ახალი ამბები

“დავეხმაროთ სომხეთს” – საქართველოს მთავრობის მისამართით პეტიცია შეიქმნა

4 ივნისი, 2020 • 3088
“დავეხმაროთ სომხეთს” – საქართველოს მთავრობის მისამართით პეტიცია შეიქმნა

კორონავირუსის პანდემიის მიმართულებით საქართველოს მხრიდან სომხეთის დასახმარებლად პეტიცია შეიქმნა. პეტიციის მიხედვით, მეზობელი ქვეყნის დახმარებაში სომხეთისთვის პაციენტების საქართველოში მკურნალობის შეთავაზება იგულისხმება.

“ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ განიხილოს მეზობელი ქვეყნის დახმარება ასეთ რთულ დროს. დახმარებაში ვგულისხმობთ სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთებას მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად”, – წერია პეტიციაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან ამ დრომდე დახმარების თხოვნა არ მიუღიათ, თუმცა, თუ მეზობელი ქვეყანა აღნიშნული თხოვნით მიმართავს საქართველოს, NCDC მზად არის კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს სომხურ მხარეს.

4 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის უწყებამ ბოლო 24 საათში Covid-19-ით ინფიცირების 697 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ეს ერთ დღეში გამოვლენილი შემთხვევების მორიგი „ანტირეკორდია“. ბოლო მონაცემებით, ჯამში, 11,221 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ნიკოლ ფაშინიანმა 4 ივნისის დილას ფეისბუკის ლაივში განაცხადა, რომ „სიტუაცია უარესდება“ და ახლა უკვე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციას დროულად  ვერ მოახერხებენ, რადგანაც კლინიკები გადატვირთულია.

ფაშინიანის თქმით, მთავრობის დაშვებით, „დღეს დაახლოებით 20000 ინფიცირებული ადამიანია ქვეყანაში, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან, ეს არც მათ გარშემო მყოფებმა იციან და ეს ადამიანები ხდებიან ინფექციის ძირითადი გამავრცელებლები“.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო მძიმე შედეგებისგან თავის ასარიდებლად, „ახლანდელი სიტუაცია საჭიროებს, რომ ყოველი მოქალაქე სხვებს მოეპყრას ისე, როგორც ინფექციის პოტენციურ მატარებელს“.

პრემიერის განცხადებით, დღეიდან ნიღბის ტარება სავალდებულოა ყველგან, გარდა სახლისა. მისი თქმით, „საჭიროა, სომხეთში დაიწყოს ანტიეპიდემიური მოძრაობა“, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები თვალყურს ადევნებენ ერთმანეთს, რათა ანტიეპიდემიური წესები დაიცვან; გამოაქვეყნონ დარღვევის ფაქტების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა ფეისბუკზე და ა.შ. „რაც შედეგებამდე მიგვიყვანს, ეს არის ჩვენი ინდივიდუალური მოქმედებები“, – განაცხადა მან.

ეპიდემიის ხელახალი და მზარდი გავრცელების ფონზე ფაშინიანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ Covid-19 დაუდასტურდა, მოქალაქეებს კვლავ მკაცრად მოუწოდებს, სოციალური დისტანცირების ნორმა და პანდემიასთან დაკავშირებული სხვა წესები დაიცვან.

2 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ 1-დან 3 დღემდე ვადაში უნდა გამოასწორდეს მდგომარეობა ქვეყანაში ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაცვის მხრივ.

მან ფეისბუკზე მოქალაქეებს მოუწოდა, გაუგზავნონ ფოტო-ვიდეომასალები, სადაც ჩანს, როგორ ირღვევა ასეთი შეზღუდვები და მას შემდეგ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე არაერთი ასეთი შემთხვევის ამსახველი ფოტო თუ ვიდეომასალა გააზიარა კიდეც.

ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს სხვადასხვა საჯარო სივრცე — ბანკები, ფოსტები, საქალაქო ტრანსპორტი თუ მაღაზიები, სადაც მოქალაქეები ერთმანეთთან ახლოს დგანან და დისტანციას არ იცავენ, ზოგს კი პირბადეც არ უკეთია.

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა. აპრილის დასაწყისში ახალი შემთხვევების რიცხვმა გარკვეულწილად კლება დაიწყო, თუმცა აპრილის შუა რიცხვებიდან კვლავ დაიწყო ზრდა. 4 მაისს, იმის მიუხედავად, რომ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებული იყო, სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გააუქმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი