტესტო აქციებს, რაც საბოლოოდ შევარდნაძის გადადგომითა და ხავერდოვანი რევოლუციით დასრულდა.

„აზრთა სხვადასხვაობა“

ახალი გუნდი ხელისუფლებაში ქვეყნის მრავალმხრივად შეცვლისა და მოდერნიზაციის ამბიციით მოვიდა. ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის (იგი 2014 წელს გარდაიცვალა) თანახმად, ახალი იდეები გაჩნდა რ2-შიც. თუმცა, როგორც არხის მეორე დამფუძნებელმა, დავით დვალმა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში თქვა, 2004 წლის დასაწყისში რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა:

„ხედვები არ დაემთხვა. მე და ჯარჯი ვიყავით იმის მომხრე, რომ რუსთავი 2 თავისუფალ და კრიტიკულ ტელევიზიად დარჩენილიყო, ხოლო ეროსი თვლიდა, რომ ტელეკომპანია მხარში უნდა დადგომოდა ხელისუფლებას და ამოცანების შესრულებაში დახმარებოდა“.

ეროსი კიწმარიშვილი „სტუდია მონიტორთან“ 2008 წლის ინტერვიუში ამბობდა, რომ რევოლუციის შემდეგ ჰქონდა იდეა, მფლობელებს „რუსთავი 2“ გადაეცათ „ჟურნალისტებისა და აქტიური საზოგადო მოღვაწეებისთვის“ — 20-30 ადამიანისთვის — და ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილს ესაუბრებოდა ხოლმე. დავით დვალი კი ამბობს, რომ მას ტელევიზიის ბედზე არაფერი ჰქონდა სააკაშვილთან სალაპარაკო.

„ამ თემაზე რამდენჯერმე ვესაუბრე მიშა სააკაშვილს. ერთ მშვენიერ დღეს, მის ინაუგურაციამდე, მისგან მივიღე მოპატიჟება კრწანისის სახელმწიფო სამთავრობო რეზიდენციაში“, — ამბობდა კიწმარიშვილი. „როცა ავედი, დამხვდნენ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. საუბარი შეეხო ზუსტად ამ [ჟურნალისტებისთვის გადაცემის] თემას“.

კიწმარიშვილის მონათხრობის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი — რომელიც „ქართული ოცნების“ დაფუძნებამდე წლებით ადრე ენმ-ის უკან მდგარ ერთ-ერთ ფინანსურ ბერკეტად მოიაზრებოდა — დათანხმდა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელებისგან გამოისყიდიდა საკონტროლო პაკეტს, რომელიც შემდეგ ჩუქებით გადაეცემოდა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს და ჟურნალისტებს. თუმცა ეს აღარ გამოვიდა, რადგან, როგორც კიწმარიშვილმა თქვა, სააკაშვილს უკვე „სხვა ინტერესები“ გაუჩნდა.

„ქვეყნის შენებას ასე სჭირდება“

დავით დვალმა „ნეტგაზეთს“ 2015 წელს უამბო: „საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, თითქმის აღარც გვქონდა კონტაქტი [კიწმარიშვილთან]… ამ ფონზე ნელ-ნელა რაღაც უცნაური მოვლენები დაიწყო, მაგალითად, შემოგვითვალეს [ეროსი კიწმარიშვილის პირით], რომ სააკაშვილს სურდა ჩვენი ნახვა და ტელევიზიის მომავალზე საუბარი… მე ვუპასუხე, რომ სააკაშვილთან ტელევიზიის ბედზე სალაპარაკო არაფერი მქონდა“.

ზურაბ ადეიშვილი

ამის შემდეგ, დვალის თანახმადვე, გამოჩნდა ადამიანი, ასე ვთქვათ, „მესინჯერი“ — რომელიც „სხვა მხრიდან“ მიუდგა მათ და უთხრა, რომ ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს — მოგვიანებით ხელისუფლების ალბათ ყველაზე გავლენიან ფიგურებს — უნდოდათ მასთან და აქიმიძესთან დალაპარაკება. მოგვიანებით ცნობილი გახდება, რომ ეს „მესენჯერი“ იყო ჯემალ იმნაიშვილი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები პირი იყო [ნეტგაზეთმა ვერ მოახერხა იმნაიშვილთან დაკავშირება ინფორმაციის დასადასტურებლად].

დვალი იხსენებს, რომ ეს შეხვედრა საბოლოოდ მაინც შედგა 2004 წლის 29 მაისს, მის დაბადების დღეზე: „მივიღეთ წინადადება, რომ ტელევიზია უნდა დავთმოთ… მე და ჯარჯი უნდა წავსულიყავით, ეროსი გვჭირდება, ის დირექტორი იქნებაო… ანუ ჩვენ არ გჭირდებით-მეთქი ხომ, – ასეთი რაღაც ვუთხარით. ფაქტობრივად გვითხრეს – დიახ, ქვეყნის შენებას ასე სჭირდება“.

იძულება/გაკოტრება

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი მათ სახელწიფოს წარმომადგენლები დაჰყვებოდნენ, უთვალთვალებდნენ, უკანონოდ უსმენდნენ და დევნიდნენ — ერთი სიტყვით, ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ. ისინი ამბობენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, იმედი გადაწურული არ ჰქონდათ, თუმცა რამდენიმე დღეში სხვა გზა აღარ დარჩათ. აი, რატომ:

თანადამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც 2002 წლიდან კვლავ დირექტორის პოსტს იკავებდა, 2004 წლის 11 ივნისს — დაახლოებით ორი კვირის თავზე ადეიშვილი-ზურაბიშვილის შეხვედრიდან აქიმიძე-დვალთან — ტელეკომპანიის გაკოტრების პროცესი დაიწყო. 11 ივნისის საღამოს, „ღამის კურიერის“ ეთერში, რომელიც პოპულარულ ჟურნალისტ ნათია ზამბახიძეს მიჰყავდა, კიწმარიშვილმა გამოაცხადა:

„2 წლის განმავლობაში ჩვენ ვეწეოდით საკმაოდ მძიმე ომს [შევარდნაძის] ხელისუფლებასთან. ამის გათვალისწინებით, მე მივმართე სასამართლოს „რუსთავი 2“-ის გაკოტრების საქმის აღძვრის თაობაზე. ეს არის ერთადერთი ლეგალური გამოსავალი, რომ მოხდეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება“…

ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს რუსთავი 2-ის გაკოტრების პროცესის დაწყებას. 11.06.2004 სქრინშოთი არხის არქივიდან/სტუდია მონიტორი

გაკოტრების პროცესის დაწყება ნიშნავდა, რომ თანამესაკუთრეები, დვალი და აქიმიძე, ვეღარ მიიღებდნენ მონაწილეობას კომპანიის მართვაში. პლუს, დვალისა და აქიმიძის თანახმად, პრობლემა ის იყო, რომ ამ მოვლენებამდე ორი წლით ადრე რუსთავი 2-მა საერთაშორისო ორგანიზაცია MDLF-ისგან აიღო დაბალპროცენტიანი მედიასესხი, ხოლო ამ სესხის გარანტიად ჩადებული ჰქონდათ მათ მეორე კომპანია „ჯორჯიან ონლაინი“ და საკუთარი სახლები.

„რეალურად ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით: მოგვივიდა წერილი, რომ რადგანაც კომპანია კოტრდება, სასწრაფოდ ითხოვდნენ ვალის დაფარვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს ვკარგავდით… ჯამში, ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ამ ქაღალდებთან წვდომის დაკეტვით ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დაგვაყენეს, ახლა აირჩიეთ – ან რუსთავი 2-ს დათმობთ, ან, უკაცრავად და, ტრუსიკებით დაგტოვებთო“.

ამასთან, როგორც დვალი და აქიმიძე ამბობენ, კომპანიას ვერაფრით ვერ ექნებოდა ბუნებრივად ვალის ის ოდენობა, რაც იმ დროს ფიქსირდებოდა — 9 მილიონი. ეროსი კიწმარიშვილმა მოგვიანებით „სტუდია მონიტორს“ დაუდასტურა, რომ ეს ვალი „გაბერილი“ იყო, რათა არხის გაკოტრება დამდგარიყო. მისი თქმითვე, ეს იდეა „წამოვიდა იმ ხალხისგან: [იუსტიციის მინისტრი ზურაბ] ადეიშვილი, [შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო] მერაბიშვილი, [პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ირაკლი] ჩუბინიშვილი და სააკაშვილი“… 

მეპატრონე რამდენიმე საათით — “ფლოსტებით ტელევიზიის შესაძენად”

დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ სწორედ ამ დღეებში და ამ ვითარებაში მოუწიათ წილების დათმობა. გაკოტრების პროცესის დაწყებიდან 5 დღეში, 16 ივნისს, სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა ცვლილება, რომლის თანახმადაც დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის 30%-იანი წილები შეიძინა მოქალაქე პაატა კარსანიძემ, ბათუმელმა ნავთობის ინჟინერმა.

იმავე დღეს, 16 ივნისს, პაატა კარსანაძის ახლადნაყიდი 60%-იანი წილი შეიძინა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა. ცოტა ხანში თავისი 30% ხალვაშს მიჰყიდა ეროსი კიწმარიშვილმაც.

60%-იანი წილი ფორმდება პაატა კარსანიძეზე. 16.06.2004

დავით დვალი „ნეტგაზეთს“ უამბობდა: „იქ, სადაც ხელი უნდა მოგვეწერა საბუთებზე, დაგვხვდა ეს ადამიანი [პაატა კარსანიძე]. მის შესახებ არაფერი ვიცოდით. მე არ მახსოვს, მაგრამ ჯარჯი იძახის, რომ „შლოპანცებით“ იყო მოსული იქ. გვითხრეს, რომ ამ ადამიანს უნდა გადაუფორმოთო. როგორც გავიგე, ეს ადამიანი ბათუმში, 2-ოთახიან „ხრუშჩოვკაში“ ცხოვრობდა. ანუ ეგ თანხა ალბათ თვალით არ უნახავს, ხოლო რუსთავი 2-ის მფლობელობაზე სიზმარშიც არ უოცნებია“. 

„კარსანიძე იყო იმ შეხვედრაზე, სადაც თანხა ჩაგვითვალეს. მეორე დღეს უნდა მივსულიყავით, რომ კრედიტების გარანტიების ამბავი გაგვერკვია… იქ დაგვხვდა უკვე ქიბარი. იქ პირველად ვნახეთ და იქ გვითხრა ქიბარმა, ბიჭებო, მე ვარ აწი მფლობელი და არ გაგიკვირდეთ, რომ კარსანიძე აღარ არისო“, — თქვა დავით დვალმა ტვ პირველის ეთერში 2019 წლის 22 ივლისს. „ნეტგაზეთმა“ ვერ მოახერხა პაატა კარსანიძესთან დაკავშირება.

მას შემდეგ, რაც დვალმა და აქიმიძემ წილები გაყიდეს, გაკოტრების საქმე შეწყდა. „რუსთავი 2“-მა შეუფერხებლად გააგრძელა მუშაობა ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ხელში.

ხალვაშის ვერსია

ქიბარ ხალვაშის ვერსია 2004 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ, რასაც „სტუდია მონიტორს“ 2008 წელს უამბობდა, ასეთია: 

„ხელისუფლებიდან დამიკავშირდა ხალხი და მთხოვეს, ხომ არ მაინტერესებდა და ხომ არ დავკავდებოდი ამ ბიზნესით [„რუსთავი 2“]. შემდეგ განვიხილე ეგ წინადადება თავისი მხარეებით, მიმზიდველობით და უარყოფითი ნიშნებით და გადავწყვიტე, რომ დამეწყო საქმიანობა და დავკავებულიყავი მედიაბიზნესით. შევხვდი მხარეებს. წინადადება მოდიოდა მათი [მესაკუთრეების] მხრიდან და აპირებდნენ გაყიდვას. მიზეზი არ ვიცი, რა იყო და რამ გამოიწვია ის, რომ იმ ხალხმა გადაწყვიტა ამ ბიზნესის მოშორება და სხვა საქმიანობა წავიდა“…

ოქრუაშვილის ვერსია

პაატა კარსანიძე ირაკლი ოქრუაშვილის ნათესავი იყო, ქიბარ ხალვაში კი – მისი მეგობარი. ახლა ოქრუაშვილი აცხადებს, რომ დვალისა და აქიმიძისთვის გადახდილი ფული მისი იყო და არა ქიბარ ხალვაშისა, თუმცა ირწმუნება, რომ დვალისა და აქიმიძისთვის გაყიდვა არავის დაუძალებია.

23 ივლისს ოქრუაშვილმა ტვ პირველზე თქვა: „ეროსი კიწმარიშვილი, დვალის და აქიმიძის თანხმობით, ამ ტელევიზიას ყიდდა კომპანია „ნიუსკორპზე“, რომლის უკან იდგა ბადრი პატარკაციშვილი“. ბადრი პატარკაციშვილი მაშინ უკვე ითვლებოდა ენმ-ის ოპონენტად.

ოქრუაშვილის თანახმადვე, კიწმარიშვილს დვალისა და აქიმიძის თანხმობით „ნიუსკორპისგან“, — უფრო ზუსტად, როგორც თვითონ ამბობს, „პატარკაციშვილთან დაახლოებული ბიზნესმენისგან“, — ბეს სახით 800 000 დოლარი უკვე აღებული ჰქონდა, როდესაც მას „სულზე მიუსწრო“: „შევთავაზე, ეს ფული დაებრუნებინათ და ჩვენ ვიყიდდით“.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ „გაუგებარია“ დვალისა და აქიმიძის განცხადებები და ამბობს, რომ წილები მათგან მოლაპარაკების შედეგად იყიდა. დვალი და აქიმიძე ამ ვერსიას ტყუილს უწოდებენ, არც მის მონაწილეობას ადასტურებენ მოლაპარაკებებში და ამბობენ, რომ იგი მხოლოდ გაყიდვის შემდეგ ადეიშვილთან და მერაბიშვილთან შეხვედრაზე ნახეს. ოქრუაშვილის ვერსიას არც ხალვაში ადასტურებს.

ვინ რა თანხა მიიღო რეალურად?

2004 წლის 16 ივნისს ნოტარიუსი ნუნუ გინტური ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერდა, რომ 30-30%-იანი წილები დვალმა და აქიმიძემ კარსანიძეს ას-ას ათას აშშ დოლარად მიჰყიდეს; 

დოკუმენტის თანახმად, პაატა კარსანიძე 100 000 აშშ დოლარს უხდის აქიმიძეს 30%-იან წილში.

ხოლო იმავე დღეს კარსანიძისგან ეს 60%-იანი წილი ხალვაშმა იყიდა 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტად ლარში.

პაატა კარსანიძე ქიბარ ხალვაშს უფორმებს 60%-იან წილს და უხდის 200 000 აშშ დოლარს.

მოგვიანებით, 22 ივნისს, თავისი 30%-იანი წილი ეროსი კიწმარიშვილმაც მიჰყიდა ქიბარ ხალვაშის კომპანია „პანორამას“. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ხალვაშს კიწმარიშვილისთვის 50 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.

ეროსი კიწმარიშვილი ამ დოკუმენტის თანახმად 50 000 აშშ დოლარს იღებს თავის 30%-იან წილში ხალვაშისაგან

როგორც აღმოჩნდა, არცერთი მითითებული თანხა სინამდვილეს არ შეესაბამება.

აქიმიძე და დვალი ამბობენ, რომ მათ ნაღდ ფულად გადაუხადეს 1,200,000 აშშ დოლარი; აქედან, მათი თქმით, მილიონად „ჯორჯია ონლაინის“ ვალი დაფარეს, ხოლო ხელზე ას-ასი ათასი აშშ დოლარი დარჩათ. ისინი ამბობენ, რომ მათი სურვილი არ ყოფილა გაყიდვა და 10 მილიონიც რომ მიეცათ, არსებითად არაფერს ცვლიდა — მათ ტელეკომპანია, მზარდი ბიზნესი, ძალით დაათმობინეს.

ეროსი კიწმარიშვილს საჯაროდ არ უთქვამს, რა თანხა აიღო თავის წილში; მისი გარდაცვალების შემდეგ გადახდილ თანხად ხალვაში ასახელებს ექვს მილიონ აშშ დოლარს.

თუმცა ქიბარ ხალვაშმა 2015 წელს თქვა, რომ „რუსთავი 2“–ის შეძენისას 6 მილიონი მან გადაუხადა არა უშუალოდ ეროსი კიწმარიშვილს, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებს: „ეროსი კიწმარიშვილს ვიღაც X პიროვნებამ გადაუხადა ფული, რომლის გადახდა მომთხოვა მაშინდელმა ხელისუფლებამ მე. ეროსისთვის პირადად არ მიმიცია, ვაძლევდი ხელისუფლების ვიღაც გარკვეულ პირებს, რომლებმაც თქვეს, რომ 6 მილიონი გადაუხადეს [ეროსის]“. ხალვაშს არ დაუსახელებია კონკრეტული გვარი.

ვისი იყო გადახდილი ფული? საიდან?

ქიბარ ხალვაშს არხის წილებში არაფერი გადაუხდიაო, ეროსი კიწმარიშვილიც ამბობდა: „ამ თანხებთან შემიძლია გითხრათ, რომ ქიბარი არაფერ შუაში არ იყო. არცერთი თეთრი ქიბარს არავისთვის არ გადაუხდია… ქიბარს ჩემთვის ფული არ გადაუხდია“. 

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე კი ამბობენ, რომ არ იციან, უშუალოდ ვის ეკუთვნოდა ის ფული — ნაღდი ფული — რაც არხის 60%-იან წილში მათ გადაუხადეს და რომელიც, მათივე თქმით, ოქრუაშვილთან, მერაბიშვილთან და ადეიშვილთან შეხვედრაზე გადასცეს [სადაც მათ მადლობა გადაუხადეს „სახელმწიფოებრივი აზროვნებისათვის“].

ამ ფულზე ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ მისი იყო. საიდან ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს — მინისტრს, რომელიც ამ თანამდებობაზე ოფიციალური ანაზღაურებით ამდენს ვერ დააგროვებდა — ეს თანხა, რაც, მისი თქმით, გადაიხადა?

ოქრუაშვილი კონკრეტულ პიროვნებას არ ასახელებს, ვისგან ჰქონდა ეს თანხა მიღებული. თავდაცვის ექსმინისტრის თქმით, ის ვარდების რევოლუციამდეც და მის შემდეგაც გარკვეული დროის განმავლობაში ენმ-ს „ფანდრაიზერი“ (თანხების მომძიებელი) იყო და ფულის მობილიზების საშუალება სხვადასხვა წყაროებიდან ყოველთვის ჰქონდა.

მოგვიანებით, 23 ივლისს, ტვ პირველზე ინგა გრიგოლიას გადაცემაში კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილს ხომ არ ეკუთვნოდა თანხა, უარყო ეს ვერსია და თქვა: „რუს­თა­ვი 2-ის შე­ძე­ნის ეტაპზე ივა­ნიშ­ვილ­თან ასე­თი ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ მქო­ნია, მას ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მიუ­ღია“.

რა ხდება ახლა?

ამჟამად ოქრუაშვილი დავობს, რომ აქვს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“-ის რეალური მფლობელი ის არის და არა ხალვაში. მისი თქმით, ეს დოკუმენტი 2010 წელს ბერლინში მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის გაფორმდა და მასზე ხალვაშის ხელმოწერაა.

ხალვაშმა მხოლოდ 24 ივლისს ჩააბარა ხელმოწერის ნიმუში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მან სიცრუე უწოდა ოქრუაშვილის აღნიშნულ ვერსიას და თქვა, რომ ოქრუაშვილი არის „ბოლო კაცი, ნაძირალა და გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც შეიძლება კეთილდღეობისთვის ყველაფერი იკისროს“.

პარალელურად აქიმიძე და დვალიც ითხოვენ გამოძიების დასრულებას. საქმის ხანდაზმულობის ვადა 16 ივნისს იწურებოდა, რის გამოც მათ ვადის გახანგრძლივება მოითხოვეს.

ხალვაშსა და დვალი-აქიმიძეს შორის შეთანხმებაც არსებობდა: თუ ხალვაში რ2-ის დავას მოიგებდა, წილის 50%-ს აქიმიძესა და დვალს დაუბრუნებდა, არხის გენერალურ დირექტორად კი დვალს დანიშნავდა. ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც წილების 50-50%-ზე გაყოფის შემთხვევაში ხალვაში დამოუკიდებლად დვალის გათავისუფლებას ვერ შეძლებდა, შესაბამისად, მენეჯმენტზე გავლენა დვალსა და აქიმიძეს ექნებოდათ. ის, რომ ასეთი შეთანხმება არსებობდა, ადასტურებდა ორივე მხარე — დვალი-აქიმიძეც და ქიბარ ხალვაშიც. ხალვაში ამბობდა, რომ მას გარკვეული დამატებითი პირობებიც ჰქონდა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 2005 წ. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

თუმცა 2017 წელსვე მხარეებს შორის ვითარება დაიძაბა.

ხალვაშმა 2019 წელს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 18 ივლისს, განაცხადა: „არ შემიძლია, პირველ რიგში, არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე“. თუმცა იმავე დღეს საკუთარი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა გენერალურ დირექტორად.

იმავე დღეს განცხადება გაავრცელეს დავით დვალმა და თანადამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემაც. მათ ხალვაშს გამარჯვება მიულოცეს, თუმცა აღნიშნეს, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა „რუსთავი 2“ დამფუძნებლებს, ანუ მათ დაუბრუნდებათ. 

ამავე თემაზე

რუსთავი 2-ის საქმის სამართლებრივი ნაწილი

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი