ახალი ამბები

ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ჩემთვის მეორეხარისხოვანია – გახარია

18 ივნისი, 2020 • 1829
ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ჩემთვის მეორეხარისხოვანია – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 18 ივნისს თქვა, რომ მისთვის მეორეხარისხოვანია, ვინ გასცა ბრძანება და ისროდა თუ არა პოლიცია დამიზნებით 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევისას.

“20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება, ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით… არ ისროდნენ – ეს ყველაფერი არის ჩემთვის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის მთავარია, რომ 20 ივნისს 1 წელი გავა, 2 წელი გავა თუ ბევრი წელი გავა, ეს იყო ქმედება, რომლითაც შსს-მ და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა.

ეს იყო პარლამენტზე შტურმი, რომელიც შსს-მ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა, რაც უნდა გაეკთებინათ და მათ ეს გააკეთეს”, – თქვა გახარიამ, რომელიც 2019 წლის ივნისის მოვლენების დროს შს მინისტრის პოზიციას იკავებდა.

2019 წლის 20-21 მოვლენები საქართველოში სწორედ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებას მოჰყვა. ამის გამო დაწყებული საპროტესტო აქცია კი დარბევით დასრულდა, რა დროსაც რამენიმე ასეული ადამიანი დაშავდა, ორმა ადამიანმა კი თვალი დაკარგა.

აქციის მონაწილეები დარბევის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ შს მინისტრ გიორგი გახარიასა და იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც აქტივისტებზე იძალადეს. თუმცა ივნისის მოვლენებიდან მალევე გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობაზე დააწინაურეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი