ახალი ამბები

უპასუხისმგებლო განცხადებები აზიანებს გამოძიების ინტერესებს – სუსი გაბუნიას საქმეზე

17 ივნისი, 2020 • 1782
უპასუხისმგებლო განცხადებები აზიანებს გამოძიების ინტერესებს – სუსი გაბუნიას საქმეზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მზადყოფნას გამოთქვამს, კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით, ნებისმიერი პირისგან მიიღოს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და საზოგადოებას მოუწოდებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

სუსი ახალ განცხადებაშიც არ აკონკრეტებს, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია არის თუ არა ის პირი, რომლის ლიკვიდაციასაც ვასამბეკ ბოკოვი გეგმავდა და აქვს თუ არა მის განზრახვას კავშირი ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან. სუსი ამბობს, რომ გახმოვანდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც, მათი თვალთახედვით მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის და არ დატოვებდა სივრცეს მანიპულირებისთვის.

“ხსენებულ განცხადებაში ჩვენ ცალსახად მივუთითეთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი სახის ინფორმაციის – ნამდვილის თუ ყალბის – გავრცელებამ, შესაძლოა, დააზიანოს მთავარი საჯარო ინტერესი – დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, მხილებულ იქნას დანაშაულში ჩაბმული ყველა პირი და აღსრულდეს მათ მიმართ მართლმსაჯულება. მიუხედავად ამისა, მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ურთულეს სისხლის სამართლის საქმეზე პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, იკრიბება და ფასდება მტკიცებულებები და სკურპულოზურ ანალიზზე დაყრდნობით იგეგმება ყოველი შემდგომი ნაბიჯი, რათა არცერთი ვერსია და ფაქტობრივი გარემოება არ დარჩეს გამოძიების ჯეროვანი ყურადღების მიღმა”, – აცხადებს სუსი და დასძენს, რომ ამ პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს”, – მიმართავს სუსი საზოგადოებას.


15 ივნისის საღამოს ტელეკომპანია “ფორმულამ”, მცირე ხნის შემდეგ კი “მთავარმა არხმა” ,გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქე საქართველოში სპეციალური მისიით იყო ჩამოსული და “მთავარი არხის” წამყვანისა და ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მალევე გამართა ბრიფინგი “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც დაკავებული პირი მოიხსენია როგორც ვასამბეგ ბოკოვი, დაბადებული რუსეთში, ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წელს. გვარამიას თქმით, ბოკოვი სუს-მა სხვა მიზეზით დააკავა(ყალბი დოკუმენტები), თუმცა, რეალურად, ის გიორგი გაბუნიას მკვლელობისათვის იყო ჩამოსული ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უშუალო დავალებით.

გვარამიას თქმით, მკვლელობის მომზადების მიზეზი იყო გასული წლის ივლისში გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინება , როდესაც ჯერ კიდევ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ზე მუშაობდა. “მთავარი არხის” დირექტორი აღნიშნავს, რომ ბოკოვის შესახებ ქართულმა მხარემ ინფორმაცია უკრაინული სამართალდამცავი უწყებისგან მიიღო, სადაც თავდაპირველად დაიწყო გამოძიება.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სუს-მა დაადასტურა, რომ თბილისში 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”.

საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები კი თავიანთ გამოხმაურებებში ჟურნალისტზე თავდასხმის მომზადებაზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი