ახალი ამბები

რა შედეგები მოიტანა აშშ-ში მიმდინარე პროტესტმა 2 კვირაში

9 ივნისი, 2020 • 1415
რა შედეგები მოიტანა აშშ-ში მიმდინარე პროტესტმა 2 კვირაში

ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატების სხვადასხვა ქალაქში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მათი დაწყების საბაბი 25 მაისს მომხდარი შემთხვევა გახდა — მინესოტის დედაქალაქ მინეაპოლისში გამოძახებაზე მისულმა 4-მა პოლიციელმა აფროამერიკელი მოქალაქე, ჯორჯ ფლოიდი დააკავა. პოლიციელებმა იგი ძირს დააწვინეს, ხოლო ერთ-ერთმა ოფიცერმა, დერეკ ჩაუვინმა მას ყელზე მუხლი დააჭირა.

ამის შემდეგ ფლოიდი არაერთხელ ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა (I can’t breathe) და სთხოვდა პოლიციელს, მუხლი ყელიდან აეღო, თუმცა ჩაუვინმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში თვითმხილველებმა გაავრცელეს. ფლოიდი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო აუტოფსიამ დაასკვნა, რომ გარდაცვალების მიზეზი, მათ შორის, ჩაუვინის მიერ გამოყენებული ილეთი იყო. დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელს ბრალი წარუდგინეს და დროებით დააპატიმრეს, აშშ-ში კი უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები პოლიციელების სისასტიკისა და რასიზმის შეწყვეტის მოთხოვნით. ასეთივე აქციები ჩატარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშიც, მათ შორის თბილისშიც.

[ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალებისთვის იხილეთ: მინესოტაში შავკანიანი მოქალაქის მკვლელობისთვის პოლიციელთა დასჯას ითხოვენ]

საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას არაერთმა პოლიტიკოსმა მათ მხარი დაუჭირა, ზოგან კი უკვე დააანონსეს სხვადასხვა სახის რეფორმები და შავკანიანთა საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადეს. The Guardian-მა შეაჯამა, რას მიაღწია საპროტესტო მოძრაობამ სულ რაღაც 2 კვირაში:

მინეაპოლისში ყველა პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნას და პოლიციის კარდინალურ რეფორმირებას გეგმავენ

მინეაპოლისის საქალაქო საბჭომ შესაძლოა, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაითხოვოს, დეპარტამენტს დაფინანსება შეუწყვიტოს და წესრიგის უზრუნველყოფის სხვა სისტემები სცადოს. „ნეტგაზეთი“ ამის შესახებ 8 ივნისსაც წერდა.

საქალაქო საბჭოს წევრების უმრავლესობამ, 9 წევრმა, გამოაცხადა, რომ აპირებდნენ, ქალაქის პოლიციის დეპარტამენტისთვის დაფინანსება შეეწყვიტათ და საერთოდ გაუქმებინათ. მათი რაოდენობა საკმარისი იყო ქალაქის მერის, ჯეიკობ ფრეის შესაძლო ვეტოს დასაძლევადაც.

„გვსურს გავაუქმოთ პატრულირება მინეაპოლისში, როგორიც ის ვიცით, და ავაგოთ ჩვენი საზოგადოება საჯარო უსაფრთხოების ახალ მოდელზე, რომელიც მართლაც იცავს საზოგადოების წევრებს“, — აცხადებს საბჭოს თავმჯდომარე ლიზა ბენდერი.

„უნდა მოვუსმინოთ განსაკუთრებით შავკანიან ლიდერებს და ფერადკანიანთა საზოგადოებებს, ვისთვისაც პოლიცია კარგად ნამდვილად არ მუშაობს და ვეძებოთ პრობლემის მოგვარების სხვა მოდგომები საზოგადოებაში“, — აცხადებს იგი. ბენდერის განცხადებით, პოლიციისთვის გამოყოფილ დაფინანსებას სხვა უწყებებს გადასცემენ და საბჭო იმსჯელებს, როგორ ჩაანაცვლოს პოლიციის დეპარტამენტი.

პოლიციის რეფორმირებას გეგმავენ ნიუ-იორკში

ცვლილებების შესახებ გამოაცხადა ქალაქ ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომაც.

„იმის თქმა, რომ „მე თქვენი მესმის“, საკმარისი არაა. აი, რას ვაპირებ ახლა, ჩვენი ქალაქი რომ უფრო სამართლიანი გახდეს“, — წერს იგი და შემდეგ ზომებს აანონსებს:

  1. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის დაფინანსების შემცირება ახალგაზრდათა და სოციალურ მომსახურებათა სააგენტოების სასარგებლოდ;
  2. 50-A სექციის ცვლილება (რომლის თანახმადაც, პოლიციელების დისციპლინარული ჩანაწერები საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა);
  3. ადგილობრივი საზოგადოებების ხმის მიწვდენა პოლიციის ხელმძღვანელობამდე.

დე ბლაზიოს გეგმას არ იწონებენ პოლიციაში — მათი თქმით, დაფინანსების შემცირება კრიმინალის დონის ზრდას გამოიწვევს. თუმცა, როგორც Los Angeles Times წერს, მაშინ, როცა ნიუ-იორკის პოლიციელებმა გაფიცვა გამოაცხადეს, კრიმინალის დონე, რეალურად, დაეცა.

მომიტინგეებმა „მოხსნეს“ კონფედერაციის მოღვაწეთა ძეგლები

აშშ-ის სამხრეთ ნაწილში, რომელშიც შემავალი შტატები სამოქალაქო ომის დროს (1861-65) კონფედერაციის შემადგენლობაში იყვნენ და მონათფლობელობას (მონები კი მაშინ აფრიკიდან ჩამოყვანილი შავკანიანები იყვნენ) ემხრობოდნენ, მომიტინგეებმა „მოხნსეს“ კონფედერაციის მოღვაწეთა — გენერლებისა და პოლიტიკოსების ძეგლები. ზოგგან, ხელისუფლებამ მათი დემონტაჟი თავად გადაწყვიტა.

მონებით მოვაჭრეთა ძეგლი მომიტინგეებმა გაერთიანებულ სამეფოშიც „მოხსნეს“.

Reddit-ის თანადამფუძნებელი დირექტორთა საბჭოდან გადადგა და ითხოვა, მის ნაცვლად შავკანიანი დაენიშნათ

დირექტორთა საბჭოში თავისი პოსტი დატოვა Reddit-ის თანადამფუძნებელმა, ალექს ოჰანიანმა და საბჭოს სთხოვა, მის ნაცვლად შავკანიანი კანდიდატი დაენიშნათ, წერს „გარდიანი“.

„ამას მე ვაკეთებ როგორც მამა, რომელსაც სურს, თვალებში შეხედოს შავკანიან შვილს, როდესაც ჰკითხავს „შენ რა გააკეთე?“ — წერს იგი.

მისივე თქმით, 1 მილიონ დოლარს შესწირავს კოლინ კაპერნიკის Know Your Rights Camp-ს (პოლიციასთან ურთიერთობის და ძალადობისგან დაცვის ორგანიზაცია).

მან განაცხადა, რომ გადადგომა „ლიდერობის“ დემონსტრირებაა და სხვებსაც მოუწოდა, მსგავსი ნაბიჯი გადაედგათ.

შექმნეს ბაზა, სადაც საპპროტესტო გამოსვლებზე პოლიციის მიერ ძალადობა იქნება დოკუმენტირებული

ავდოკატმა გრეგ დუსეტმა და მათემატიკოსმა ჯეისონ მილერმა დაიწყეს მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც პოლიციელების მიერ საპროტესტო გამოსვლებზე ძალადობა იქნება დოკუმენტირებული. მათი თქმით, ამგვარად პოლიცია ვეღარ განაცხადებს, რომ ძალადობა ერთეულ შემთხვევებში ხდება და გამოჩნდება, რომ სისასტიკე და ძალადობა სისტემური პრობლემაა.

ორშაბათისთვის მათ ბაზაში უკვე იყო შეტანილი საპროტესტო აქციებზე პოლიციის მიერ სისასტიკის გამოვლენის 500-ზე მეტი შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი