ახალი ამბები

ჯორჯ ფლოიდი მკვლელობის მსხვერპლი გახდა – ექსპერტიზის შედეგები

2 ივნისი, 2020 • 2764
ჯორჯ ფლოიდი მკვლელობის მსხვერპლი გახდა – ექსპერტიზის შედეგები

ჯორჯ ფლოიდის ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექპერტისა და ჰენეპინის (მინესოტის შტატი) საოლქო სასამართლო ექპერტების დასკვნების თანახმად, ჯორჯ ფლოიდი მკვლელობის მსხვერპლია.

ორივე ესპექრტიზა თანხმდება, რომ მისი სიკვდილი პოლიციელის – დერეკ ჩაუვინის ქმედების შედეგად დადგა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი დაკავებისას ფლოიდს კისერზე მუხლით დააწვა.

თუმცა ექპსერტები სიკვდილის დადგომის მიზეზებს სხვადასხვანაირად აყალიბებენ. დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ ფლოიდის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია იყო, მათი თქმით, ფლოიდი პოლიციელმა დაახრჩო.

საოლქო ექსპერტი კი წერს, რომ ფლოიდს პოლიციელის მიერ დაკავებისა და მის კისერზე ფიზიკური ზეწოლის შემდეგ „კარდიოპულმორალური შოკი“ ჰქონდა, სხვა სიტყვებით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. მათივე დასკვნაში ნათქვამია, რომ ფლოიდის ორგანიზმში ასევე აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა, უკავშირდება თუ არა ეს სიკვდილს, დადგენილი ჯერ არ არის.

საოლქო ექსპერტიზაში ასფიქსიაზე საუბარი არ არის.

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. მინეაპოლისის პოლიციის განცხადებით, ადგილზე მისვლისას მათ დააკავეს 46 წლის შავკანიანი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რომელიც თავის ავტომანქანაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი, მათთვის მიწოდებული ცნობის თანახმად, „იჯდა ლურჯ მანქანაში და, როგორც ჩანს, [ალკოჰოლური თუ სხვა] ზეგავლენის ქვეშ იყო“.

ფლოიდის დაკავებისას, უკვე პოლიციის მანქანასთან სამართალდამცავებმა ძირს დააწვინეს, ერთ-ერთმა მათგანმა, დერეკ ჩაუვინმა კი ყელზე მუხლი დაადო. დაკავებისას ადგილზე იყვნენ თვითმხილველები, რომელთა გადაღებული ვიდეოებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

„ვეღარ ვსუნთქვავ“; „მომკლავენ“ – ისმის ფლოიდის ხმა ვიდეოში. თუმცა, მიუხედავად ამ თხოვნისა, პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში ფლოიდის კისერს მუხლით აწვებოდა. ფლოიდი შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს.

ფლოიდის სიკვდილს მასობრივი აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები აპროტესტებენ ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობირივ მოპყრობას და ქვეყანაში სისტემური რასიზმისა და პოლიციური რეჟიმის არსებობაზე საუბრობენ.

გარეკანი ფოტო:დემონსტრანტებმა ჯორჯ ფლოიდის პატივსაცემად აქციაზე ყვავილები მოიტანეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი