ახალი ამბები

ლიეტუვა სომხეთში მედიკოსებს გზავნის Covid-19-თან ბრძოლაში დასახმარებლად

10 ივნისი, 2020 • 2337
ლიეტუვა სომხეთში მედიკოსებს გზავნის Covid-19-თან ბრძოლაში დასახმარებლად

ლიეტუვა აპირებს, დაეხმაროს სომხეთს Covid-19-თან პანდეიმასთან ბრძოლაში. სომხეთს ამჟამად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება უდგას.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა 10 ივნისს ტვიტერზე დაწერა, რომ ლიეტუვის მთავრობამ გადაწყვიტა, სომხეთში მედიკოსთა ჯგუფი და ექსპერტები გაგზავნოს, რათა ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარონ.

„ერთად გადავლახავთ ყველა განსაცდელს“, – დაწერა მან სომხურ ენაზე.

სომხეთის ელჩმა ლიეტუვაში, ტიგრან მკრტიჩიანმა, მადლობა გადაუხადა ლინკევიჩუსს.

10 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 428 და გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 775 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით 14103 ადამიანია ინფიცირებული; გარდაცვლილია 227, ხოლო გამოჯანმრთელებულია 5000-ზე მეტი ადამიანი. ჩატარებულია 73156 ტესტირება.

6 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ორი პაციენტი გარდაიცვალა იმის გამო, რომ რეანიმაციებში ადგილები აღარ არის.

მანვე განაცხადა, რომ ამჟამად Covid-19-ით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდებოდა ჰოსპიტალიზაციაზე რიგს, რადგან კლინიკებში ადგილები აღარ აქვთ.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის ჩვენი დღევანდელი სისტემა ისეთი დატვირთვით მუშაობს, რომ ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებში იმ პაციენტების მოთავსება, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ“, – თქვა მან.


ნახეთ ასევე: სომხეთში შექმნილი რთული ეპიდემიური ვითარების ფონზე, საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა სომხეთის მთავრობას ხელოვნური ვენტილაციის 27 აპარატი გაუგზავნეს.

“დავეხმაროთ სომხეთს” – საქართველოს მთავრობის მისამართით პეტიცია შეიქმნა

მასალების გადაბეჭდვის წესი