ახალი ამბები

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

1 ივნისი, 2020 • 2046
არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია, და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას.

პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა დაკავებულ ფლოიდს, რომელიც ძირს დააწვინეს, ყელზე მუხლი დააჭირა და მიუხედავად იმისა, რომ ფლოიდმა არაერთხელ თქვა, რომ სუნთქვა არ შეეძლო და მუხლის აღება სთხოვა, მუხლი არ აიღო. ფლოიდი, საბოლოო ჯამში, გარდაიცვალა. დაკავებაში მონაწილე სხვა ოფიცრები გაათავისუფლეს სამსახურიდან, ხოლო თავად ჩაუვინი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლოს წინაშე იგი ორშაბათს წარდგება.

როგორ მოკლეს ფლოიდი - სრულად
25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის ოთხი ოფიცერი მივიდა გამოძახებაზე. მათთვის მიწოდებული ინფორმაციით, მოქალაქემ მაღაზიაში ყალბი კუპიურით სცადა გადახდა, წერს BBC.

მინეაპოლისის პოლიციის განცხადებით, ადგილზე მისვლისას მათ დააკავეს 46 წლის შავკანიანი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რომელიც თავის ავტომანქანაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი, მათთვის მიწოდებული ცნობის თანახმად, „იჯდა ლურჯ მანქანაში და, როგორც ჩანს, [ალკოჰოლური თუ სხვა] ზეგავლენის ქვეშ იყო“.

შემდეგ, პოლიციის განცხადებით, ოფიცრებმა უბრძანეს ფლოიდს, მანქანიდან გამოსულიყო, მან კი წინააღმდეგობა გაუწია. „ოფიცრებმა მოახერხეს ეჭვმიტანილისთვის ხელბორკილის დადება და შენიშნეს, რომ მას სამედიცინო პრობლემა ჰქონდა“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

შემდეგ, ფლოიდის დაკავებისას, უკვე პოლიციის მანქანასთან სამართალდამცავებმა ძირს დააწვინეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი ყელზე მუხლი დაადო. დაკავებისას ადგილზე იყვნენ თვითმხილველები, რომელთა გადაღებული ვიდეოებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ვიდეოში ჩანს, რომ ძირს დაგდებული ფლოიდი რამდენჯერმე სთხოვს პოლიციელებს, ყელიდან მუხლი აეღოთ და იმეორებს, რომ სუნთქვა უჭირს. ყელიდან მუხლის აღებისკენ პოლიციას თვითმხილველიც მოუწოდებს.

გავრცელებულ მასალაში ასევე აღბეჭდილია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფლოიდი ლაპარაკსა და მოძრაობას წყვეტს, რაზეც თვითმხილველებიც მიუთითებენ. ამ მდგომარეობაში მყოფ ფლოიდს პულსსაც უზომავენ. ამასთან ერთად, პოლიციელს მის ყელზე მუხლი კვლავ აქვს დადებული.

საბოლოო ჯამში, ფლოიდს საკაცზე ათავსებენ და სასწრაფოს მანქანით საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფლოიდი გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, პოლიციამ განაცხადა, რომ ამის მიზეზი გახდა “პოლიციის ჩართულობით” მომხდარი “სამედიცინო ინციდენტი”.

ამასთან ერთად, სამშაბათს, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, მინეაპოლისის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ მომხდარის გამოძიებასთან ერთად გადაიხედება მათი პოლიტიკა მსგავს სიტუაციაში ადამიანთა “კონტროლქვეშ მოქცევასთან” დაკავშირებით.

რაც შეეხება დაკავებისას ყელზე მუხლის დადების უფლებას, Associated Press-ის ცნობით, მინეაპოლისის პოლიციას ამის უფლება აქვს, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ ეს ხელს არ უშლის სუნთქვას.

როგორია ბოლო ცნობები?

თავდაპირველად მინეაპოლისში დაწყებული საპროტესტო აქციები ახლა უკვე სხვა შტატების ქალაქებშიც მიმდინარეობს — ლოს ანჯელესში, პორტლენდში, ნიუ იორკში, დედაქალაქ ვაშინგტონში და ასე შემდეგ.

ზოგ შტატში გუბერნატორებმა სიტუაციის დასაწყნარებლად ეროვნული გვარდიის მობილიზება გადაწყვიტეს, რიგ ქალაქებში დაწესდა კომენდანტის საათი.

ამასთან ერთად, მოვლენების გაშუქებისას მინიაპოლისში პირდაპირ ეთერში დააკავეს CNN-ის გადამღები ჯგუფი. თუმცა მალევე შტატის გუბერნატორმა ტიმ ვოლფმა ამ შემთხვევის გამო მაუწყებელს ბოდიში მოუხადა და ჟურნალისტებიც გაათავისუფლეს.

ასევე, პროტესტების მიმდინარეობისას დააკავეს ქალაქ ნიუ-იორკის მერის — ბილ დე ბლასიოს შვილი, ხოლო თეთრ სახლთან მიმდინარე პროტესტების გამო მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით, მთლიანობაში, დაკავებულია ათასზე მეტი ადამიანი, იუწყება The Washington Post.

მოქალაქეებისა და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი პროტესტებზე რეაგირებისთვის აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს — მან არაერთხელ დაწერა, რომ წესრიგის დამყარება იყო საჭირო, დემონსტრანტებს ჯორჯ ფლოიდთან საერთო არაფერი ჰქონდათ და მოუწოდა დემოკრატიული პარტიის წევრ გუბერნატორებსა და მერებს, უფრო „მკაცრები“ ყოფილიყვნენ.

ზოგიერთ ქალაქში კი პოლიციელები მომიტინგეებს შეუერთდნენ და მომხდარი მათთან ერთად გააპროტესტეს.

სანტა კრუზის პოლიციის უფროსი, ენდი მილსი მომიტინგესთან ერთად. ფოტო: Shmuel Thaler/AP


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი