ახალი ამბები

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო აშშ-ში სისტემურ რასიზმს შეამოწმებს

16 ივნისი, 2020 • 846
გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო აშშ-ში სისტემურ რასიზმს შეამოწმებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების საბჭო აშშ-ში სისტემურ რასიზმსა და პოლიციის სისასტიკეს შეამოწმებს. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, შემოწმება შედგება 54 აფრიკული ქვეყნის მოთხოვნის შედეგად, რომელიც მათი სახელით ბურკინა ფასომ შეიტანა.

საბჭოს პრეზიდენტის, ელისაბეთ ტიჩი-ფისლბერგერის განცხადებით, პრობლემა მხოლოდ აშშ-ს არ ეხება. საბჭო კი, მისი განცხადებით, შეამოწმებს „ამჟამინდელ რასის მიერ ინსპირირებულ ადამიანის უფლებების დარღვევებს, სისტემურ რასიზმს, პოლიციის სისასტიკეს და ძალადობას მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ“.

„როგორც ხედავთ, დემონსტრაციებია მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჟენევაშიც, ამიტომ ეს არაა მხოლოდ ერთი ქვეყნის თემა. როცა ვთქვი, ეს არ ხდება აშშ-ის წინააღმდეგ, ვიგულისხმე, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბევრი ჩივილია რასიზმზე, მათ შორის, ევროპაში. თუმცა, არამარტო აქ, ამას მთელ მსოფლიოში ნახავთ“, — აღნიშნა მან.


აშშ-ში პროტესტების დაწყების საბაბი 25 მაისს მომხდარი შემთხვევა გახდა — მინესოტის დედაქალაქ მინეაპოლისში გამოძახებაზე მისულმა 4-მა პოლიციელმა აფროამერიკელი მოქალაქე, ჯორჯ ფლოიდი დააკავა. პოლიციელებმა იგი ძირს დააწვინეს, ხოლო ერთ-ერთმა ოფიცერმა, დერეკ ჩაუვინმა მას ყელზე მუხლი დააჭირა.

ამის შემდეგ ფლოიდი არაერთხელ ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა (I can’t breathe) და სთხოვდა პოლიციელს, მუხლი ყელიდან აეღო, თუმცა ჩაუვინმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში თვითმხილველებმა გაავრცელეს. ფლოიდი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო აუტოფსიამ დაასკვნა, რომ გარდაცვალების მიზეზი, მათ შორის, ჩაუვინის მიერ გამოყენებული ილეთი იყო. დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელს ბრალი წარუდგინეს და დროებით დააპატიმრეს, აშშ-ში კი უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები პოლიციელების სისასტიკისა და რასიზმის შეწყვეტის მოთხოვნით. ასეთივე აქციები ჩატარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშიც, მათ შორის თბილისშიც.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი