ახალი ამბები

“არა რასიზმს!” – ამერიკელებისა და მათი მეგობრების აქცია თბილისში

4 ივნისი, 2020 • 2586
“არა რასიზმს!” – ამერიკელებისა და მათი მეგობრების აქცია თბილისში

“შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია”, “დასრულდეს პოლიციის ძალადობა” – ამ და სხვა გზავნილებით მოქალაქეთა ჯგუფმა თბილისში გააპროტესტა აშშ-ის პოლიციის მიერ 46 წლის აფროამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა ქალაქ მინეაპოლისში. აქციის ორგანიზატორთა თქმით, რომელთა შორისაც საქართველოში მცხოვრები ამერიკელები იყვნენ, აპროტესტებენ არა მხოლოდ პოლიციის სისასტიკეს, არამედ სისტემურ რასიზმს, რომელიც მსგავს პროცესებს კვებავს. შეკრების მიმდინარეობისას ადგილზე მათი მოწინააღმდეგეებიც გამოჩნდნენ.

ესპანელი რობერტო მერჩანი, რომელიც მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით მოგზაურობს, ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. ის მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტები ადამიანებმა უნდა გააპროტესტონ იქ, სადაც შეუძლიათ.

“ძალიან მნიშვნელოანია, გამოვიდეთ რასიზმის წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ საქართველოში ვართ, ესპანეთში თუ აშშ-ში. მე ახლა აქ ვცხოვრობ და ეს არის მართებული ადგილი, რათა გამოვხატო ჩემი სიბრაზე იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ყველგან გვხვდება.

ახლა ჩვენ აშშ-ზე ვართ ფოკუსირებულნი, თუმცა ეს ხდება ესპანეთშიც. უბრალოდ, ასეთივე მედიაგაშუქება არ არის. ვფიქრობ, ახლაა სწორი დრო, გავაპროტესტოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვირჩევთ კანის ფერს, ყველანი ერთნი ვართ, ვართ ადამიანები”, – აცხადებს ის.

აქცია თბილისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროსადგურის მიმდებარედ შეკრება 17:30 საათისთვის დაიწყეს პლაკატებით, რომელთა შინაარსი პოლიციის ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე, ახლა უკვე საერთაშორისო კამპანიას ეხმიანებოდა. აღნიშნული გააპროტესტა სოფო ჯაფარიძემაც, რომელიც ამერიკელ მეგობრებს აქციის ორგანიზებაში დაეხმარა.

“საქართველოც შეუერთდა გლობალურ მოძრაობას და სოლიდარობას ვუცხადებთ შავკანიან ადამიანებსა და ყველას, ვინც არის პოლიციის ძალადობის მსხვერპლი ამერიკაში თუ სხვაგან. ჩვენთვის ეს პროცესები მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკას დიდი სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული ძალა აქვს საქართველოსთვის. თუ შეუძლიათ, რომ ასე დაჩაგრონ თავიანთი ხალხი, ჩვენი მთავრობა თვალს არ დაახამხამებს, ისე დაგვჩაგრავს ჩვენ,  შემდეგ კი იტყვის, რომ თუ ეს ხდება ამერიკაში და ეს შეუძლია ტრამპს, შემიძლია მეც. თუ გვინდა, დავიცვათ თავი, მნიშვნელოვანია, ყოველთვის გავაპროტესტოთ ყველანაირი ძალადობა”, – აღნიშნავს ის.

აქციაზე სიტყვით გამოსვლები ახალი დაწყებული იყო, როდესაც ადგილზე ორი ადამიანი გამოჩნდა, საწინააღმდეგო გზავნილებითა და ბრალდებებით შეკრების მონაწილეთა მიმართ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც პროტესტის მსვლელობისას განსაკუთრებით აქტიურობდა, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ თავადაც ამერიკის მოქალაქეა და გამორიცხავს სისტემურ რასიზმს აშშ-ში. მისი თქმით, ჯგუფები, რომლებიც მიმდინარე პერიოდში აქტიურობენ, ადამიანის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ.

“ისინი [აქციის მონაწილეები] ცდილობენ, ამერიკა რასისტულ ქვეყნად წარმოაჩინონ, მაგრამ ასე არ არის. ისინი საუბრობენ თეთრ ნაციონალიზმზე, იმაზე, რომ ამერიკა დიდი, რასისტული ქვეყანაა, ესეც სიცრუეა.

ამერიკაში არის პრობლემა პოლიციასთან დაკავშირებით, თუმცა ის არ არის დაკავშირებული რასიზმთან. ეს  პრობლემა გამოიხატება იმაში, რომ პოლიცია ოდნავ სასტიკია. ეს არის ის, რაზეც ამერიკაში ყველამ, ყველა რასის ადამიანმა უნდა იმუშაოს. მაგრამ ისინი ამერიკას ყოფენ თეთრებად, შავებად და სხვადასხვა ჯგუფებად და ცდილობენ მათ დაპირისპირებას პოლიტიკურ დონეზე”, – აღნიშნა სტივენ ჰოკმა, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.

სტივე ჰოკი(მაისურზე წარწერით "1984") აქციის მონაწილეებს ეკამათება. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

როდესაც სტივენ ჰოკი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ეკამათებოდა, სიტყვით გამოსვლას განაგრძობდა ბრაიან ჯიგანტინო, ასევე ამერიკის მოქალაქე, რომელმაც “ნეტგაზეთს” განუმარტა, რატომ არის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში პოლიციის ძალადობა და რასიზმი. მისი თქმით, აღნიშნული პრაქტიკის ფესვები ქვეყნის ისტორიასა და სამართლებრივ სისტემაშია.

“[ეს ადამიანი] ერთ რაღაცაში მართალია — პოლიციის სისასტიკეს ყველა ეხება. ეს ვიცით. იმიგრანტებსაც სცემს პოლიცია, თეთრკანიანებსაც. ბევრი ადამიანი არის პოლიციის სისასტიკის მსხვერპლი. პრობლემა ისაა, რომ სისტემატურად როცა შეხედავ, რა ხდება აშშ-ში: აფროამერიკელი მოსახლეობა, რომელიც მთლიანი მოსახლეობის 12%-ია, არაპროპორციულადაა წარმომადგენილი იმ ადამიანთა სტატისტიკაში, ვისაც ციხეში კლავენ, სიღარიბის სტატისტიკაში, განსაკუთრებით, შავკანიანი კაცები.

მიზეზი კი ისაა, რომ ამას აქვს გრძელი ისტორია. არ ვფიქრობ, რომ ეს მარტო აფროამერიკელებს ემართებათ, მაგრამ აშშ-ში პოლიციის ფუნქციონირების სქემიდან გამომდინარე, ადამიანთა ეს ჯგუფები არაპროპორციულად ექვემდებარება [პოლიციის ძალადობას].  ესაა მიზეზი, რატომაც სურს ათასობით ადამიანს ქვეყნის მასშტაბით, სიცოცხლე გარისკოს და იბრძოლოს…

როგორაა შესაძლებელი, რომ მიიღოთ სამართლიან სისტემა, როცა ადამიანებს მიიჩნევდნენ საკუთრებად და არამოქალაქეებად მხოლოდ 50-60 წლის წინ, ეს უაზრობაა. ამიტომ, სეგრაგაცია ტოვებს უდიდეს კვალს აშშ-ის სისტემის მუშაობაზე. რა თქმა უნდა, ვერ ეტყვი სხვა ქვეყნებს, შენ წამოგყვნენ, როცა შენი სისტემა არ მუშაობს”, – აღნიშნავს ის.

აქცია თბილისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ჯიგანტინოს თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე საერთაშორისო სოლიდარობა მნიშვნელოვანია. “ნეტგაზეთთან” საუბარში ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებს:

“2008-ში, რუსულ-ქართული ომის დროს, ქართველები ამერიკაში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, სხვა ადგილებში,ამერიკელებთან ერთად გამოდიოდნენ ომის წინააღმდეგ. ნიუ-იორკის გულში, აშშ-ის უდიდეს ქალაქში, ქართველები იდგნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ თავიანთ დებსა და ძმებს. ვფიქრობ, რასაც აქ ვხედავთ, დაახლოებით იგივეა. ჩვენ ვართ აქ, რათა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს დებსა და ძმებს სამშობლოში”.

აქციის დაწყებიდან მის დასრულებამდე მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშით იდგა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ტრამპის პოლიტიკას უჭერენ მხარს. კითხვაზე, რა შუაშია ამ პროცესებთან ეს დროშა, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ტრამპი “ეროვნული პრეზიდენტია”, ეს კი – საქართველოს ეროვნული დროშა.

აქციის მიმდინარეობისას ადგილზე პერიოდულად ჩერდებოდა არაერთი ადამიანი, რომლებიც დემონსტრანტებს არ შეერთებიან, თუმცა მათ გზავნილებს უსმენდნენ. ერთ-ერთი მათგანი – რობერტო – რომელიც თავადაც წლების მანძილზე ცხოვრობდა აშშ-ში, იზიარებს მოსაზრებას, რომ არსებობს კავშირი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასა და რასიზმს შორის და ეს მხოლოდ ერთეული გადაცდომა არ ყოფილა. თუმცა ემიჯნება აშშ-ში ადამიანთა ჯგუფების მიერ ჩადენილ ვანდალურ აქტებს:

“პოლიციის მხრიდან ძალადობა არ არის კარგი. ასევე, ვხედავთ სიტუაციას, როცა საკუთრებები ნადგურდება და ეს არ არის პროტესტის კარგი გზა, რადგან ადამიანები ბევრს მუშაობენ ამ ბიზნესისთვის და მე, როგორც ბიზნესმენს, არ მომეწონებოდა, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავი. მესიჯი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებას, შეგვიძლია, ვიყოთ უკეთესნი, ღმერთი ყველას აჩენს თანასწორად და ადამიანი უნდა განისაჯოს არა მისი კანის ფერის, არამედ ხასიათის, პიროვნების მიხედვით.

ჯორჯ ფლოიდი რომ თეთრი ყოფილიყო, მას ასე არ მოექცეოდნენ – მიწაზე ასე არ დააწვენდნენ. იქ იქნებოდა საუბარი, წახვედი, რათა 20 დოლარი მიგეღო, ღმერთო ჩემო, რა მოხდა… ხშირ შემთხვევაში, ფერადკანიან ადამიანებს არ აქვთ იმდენი პრივილეგია, რომ მასთან საუბარს შეეცადონ, როგორც ეს თეთრკანიანი ადამიანების შემთხვევაში ხდება. ასე რომ, ვფიქრობ, რომ დიახ, ძალიან დიდი კორელაციაა რასიზმსა და ამ სიტუაციას შორის”.

აქცია თბილისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მიმდინარე დღეებში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გასცდა აშშ-ის ქალაქებს და არაერთი სახელმწიფო მოიცვა. სხვადასხვა მასშტაბის აქციები გაიმართა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოებში, ევროპასა და აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. გზავნილები ძირითადად ერთმანეთს ემთხვევა.

ჯორჯ ფლოიდის საქმე

46 წლის ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში 25 მაისს მოკლეს. პოლიციის განცხადებით, ადგილზე მისვლისას მათ დააკავეს 46 წლის შავკანიანი მოქალაქე, რომელიც თავის ავტომანქანაში იმყოფებოდა. მედიის ცნობით, პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ფლოიდმა მაღაზიაში ყალბი კუპიურის გამოყენება სცადა.

ფლოიდის დაკავებისას, უკვე პოლიციის მანქანასთან სამართალდამცავებმა ძირს დააწვინეს, ერთ-ერთმა მათგანმა, დერეკ ჩაუვინმა კი ყელზე მუხლი დაადო. დაკავებისას ადგილზე იყვნენ თვითმხილველები, რომელთა გადაღებული ვიდეოებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

„ვეღარ ვსუნთქვავ“; „მომკლავენ“ – ისმის ფლოიდის ხმა ვიდეოში. თუმცა, მიუხედავად ამ თხოვნისა, პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში ფლოიდის კისერს მუხლით აწვებოდა. ფლოიდი შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.

ფლოიდის სიკვდილს მასობრივი აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები აპროტესტებენ ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობირივ მოპყრობას და ქვეყანაში სისტემური რასიზმისა და პოლიციური რეჟიმის არსებობაზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი