ახალი ამბები

თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა – “მთავარი არხი”

15 ივნისი, 2020 • 1838
თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა – “მთავარი არხი”

“მთავარი არხის” ინფორმაციით, 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ტელეარხის ვებგვერდზე განთავსებული ანონსის თანახმად, 15 ივნისს, 20:00-ზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის დასაზუსტებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში თქვეს, რომ აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.

გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია “რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს დაემუქრნენ როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი. კადიროვმა ტელეწამყვანს “ურჩია”, რომ პუტინის გინების შემდეგ დაიმალოს, რადგან დედამიწაზე “მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.  ბლოგერმა კი გიორგი გაბუნია ბრძოლაში გაიწვია.

“მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ მასალაში დაკონკრეტებული არ არის, მათი ინფორმაციით, რის გამო იგეგმებოდა ჟურნალისტის ლიკვიდაცია და უკავშირდება თუ არა ეს ზემოაღნიშნულ მოვლენებს.

მანამდე, ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია “ფორმულამაც” გაავრცელა.

მანამდე, დაკავებულის ადვოკატმა ნინო მიქატაძემ “რუსთავი2”-ს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ყალბი დოკუმენტების შეძენა, შენახვა და გამოყენების მუხლით აქვს წარდგენილი.

“ბევრ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, წარდგენილი ბრალდება გახლავთ 362-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენას, შენახვას გამოყენების მიზნით და მის გამოყენებას, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას. გამოკითხვის ოქმი ბრალდებულის სახელით შემდგარი არაა”, – განმარტა მიქატაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი